მთავარი,სიახლეები

„საქართველოს ფოსტა“ ისევ უკანონო გადაწყვეტილებაში ამხილეს

24.11.2017 • 3087
„საქართველოს ფოსტა“ ისევ უკანონო გადაწყვეტილებაში ამხილეს

„საქართველოს ფოსტამ“ ხელახლა წააგო სასამართლო დავა ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ. სასამართლოს წინა გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემდეგ,  „საქართველოს ფოსტას“ ისევ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება დაუდასტურა სასამართლომ.

„საქართველოს ფოსტის“ ადმინისტრაციას 2012 წლიდან დღემდე არავინ სთხოვს პასუხს უკანონო გადაწყვეტილებების გამო. ადამიანის უფლებების დარღვევის გარდა იზრდება კომპენსაციის ოდენობა, რაც ამ სახელმწიფო შპს-მ უნდა გადაუხადოს ყოფილ თანამშრომლებს. „საქართველოს ფოსტამ“ ათობით თანამშრომელი 2012 წელს გაათავისუფლა.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამჯერად „საქართველოს ფოსტის“ ყოფილი 6 თანამშრომლის სარჩელი დააკმაყოფილა. ექვსივე თანამშრომელს სასამართლოს ყველა ინსტანცია მოგებული ჰქონდა, თუმცა ფოსტამ ისინი ბათუმის ნაცვლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღადგინა, მაგალითად, ხულოში, შუახევში, ოზურგეთში… სასამართლო პროცესზე „საქართველოს ფოსტის“ იურისტებმა შეგებებული სარჩელით ყოფილ თანამშრომლებს პირიქით, გაფიცვაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა.

სამსახურში აღდგენის გარდა „საქართველოს ფოსტამ“ განაცდური უნდა გადაუხადოს ყოფილ თანამშრომლებს და თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელფასის 0.07 %. სასამართლო ამ ვადას 2016 წლის 22 იანვრიდან ითვლის, როცა უზენაესმა სასამართლომ ფოსტის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი დააკმაყოფილა.

რა გამორიცხავს იმას, რომ ისევ იმავე წრეზე არ წავა „საქართველოს ფოსტა“? – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, მირზა მამულაძე ამბობს, რომ ასე თუ მოხდება, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან გვექნება საქმე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ამჯერად სასამართლომ თქვა, რომ ბათუმის ოფისის ყოფილი თანამშრომლის ხულოში აღდგენა არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება,“ – აღნიშნავს მირზა მამულაძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ფოსტის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს იცავს სასამართლოში.

„საქართველოს ფოსტის“ კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა – ლელა  რაზმაძემ რამდენიმე თვის წინ მოუგო ხელახლა სასამართლო დავა დამსაქმებელს. ლელა რაზმაძეც ბათუმის ოფისში მუშაობდა და ის ხულოში აღადგინეს. ხელვაჩაურის სასამართლომ თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდა. „საქართველოს ფოსტამ“ ლელა რაზმაძის სამსახურში აღდგენის ნაცვლად, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ეს საქმე აღსრულების ეტაპზეა.

რას ნიშნავს, როცა სახელმწიფო შპს სასამართლოს გადაწყვეტილებას თავს არიდებს და უკანონო გადაწყვეტილების გამო ყოველდღიურად იზრდება კომპენსაციის ოდენობა?

მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, რაც ხაზს უსვამს შრომითი უფლებების უთანასწორობას და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ჩემი აზრით, უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამჯერად ფოსტის სამი თანამშრომლის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს ის შემთხვევები იყო, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით „საქართველოს ფოსტამ“ სამსახურში თანამშრომლები ბათუმთან შედარებით ახლოს – ქობულეთსა და ქედაში აღადგინა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ ქობულეთისა და ქედის სერვისცენტრებში მოსარჩელეთა აღდგენა არ არღვევდა ტოლფასოვნების კომპონენტს. კიდევ ერთ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით –  მან დამსაქმებელს გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ მოსთხოვა დასაბუთება.

ამ თემაზე:

როგორ აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას „საქართველოს ფოსტამ“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: