განათლება,მთავარი,სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაციაში სამინისტრომ ცვლილება შეიტანა

03.03.2026
პირველკლასელთა რეგისტრაციაში სამინისტრომ ცვლილება შეიტანა

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში, პირველ კლასში რეგისტრაციას 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი“ – ამბობს გივი მიქანაძე.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მიიღო.

„ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება იქცა განხილვის საგნად. პირადად შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მშობლებს, რომელთაგან სასკოლო ასაკის გარდა, არაერთ აქტუალურ საკითხზე მივიღე გადაწყვეტილება.

ამასთან, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვას და განცხადებას, ამის შემდეგ შევჯერდით და მივიღეთ გადაწყვეტილება.“ – ამბობს მიქანაძე.

„ქართული ოცნების“ ე.წ რეფორმის კონცეფციის წარდგენა 2025 წლის დეკემბერში მოხდა. მაშინ ითქვა, რომ პირველ კლასში რეგისტრაცია შეეძლოთ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი, 15 სექტემბრამდე უსრულდებოდათ.

„ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესი“- განაცხადა გივი მიქანაძემ. თუმცა მიქანაძეს არ განუმარტავს, რატომ დაუშვეს გამონაკლისი წელს, თუკი მშობლების და სასკოლო საზოგადოების აზრი ამ თემაზე განსხვავებულია? მომავალ წელს მშობლებს განსხვავებული ინტერესი ექნებათ?

თუ წელს შეუძლია სკოლაში წასვლა 31 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვს, რატომ არ შეუძლიათ ამ წესით ისარგებლონ სხვა ბავშვებმაც მომდევნო წლებში?

რატომ არ მოხდა ჯერ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და შემდეგ, ამ გადაწყვეტილების მიღება და რატომ ხდება ყოველთვის პირიქით და ხომ არ არღვევს მსგავსი გადაწყვეტილებები თანასწორობის პრინციპს? – ეს კითხვები ახლაც პასუხგაუცემელია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: