„ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებში ისმოდა როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების ხმაც. ბათუმშიც რამდენჯერმე გამოვიდნენ პედაგოგები ახალი არჩევნებისა და ევროინტეგრაციის განახლების მოთხოვნით, თუმცა 2025 წელს პედაგოგები მასობრივად აღარ შეერთებიან საჯარო პროტესტს. სად არიან პედაგოგები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სკოლა „ევრო-2000“-ის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, მალხაზ ჭკადუას ესაუბრა.
- მალხაზ, ბათუმში გვახსოვს სკოლის პედაგოგების მიერ გამოხატული პროტესტი, როცა ძალადობა დაგმეს და გადაკეტეს მთავარი ქუჩა პროტესტის ნიშნად, მეორედ კი პედაგოგები ილიას ძეგლთან შეიკრიბეთ. წელს ნაკლებია მათი აქტიურობა. რატომ, პროტესტი განელდა, თუ რეპრესიების ტალღამ იმოქმედა მათ აქტიურობაზე?
ცალკეული მასწავლებლები დგანან წინააღმდეგობაში. ყოველდღიურად მოდიან ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა თუ ზუგდიდში გამართულ აქციებზე და მათი ხმა ისმის. სხვა საკითხია, რატომ არ არის ეს ისე ორგანიზებული, როგორც თვე-ნახევრის ან ორი თვის წინ იყო, როცა თუნდაც ბათუმში ვახერხებდით პროფესიული ნიშნით გამოსვლას.
მახსოვს, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან 300-მდე მასწავლებელი შევიკრიბეთ, ჩვენი სკოლის პედაგოგების პროტესტიც მახსოვს, როცა საპოლიციო ძალების მიერ ადამიანების წამებასა და დასახიჩრებაზე გვქონდა პროტესტი და თავიანთი სათქმელი მიიტანეს საზოგადოებამდე.
შეიძლება ადამიანებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ცვლილებები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა მოხდებოდა მყისიერად, იმ დიდი ტალღის გათვალისწინებით, რაც აზვირთდა ქვეყანაში 28 ნოემბრის შემდგომ, მაგრამ შესაძლოა, გადაღლასთან ერთად გარკვეული იმედგაცრუებაც შეეპარათ.
როგორც მე ვიცი, წინააღმდეგობა, უკმაყოფილება და უკეთესი ცხოვრების მოთხოვნა არ გამქრალა. ეს იგრძნობა როგორც სკოლის კედლებში, იგრძნობა საზოგადოებაშიც.
ყველაზე მეტად, როგორც მოქალაქეს და მასწავლებელს, რაც არ მინდა, ეს არის შეგუება რეპრესიულ პოლიტიკასთან, ამ უპრეცედენტო მასშტაბის უსამართლობასთან, რაც ქვეყანაში ხდება.
ჩემთვის წარმოუდგენელია ასწავლიდე მე-19 საუკუნის თერგდალეულებს, ვასწავლიდეთ კარგი საჯარო მმართველობის პრინციპებს მაგალითების დონეზე, ვასწავლიდეთ საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიას და ამ თემებს არ ვაკავშირებდეთ იმ მოვლენებთან, რომელშიც ყველას გვიწევს ახლა ცხოვრება.
როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ პირველი რესპუბლიკის დროს მიღებულ კონსტიტუციაზე ან რანაირად შეიძლება ვილაპარაკოთ ბოლშევიკების მიერ, მათ შორის ქართველი ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციაზე 1921 წელს და არ ვაკავშირებდეთ ამ საკითხს ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებსა და პრობლემებთან;
ვლაპარაკობდეთ ქართული კულტურის კავშირზე ევროპულ ცივილიზაციასთან და არ ვლაპარაკობდეთ ევროინტეგრაციის შეწყვეტილ პროცესზე, რაც ისევ და ისევ მასწავლებლების, არქიტექტორების, მშენებლების, პოლიციელებისა და ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაზე აისახება, რომლებიც შეიძლება ახლა სხვადასხვა ნაპირზე ვდგავართ, მაგრამ საბოლოო ჯამში, პირველი, ვინც ზარალდება ამ ყველაფრით, არის სახელმწიფოს იდეა და მოქალაქე.
როგორ შეიძლება მოსწავლეებს საბჭოთა დიქტატურაზე ვუყვებოდეთ მასობრივი რეპრესიებისა და დისიდენტების დაპატიმრების მაგალითებზე და არ ვავლებდეთ პარალელებს დღევანდელ დრაკონულ კანონებთან და პოლიტიკურ დევნასთან.
წარმოუდგენელია, ვიხსენებდეთ საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლ ჟურნალისტს, ნაზი შამანაურს, რომელმაც 1982 წელს იმდროინდელი პარტიული ნომენკლატურა უკანონობაში ამხილა, რის საპასუხოდ, სისტემამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა, სადაც გარდაიცვალა კიდეც და არ ვსაუბრობდეთ მზია ამაღლობელზე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელი მედიის განვითარებას ქვეყანაში, რომელსაც მოძალადე პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებით ემუქრებიან.
თუ ამ პარალელებს არ გავავლებთ, მაშ, რისთვის არსებობს სკოლა, უნივერსიტეტი?
რა არის მიზანი: ატესტატი გადავცეთ მომხმარებლების მორიგ თაობას თუ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან დაიცვან კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ღირებულებები და ამით, ცხადია, საკუთარი თავიც?!
შეუძლებელი მგონია, ადამიანი საუბრობდეს ილიას „მგზავრის წერილებზე“ და არ ლაპარაკობდეს იმ აბსოლუტურად უგვანო და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკმაყოფილება და მათ შორის აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, ალბათ მალე იქცევა ჩვენს ყოველდღიურ რუტინად, რადგან გავახსენებ საზოგადოებას „ოცნების“ განათლების მინისტრის მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სკოლებში ოფიცრების შეყვანას გულისხმობს. აბსოლუტურად ბუნდოვანი უფლებამოსილების პირი იქნება სკოლაში, რომელსაც სავარაუდოდ ექნება იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე აქვს მანდატურს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს მექანიზმი სისტემამ გამოიყენოს სკოლებზე მორიგი ზეწოლისთვის.
- „ოცნების“ მინისტრმა თქვა, რომ ეს იყო ევროკავშირის რეკომენდაციაო. თუმცა ჩვენ ვხედავთ, როგორ შეაფერხა თავად „ოცნებამ“ ევროინტეგრაციის პროცესი. როგორ ფიქრობთ, რეალურად რა დანიშნულება ექნებათ ოფიცრებს?
არათუ რეკომენდაცია, ევროკავშირის მოთხოვნა იყო რომ ჩვენ, ევროინტეგრაციის გზაზე უნდა გვქონოდა სამართლიანი სასამართლო, უკეთესი საჯარო მმართველობა, ნაკლები პოლიტიკური პოლარიზაცია, ადამიანის უფლებების დასაცავად მეტი ძალისხმევა გაგვეღო, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ ასრულებს კი არა, ამას განიხილავს „უცხო ძალების“ ჩარევად ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და ეს რეკომენდაცია გახდა მხოლოდ აუცილებლად შესასრულებელი მათთვის?!
მგონია, რომ აქ მორიგი ბერკეტი შემოდის ისედაც პოლიტიზებულ ზოგად საგანმანათლებლო სივრცეში, რომ არაფერი ვთქვათ უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ეგრეთ წოდებული რეფორმირების პროცესზე.
- როცა ხედავენ მასწავლებლები, ლექტორები, თუ როგორ ცდილობს რეჟიმი გააჩუმოს ყველა კრიტიკული აზრი, იქნება ეს უნივერსიტეტების ავტორიზაციის თემა, მასწავლებლების ხელფასების საკითხი, დაშინება თუ სხვა რამ, განა უფრო მეტად არ უნდა იბრძოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ? პრაქტიკა ხომ გვაჩვენებს, რომ რეჟიმები ადვილად არ თმობენ ძალაუფლებას. თვითონ როგორ უყურებენ ამ პროცესს შიგნიდან?
მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ ყველა კოლეგას ვესაუბრო ამ თემაზე, თუმცა მათ დამოკიდებულებას აჩვენებს თუნდაც ადამიანებს ის რაოდენობა, რომელიც გამოდის წინააღმდეგობაში. მაგრამ არა მგონია, რომ ამ პროფესიის არსის გამგები ადამიანი ამა თუ იმ ფორმით, არ იყოს წინააღმდეგობაში ჩართული.
მე, მაგალითად, სამოქალაქო განათლებას როცა ვასწავლი და ვსაუბრობ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, ყოველთვის ვუსვამ მოსწავლეებს კითხვას, რეალურად გვაქვს თუ არა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი დაცული ქვეყანაში, გვაქვს თუ არა დემოკრატია და ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის კარგი პასუხები აქვთ ამაზე. ანუ მათი კრიტიკული დამოკიდებულება აჩვენებს, რომ მათ ძალიან სწორი აღქმა აქვთ და სწორად აფასებენ ამ ყველაფერს.
თუ მოსწავლეებს არ უჭირთ ამის შეფასება, მაშინ რანაირად უნდა აფასებდეს დადებითად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ესა თუ ის მასწავლებელი.
ახლა ისეთი დროა, ყველა დაგროვილი ცოდნა უნდა გავატაროთ დღევანდელ რეალობასთან კავშირში. თუ მოსწავლე გატაცებულია, ვთქვათ, საბუნებისმეტყველო საგნებით და ფიქრობს, რომ მომავალი ამ მეცნიერებას უნდა დაუკავშიროს, მაშინ უნდა გაიაზროს, რომ სწორედ ევროპული პროექტები აძლევენ დღეს მეცნიერებს განვითარების შესაძლებლობას, რომ უახლესი ცოდნა მიიღონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
„ქართულ ოცნებას“ კი, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ ემორჩილებიან მის უკანონო წესრიგს, მათრახი აქვს მომარჯვებული, მორჩილი ნაწილისთვის კი – ნამცხვარი.
ამაში ვგულისხმობ საბიუჯეტო ღონისძიებებს, რაღაც პროექტებს, რაშიც ცდილობენ ახალგაზრდების ჩართვას. ამ ყველაფერს კი, როცა სკოლებსა და უნივერსიტეტებს არ აქვთ რეალური ავტონომია, მოჰყვება ის, რაც მოხდა ბსუ-ში რექტორის არჩევისას, როცა უნივერსიტეტს „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს წევრი დაუნიშნეს რექტორად, რადგან ტიტე აროშიძის „არჩევა“ არ ყოფილა დემოკრატიული პროცესის შედეგი.
ამავე დროს პროტესტში მყოფი სტუდენტებისა თუ ლექტორ-მასწავლებლებისთვის აქვთ ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობები და ამით ცდილობენ მათ განეიტრალებას.
თუმცა ყველაფერი მაინც დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესზე. თუ ახალგაზრდები გააცნობიერებენ იმას, რომ ამ ქვეყანაში ევროინტეგრაცია უალტერნატივოა, რომ მათ ჰქონდეთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და იყვნენ კონკურენტუნარიანები, მკაფიოდ უნდა დასვან უნივერსიტეტის მეტი ავტონომიის საკითხი, დააყენონ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნა, რადგან თუ მათი დიპლომების აღიარება პრობლემა გახდება ევროკავშირის ქვეყნებში, ამავე დროს კი, თუ არ გაქვს დაცული ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, როცა გაქვს შერჩევითი სამართალი და პრაქტიკულად არაფერი აბალანსებს ოლიგარქიას, რა თქმა უნდა, შენ ვერც აკადემიური თავისუფლება გექნება.
- თუმცა ეს ყველაფერი არ მოდის ბრძოლისა და წინააღმდეგობის გარეშე ხომ, ამას აჩვენებს ილიაუნის ავტორიზაციის მაგალითიც.
დიახ, რა თქმა უნდა.
ევროპული გაგებით, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას და განვითარებას შორის მნიშვნელოვანი ჰარმონიული კვეთაა აკადემიური თავისუფლება. ამიტომ ჩვენ ვართ რეალობაში, სადაც ადამიანის თითოეული უფლება და ხალხისთვის საჭირო თითოეული სასიკეთო გადაწყვეტილება არის საბრძოლი.
ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციის დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოც კი აღარ არის, კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს, დავინახეთ, რომ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ აჯარიმებენ, რომ დგანან საკუთარი ქვეყნის დასაცავად და ამ დროს, პირები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მოქალაქეთა მასობრივ შეზღუდვაში, წამებაში, მორალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, თავისუფლად დადიან.
დარწმუნებული ვარ, სახელმძღვანელოებსაც შეცვლიან. სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოსაც მოუხსნიან გრიფირებას და შესაძლოა, მომდევნო სემესტრიდან გენდერულ თანასწორობაზე საუბარი გახდეს შეუძლებელი.
ამ წიგნებს შეცვლიან, სადაც ძალიან კარგი ხაზია გატარებული ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების, ტოლერანტობის, კანონის უზენაესობის და ამ ყველაფერს ამოიღებენ და დაგვიტოვებენ შინაარსისგან დაცლილ სახელმძღვანელოს, სადაც ფორმალურად დატოვებენ ჩანაწერს, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი დასაცავია და ასე შემდეგ.
- შეეგუებიან ამ ყველაფერს პედაგოგები?
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ვასწავლი ისე, როგორც უნდა ასწავლოს თანამედროვე სკოლამ თუ უნივერსიტეტმა, სხვანაირად წარმოუდგენელია.
არჩევნები საბჭოთა კავშირშიც ტარდებოდა და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაშიც იყო სიტყვა „დემოკრატია“ ნახსენები და თუ ასეთ დონეზე გადავედით, პირველ რიგში ეს ჩვენი, საზოგადოების მარცხი იქნება და ათეული წლები დასჭირდება შემდგომ ცვლილებებს.
მე კარგად მახსოვს, ლადო აფხაზავას როგორი სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებმა, როცა ჯარიმის გადასახდელი თანხის შეგროვებაში დაეხმარნენ. 6 ათასზე მეტი პედაგოგი იყო სოლიდარობის ამ აქციაში ჩართული და ამ ქვეყანაში თუ ამ ადამიანებმა შეძლეს და ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს საკუთარ კოლეგას, დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს ეყოფათ იმის გამბედაობა და მოქალაქეობა, რომ მოითხოვონ ცვლილებები.
ისტორიის მაგალითებიდან ვიცით, თუ რა შეუძლია ერთ ადამიანს, ერთ ხმას და ამიტომაა, რომ ახლა სიტყვაა, საწერ-კალამია თუ სხვა რამ, მომარჯვებული უნდა იყოს იმისთვის, რომ მშვიდობიანად მივაღწიოთ ცვლილებებს – პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების დახსნას და ახალ არჩევნებს, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, რადგან სასწავლო პროცესიც კი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება, როცა გვერთმევა ყველაზე მთავარი – გამოხატვის თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. და თუ ეს ორი არ გვექნება, მაშინ რომელ აკადემიურ თავისუფლებაზე და საერთოდ, რაზეა საუბარი.