სიახლეები

პარლამენტის წარმომადგენელი: ფარული თვალთვალი კონსტიტუციურია

28.05.2015 • 1267
პარლამენტის წარმომადგენელი: ფარული თვალთვალი კონსტიტუციურია

 

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის სახელით გამოდის, განმარტა, რომ კანონი, რომელსაც ასაჩივრებენ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეებს კანონიერად უსმენენ: „სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პირის კონტროლის მექანიზმი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე”. მისივე განმარტებით, ამის  ერთ-ერთი მიზანია დანაშაულის გახსნა.

 

მოსარჩელეების მთავარი არგუმენტი კი, რის გამოც კანონის გაუქმებას ითხოვენ, პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია. ეს უფლება ირღვევა, მაგალათად იმ შემთხვევაში, როცა შს სამინისტრო აკონტროლებს ვის ურეკავ, საიდან და რატომ? გარდა ამისა, სახელმწიფოსთვის ცნობილია პირის კომპიუტერში არსებული მონაცემები. სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ აკონტროლონ, თუ კონკრეტული ადამიანი  საკუთარი კომპიუტერიდან რომელ საიტზე შევიდა, რამდენს ხანს დარჩა ამ საიტზე და სად იმყოფებოდა მოცემულ დროს.

 

მოპასუხემ, ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამას სასამართლოს დადგენილება სჭირდება. თუმცა მოპასუხისავე განმარტებით, სასამართლოს მიერ თვალთვალის დაკანონებას სამართალდამცავები მხოლოდ მაშინ ითხოვენ, როცა კონკრეტული მასალის  სასამართლოში გამოყენებას გეგმავენ.

 

სასამართლო შესვენების შემდეგ მხარეებს კითხვებს დაუსვამს.

 

საკონსტიტუციო სასამართლო მოგვიანებით გადაწყვეტს მიიღებს თუ არა აღნიშნულ სარჩელს წარმოებაში. 

შარშან სასამართლომ 1637-ჯერ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მიენიჭებინათ ადამიანებისთვის თვალთვალის უფლება, ბოლო 16 თვის განმავლობაში კი იგივე უფლება მთლიანობაში 3228-ჯერ გაიცა.

გადაბეჭდვის წესი