მთავარი,სიახლეები

„როგორ ინაწილებენ აჭარაში რეგიონის ქონებას ოცნების დონორები“ – „გამჭვირვალობის“ კვლევა

09.09.2026
„როგორ ინაწილებენ აჭარაში რეგიონის ქონებას ოცნების დონორები“ – „გამჭვირვალობის“ კვლევა

აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების გასხვისება ხშირ შემთხვევაში კონკურენციის გარეშე, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს – აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ ამ პროცესის ფორმალურობასა და საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია – შპს „გოდე 2026“ – უშუალოდ აუქციონის მიმდინარეობისას, მის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დაფუძნდა.

კვლევა – „გაყიდული აჭარა: როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები“ – „გამჭვირვალობამ“ დღეს, 9 სექტემბერს გამოაქვეყნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწყობილი ელექტრონული აუქციონები, რომელთა მიზანი აჭარის უძრავი ქონების პრივატიზაცია იყო. ამ პერიოდში სამინისტრომ სულ 69 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

„კვლევის ძირითადი მიგნებები აჩვენებს შემდეგ მანკიერ კანონზომიერებებს:

უკონკურენტო პრივატიზაციის პრაქტიკა: 2025 წლის იანვრიდან გამოცხადებული 69 ელექტრონული აუქციონიდან 54 არ შედგა. შემდგარი 15 აუქციონიდან 8 შემთხვევაში კი ქონება სრულიად უკონკურენტოდ, საწყის ფასზე მინიმალური ბიჯით გასხვისდა.

პოლიტიკური კავშირები და ნეპოტიზმი: პრივილეგირებულ სუბიექტებს შორის ვხვდებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარს (რომელმაც კურორტ გოდერძიზე მიწა მინიმალური, 3,300-ლარიანი ფასნამატით შეიძინა) და „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრ შოთა ფუტკარაძეს, რომელიც ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიას დაეუფლა.

ფინანსური გარიგებები და სახელმწიფო ტენდერები: აღნიშნული კომპანიების მფლობელებსა და მათ ოჯახის წევრებს მმართველი პარტიისთვის ჯამში 1,387,000 ლარი აქვთ შეწირული. თავის მხრივ, აუქციონებში გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ სახელმწიფოსგან, ტენდერების გზით, დამატებით 59.5 მილიონზე მეტი ლარი მიიღო (მათ შორის, თითქმის 16 მილიონი – უკონკურენტოდ).

ამგვარი პრაქტიკის პირდაპირი შედეგი სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი დანაკლისია. მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის ელიტა ქონებას მინიმალურ ფასად იფორმებს, აჭარის ბიუჯეტში დაგეგმილი 125 მილიონის ნაცვლად, გასხვისდა მხოლოდ 4.5 მილიონი ლარის უძრავი ქონება (გეგმის 3.6%)“ – წერს ორგანიზაცია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 2 კომპანიის წილის მფლობელები, დირექტორები და ოჯახის წევრები მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,387,000 ლარი შესწირეს.

„მათ შორის 1-მა კომპანიამ (შპს „ნოვა) აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო, ხოლო მეორე კომპანიის დირექტორი და 50% წილის ბენეფიციარი მესაკუთრე, „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, შოთა ფუტკარაძეა. შოთა ფუტკარაძის მამა, ოთარ ფუტკარაძეშპს „ბონდი 2009“-ის 25% წილის მფლობელი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. მათ სულ შეიძინეს 20,481 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 2 მიწის ნაკვეთი და 417.72 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 2 შენობა-ნაგებობა, რომლებიც კომერციულად მიმზიდველ ადგილზეა ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და სამრეწველო ზონაში“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ აუქციონებში გამარჯვებულმა 2 კომპანიამ (შპს „ნოვამ“ და შპს „ნიუ სთაილმა“) სახელმწიფო შესყიდვებიდან, დაფუძნებიდან დღემდე, ჯამში მიიღეს 59,540,688 ლარის შემოსავალი. მათ შორის, უკონკურენტოდ მოიგეს 15,862,903 ლარის ჯამური ღირებულების 50 ელექტრონული ტენდერი.

„არშემდგარი აუქციონების შედეგად ვერ შესრულდა შესაბამისი წლების აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა. კერძოდ, 2024 წელს უძრავი ქონების პრივატიზაციიდან დაგეგმილი იყო 112,650,000 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო ფაქტობრივად მიიღეს  22,835,500 ლარი. 2025 წლის 9 თვეში დაგეგმილი იყო 125,055,555 ლარის უძრავი ქონების გასხვისება, რის ნაცვლად გასხვისდა 4,500,200 ლარის უძრავი ქონება ანუ გეგმის 3,6%“ – წერს „გამჭვირვალობა“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: