განათლება,მთავარი,სიახლეები

რა შედეგები აჩვენეს საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა საერთაშორისო კვლევაში – PISA

08.09.2026
რა შედეგები აჩვენეს საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა საერთაშორისო კვლევაში – PISA

დღეს, 8 სექტემბერს, ცნობილი გახდა PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგების შესახებ. PISA – მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა –  2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. 2025 წელს ამ კვლევაში 91-მა ქვეყანამ და ეკონომიკამ (ცალკე მონაწილე ტერიტორია ან ერთეული) მიიღო მონაწილეობა.

PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგების მიმოხილვა ქართულ ენაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზაობას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ყოველ ციკლში სამი სფეროდან ერთ-ერთი ე. წ. წამყვან სფეროს წარმოადგენს. 2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო.

მთლიანობაში, კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში, 2022 წელთან შედარებით მოსწავლეთა საშუალო შედეგები გაუმჯობესდა როგორც მათემატიკაში, ისე კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. თუმცა, ამავე დროს, პროგრესი, ძირითადად, დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილის შემცირებას უკავშირდება.

  • მოსწავლეთა მიღწევები სხვადასხვა ჭრილში

განსხვავებები სქესის მიხედვით – საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და კითხვაში გოგონები ბიჭებზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. განსხვავება განსაკუთრებით მკვეთრია კითხვაში.

მათემატიკაში კი სქესის მიხედვით განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

გრძელვადიანი ტენდენციის ანალიზი აჩვენებს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მათემატიკაში სქესის მიხედვით ქულათა შორის სხვაობა სტაბილურია წლების განმავლობაში.

კითხვაში 2015 წლის შემდეგ ბიჭებისა და გოგონების ქულებს შორის სხვაობა ყველაზე დიდი იყო, შუა ციკლებში შედარებით იკლო, ხოლო ბოლო ციკლის განმავლობაში კვლავ მცირედით გაიზარდა.

  • განსხვავებები სკოლის მახასიათებლების მიხედვით

შეფასების თანახმად, საქართველოში სკოლის ტიპის (კერძო, საჯარო), ადგილმდებარეობის (ქალაქი, სოფელი), ისევე როგორც სწავლების ენის მიხედვით, მოსწავლეთა მიღწევებში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები იკვეთება.

ეს განსხვავებები განსაკუთრებით მკვეთრია სკოლის სტატუსის მიხედვით – კერძო სკოლებში მოსწავლეების მიღწევის საშუალო მაჩვენებლები მაღალია (მათემატიკაში ეს მაჩვენებელი OECD ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებლის ტოლია).

ასევე, მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო დაბალია იმ სკოლებში, სადაც სწავლების ენა აზერბაიჯანულია.

სკოლის მახასიათებლების მიხედვით განსხვავებების ეს საერთო სურათი მსგავსია ყველა ძირითადი სფეროს შემთხვევაში.

  • განსხვავებები საშუალო მიღწევაში სკოლის მახასიათებლების მიხედვით (2025 წელი)

განსხვავებები სკოლის ტიპის მიხედვით

განსხვავებები სკოლის ტიპის მიხედვით

„დეკადის ტენდენციის ანალიზი აჩვენებს, რომ სკოლის სტატუსის მიხედვით სხვაობები კერძო და საჯარო სკოლებს შორის სტაბილურია, დასახლების ტიპის მიხედვით განსხვავებები კი დროთა განმავლობაში იკლებს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში ქულებს შორის სხვაობის ამ შემცირების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი სოფლისა და დაბის სკოლების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებაა. კითხვის შემთხვევაში სხვაობა ძირითადად თბილისის მოსწავლეების შედეგების გაუარესების ხარჯზეც შემცირდა“- წერია შეფასებაში.

  • სწავლის სურვილის კომპონენტი

ქართველი მოსწავლეების თვითშეფასება საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე დაბალია ე. წ. სწავლის სურვილის კომპონენტში, როგორც ცნობისმოყვარეობის, ისე შეუპოვრობის თვალსაზრისით.

