მთავარი,სიახლეები

სოციალურ უფლებებზე საქართველოს გაეროსთვის ანგარიში ბოლო 15 წელი არ გაუგზავნია

22.11.2017
სოციალურ უფლებებზე საქართველოს გაეროსთვის ანგარიში ბოლო 15 წელი არ გაუგზავნია

„ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურის საკითხების პრობლემებზე ანგარიში საქართველოს გაეროსთვის 2002 წლის შემდეგ არ გაუგზავნია,“ – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ფანიაშვილი. მან ამის შესახებ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 22 ნოემბერს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე ისაუბრეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლემა შეხვედრის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა პროცესში ჩაერთონ, რადგან სამინისტრო წლის ბოლომდე, ან მომავალი წლის დასაწყისში აპირებს თხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ ანგარიში გაუგზავნოს გაეროს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე, ასევე კულტურის საკითხებზე.

საქართველომ 1996 წლიდან აიღო ვალდებულება მსგავსი ანგარიშის წარდგენაზე. ოფიციალური ვალდებულების მიუხედავად, საქართველო გაეროს ანგარიშებს აწვდის პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე, სოციალური მიმართულებით – არა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაეროს შესაბამისი კომიტეტი საჯაროდ განიხილავს მას და დასკვნით მოსაზრებებს, ანუ რეკომენდაციებს უგზავნის ქვეყნის მთავრობას.

რის გამო არ გაუგზავნა საქართველომ ანგარიში გაეროს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ აქამდე ამის მომზადება ვერ მოხერხდა, რადგან ძირითადი აქცენტი იყო პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე.

„სახელმწიფოს ამისთვის არ ეცალა… შესაძლებელი იყო ეს ანგარიში მოემზადებია არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მაგრამ მათაც არ ეცალათ. ახლა ჩვენ ჩამოვიყვანეთ საქართველოში გაეროს წარმომადგენელი, რომელიც ტრენინგს უტარებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს, თუ როგორ უნდა მომზადდეს ეს ანგარიში. ჩვენ ასევე გვჭირდება მაღალი სამოქალაქო აქტიურობა,“ – აღნიშნა გიორგი ფანიაშვილმა. მისი თქმით, არ არის განსაზღვრული კონკრეტული სამთავრობო უწყება, რომელიც ანგარიშის გაგზავნაზე იყო პასუხისმგებელი.

გაატარა თუ არა გაერომ რაიმე სახის სანქცია იმის გამო, რომ ანგარიში საქართველომ არ წარადგინა? – გიორგი ფანიაშვილმა ამ კითხვის პასუხად თქვა, რომ „აქამდე გაეროდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე რბილი შენიშვნის წერილი მიიღო.“

საინფორმაციო შეხვედრა ადამიანის უფლებებზე პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს თანამშრომლობით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: