სიახლეები

100 წელი გენოციდის შემდეგ – მედიაფორუმი ერევანში

18.03.2015 • 1465
100 წელი გენოციდის შემდეგ – მედიაფორუმი ერევანში

 

მედიაფორუმს ესწრებიან ჟურნალისტები მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. ორგანიზატორების განცხადებით ასეთი ღონისძიების გამართვა ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნისა თუ მასმედიის წარმომადგენელთა ახლო კონტაქტს, აზრთა გაცვლას და რაც მთავარია სომხეთის, სომეხი მოსახლეობის გაცნობას. მედიაფორუმი სომხეთის მთავრობის მიღებათა სახლის შენობაში იმართება.

 

მედიაფორუმში მონაწილეობენ მედიაკონგრეს „ჟურნალისტთა თანამეგობრობის“ პრეზიდენტი აშოტ ჯაზოიანი, სომხეთის პრეზიდენტის აპარატთან არსებული მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი არა საგატელიანი, სომხეთის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი (მედია ფორუმის მთავარი კოორდინატორი] ვიგენ სარგსიანი, ასევე სხვა ოფიციალური პირები, სომხურ დიასპორათა წარმომადგენლები. დღის ბოლოს დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან.
მედიაფორუმის მთავარი თემა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავია. 


როგორც ცნობილია, სომეხი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები 1915–1918 წლებში განვითარებულ მოვლენებს ოსმალეთის იმპერიის მიერ ეთნიკური ნიშნით სომხების მასობრივ მკვლელობას გენოციდად მიიჩნევენ. მათი მტკიცებით, ოსმალთა იმპერიამ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე 1,5 მილიონამდე სომეხი დახოცა.

სომხების გენოციდი აღიარებულია და გასამართლებულია ბევრი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. პირველმა, ოფიციალურად, ურუგვაიმ აღიარა და გაასამართლა სომხების გენოციდი [1965წ.]. 1984 წელს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 1987 წელს – ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, გაერომ დისკრიმინაციის შეწყვეტისა და ეთნიკური უმცირესობების დასაცავად, მსოფლიო ეკლესიათა კავშირმა და ა. შ. სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა მსოფლიოს 20-მდე ქვეყანამ.

სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ 24 აპრილია დაწესებული. ამ პერიოდისთვის წელს ერევანში უამრავ სტუმარს ელოდებიან, მათ შორის იმ ქვეყნების პირველ პირებს, რომლებმაც აღიარეს გენოციდი. „საფრანგეთის პრეზიდენტი აუცილებლად ჩამოვა აპრილში. ჩვენც ტრადიციული მსვლელობებითა და ანთებული სანთლებით კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გენოციდის მსხვერპლთ. ტრადიციად აქციაზე თურქეთის დროშის დაწვაც იქცა, წელსაც ასე მოხდება, ალბათ. ჩვენ გვინდა მთელი მსოფლიოს ყურადღება მივიპყროთ, რათა ისეთი საშინელება, როგორიც 100 წლის წინ მოხდა, არსად არ განმეორდეს“ – ამბობენ ერევანში. 


გადაბეჭდვის წესი