ამ კომპონენტში შედარებით დაბალი მაჩვენებლები, ირიბად, სწავლისათვის ნაკლებ მოტივაციაზე მიგვანიშნებს.

ამის საპირისპიროდ, კოგნიტური ადაპტურობის, მიზანდასახულობისა და ზრდაზე ორიენტირებული აზროვნების კომპონენტებში საერთაშორისო საშუალოზე მაღალი შედეგები დაფიქსირდა.

საქართველოს მოსწავლეებს სწავლის პროცესში საკუთარი თავის იმედი აქვთ – ისინი სწავლის შედეგებს უფრო მეტად საკუთარ ძალისხმევას და არა თანდაყოლილ შესაძლებლობებს ან გარემო პირობებს მიაწერენ.

საყურადღებოა, რომ საქართველოში შედარებით მცირეა ისეთი მოსწავლეების წილი, რომლებიც არსებულ სამეცნიერო ცოდნას არა ფიქსირებულ, შეუვალ ჭეშმარიტებად, არამედ არასრულყოფილ და მუდმივად ცვალებად (განვითარებად) კონსტრუქტად მიიჩნევენ.

„ამგვარი ეპისტემიური წარმოდგენები ხშირად ხელს უშლის მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. საქართველოს წარმომადგენელ მოსწავლეებს, აგრეთვე, შედარებით უჭირთ სწავლის პროცესში დახმარებისთვის მიმართვა“- წერია კვლევაში.

მთლიანობაში, PISA-ში მონაწილე ყველა ქვეყნის მასშტაბით კომპეტენტური მსწავლელის პირველი და მეორე განზომილების (მიღწევების და ჩართულობის) შედარება აჩვენებს, რომ განათლების სისტემები, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევის მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ყოველთვის არ ლიდერობენ მოსწავლეთა ჩართულობის განზომილებაში.

„ეს განსხვავება მიუთითებს, რომ მაღალი აკადემიური შედეგები ყოველთვის არ არის დაკავშირებული მოსწავლეთა მაღალ ჩართულობასთან და – პირიქით.

მაგალითად, საქართველოში მოსწავლეთა მიღწევის დაბალი მაჩვენებლების ფონზე მოსწავლეთა სწავლაში ჩართულობის კუთხით არაერთგვაროვანი (გარკვეულ კომპონენტებში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები) ფიქსირდება.

PISA- მოსწავლეთა საშუალო მიღწევაზე სოციოეკონომიკური სტატუსის გავლენის ამპლიტუდა (საქართველო და საერთაშორისო კონტექსტი)

  • უსაფრთხოება სკოლაში

უსაფრთხო და სამართლიანი სასწავლო გარემოს კომპონენტშიც მოსწავლეთა შეფასებები საქართველოში არაერთგვაროვანია. კერძოდ:

მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასკოლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების მაჩვენებელი და სკოლაში დისციპლინისა და ბულინგის არარსებობის დონის შეფასებები საქართველოში საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;

ასევე, მოსწავლეები, PISA-ს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს.

თუმცა, საქართველოში, OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეთა გაცდენები.

ეს ლოკალური სურათი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან PISA-ს მასშტაბით სკოლის უმიზეზოდ გაცდენა მნიშვნელოვან მიმდინარე გამოწვევას წარმოადგენს. საყოველთაო პრობლემის ფონზე საქართველოს სურათი კიდევ უფრო მწვავედ გამოიყურება.

PISA – დიაგრამა სკოლაში უსაფრთხოებაზე.

„თანასწორობის ინდიკატორების ზოგადი ანალიზი მიუთითებს, რომ საქართველოში სოციოეკონომიკური სტატუსის გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე შედარებით სუსტია OECD-ის ქვეყნებთან შედარებით, თუმცა ეს მაჩვენებელი მიღწევის მაჩვენებელთან კომბინაციაში უნდა განვიხილოთ.

2025 ციკლშიც (სხვა ციკლების მსგავსად) საქართველოს მოსწავლეთა შედეგები კვლავ დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ თანასწორობის მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა მთლიანობაში ქვეყნისათვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“ – წერია შეფასების დოკუმენტში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: