„ბათუმელების” რეპორტიორისთვის უცნობი პირი ფოტოკამერის წართმევას შეეცადა

ბათუმში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის გასაშუქებლად მისულ „გაზეთ ბათუმელების” სტაჟიორს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმიანობათა ინსტიტუტის სტუდენტს, გოგებაშვილის ქუჩაზე უცნობმა სამოქალაქო პირმა ჯერ ფოტოს გადაღება აუკრძალა, მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა სთხოვა აეხსნა, რატომ არ შეიძლებოდა გადაღება, ფოტოაპარატის წართმევა სცადა.   

 

 

სამოქალაქო პირს არ წარუდგენია ვინაობის დამადასტურებელი საბუთი. რეპორტიორი ამბობს, რომ იძულებული გახდა კამერა გამოერთო, რადგან უცნობი პირი ხელზე წვდა და ეცადა ძალით გამოეგლიჯა კამერა. აპარატის გამორთვის შემდეგ მან ჟურნალისტს კადრების წაშლა მოსთხოვა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა საჯარო ადგილას ფოტოს გადაღება, უცნობმა პირმა მოკლედ უპასუხა: „იმიტომ, რომ ასე მინდა”.  

 

 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დღეს საქართველოს პრეზდენტმა გახსნა. გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩები რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა საპატრულო პოლიციას.   

 

 

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გაზეთ „ბათუმელების” ჟურნალისტებს, საჯარო ადგილას, პრეზიდენტის იქ ყოფნის დროს, უცნობი პირები ფოტოს გადაღებას უკრძალავენ. გაზეთ „ბათუმელების” რეპორტიორს, მანანა ქველიაშვილს ვალერი მელაძის კონცერტის მსვლელობისას პრეზიდენტის ფოტოები წაუშალეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ რეპორტიორს უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიიდან დაუკავშირდნენ და ფაქტის დადასტურება სთხოვეს. კომისიის წამომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა უარყო, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი.     

მდუმარე აქცია ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან

ამ წუთებში, ბათუმში, ჯერ კიდევ მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან სტუდენტების ორი ჯგუფი ელოდება პრეზიდენტს, რომელმაც დღეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა უნდა გახსნას.  

 

სტუდენტების ერთი ნაწილი, მათ შორის ბათუმის და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსტეტის სტუდენტები პრეზიდენტს ელოდებიან, შენობის გარეთ კი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ერთი ჯგუფი მდუმარე აქციას მართავს ხელში ტრანსფარანტებით: „არა სიყალბეს”, „არა ძალადობას”, „არ აწამო”.  

 

რეჟისორმა ბათუმის კინოფესტივალზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტა

ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე, გუშინ, 21 სექტემბერს, საღამოს, ქართველი რეჟისორის, რუსუდან ჭყონიას ფილმის, „Keep smiling“ – პრემიერა შედგა.

 

ფილმის დაწყებამდე რეჟისორმა მაყურებლების წინაშე აღნიშნა, რომ პრემიერის წინ იხდიან მადლობას, თუმცა მას არა აქვს უფლება  მადლობა გადაიხადოს, იმის ფონზე, რაც საქართველოში ხდება.

 

“დღეს რაც საქართველოში მოხდა ჩვენ ყველას გვეხება. ჩვენ, მე ესე ვთვლი როგორც საზოგადოება ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვატარებთ ამასთან დაკავშირებით და თუ ვინმე ამ დარბაზში იზიარებს ამ აზრს, მე გთხოვთ რომ პროტესტის და სოლიდარობის ნიშნად ერთი წამით ადგეთ ფეხზე”.

 

რუსუდან ჭყონიას განცხადებას კინოდარბაზში ოვაციები მოჰყვა. მაყურებელი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს კინორეჟისორს.    

 

„მე ყოველთვის წესიერი საჯარო მოხელე ვიყავი“ – აჭარის ტელევიზიას დირექტორის მოადგილე ტოვებს

აჭარის ტელევიზიის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მინდია ნაკაშიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან შეტყობინება „ფესიბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: „დღეს დავწერე განცხადება დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე.

 

 

რაც მოხდა საჯელაღსრულებით დაწესებულებაში, შესაძლებელია მოხდეს სხვა, განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანაშიც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ნება რეალურად დასაჯოს დამნაშავე პირები, რაც უწესობაა, მე კი ყოველთვის წესიერი საჯარო მოხელე ვიყავი და ვიქნები.“  

 

 აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა ცეცხლაძე „ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მინდია ნაკაშიძის სამსახურიდან წასვლის შესახებ მან ფეისბუქიდან გაიგო და პირადად მისთვის ნაკაშიძეს არაფერი უთქვამს. 

 

 „ბათუმელებმა” მინდია ნაკაშიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მისი ტელეფონი ამ დროისათვის გამორთულია. 

 

მინდია ნაკაშიძე პროფესიით იურისტია. აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე იგი გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე მინდია ნაკაშიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი იყო.

საპატრიარქო გუნდისა და ფოლკლორული ანსამბლის მიმართვა

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდისა და საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი “ბასიანის” განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ნანახი შემზარავი კადრების შემდეგ, ჩვენ თავი მოვალედ ჩავთვალეთ, გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით.


 

აგვისტოს ომის დღეებში, როდესაც რუსული ოკუპაციისაგან საქართველოს დასაცავად თბილისში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები ჩამოვიდნენ, ჩვენი გუნდი იდგა რუსთაველზე, მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით.
უკანასკნელი წლების მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მძიმე შეცდომა იყო ჩადენილი ყველა სფეროში, მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან – ქართული ფოლკლორის მოვლა-პატრონობის საქმეში, ჩვენ მაინც გულწრფელად გვჯეროდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა ქრისტიანული, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების გზით განევითარებინა ჩვენი სამშობლო.

 

სამწუხაროდ, საკმაო ხანია, ასეთი ილუზიები გაგვიქრა – ჩვენ, ისევე, როგორც მთლიანად ქართველი ერი, გაწბილებულები ვართ და ვუერთდებით საპროტესტო მოძრაობას.

 

როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ჩვენც მიგვაჩნია, რომ საპყრობილეებსა და მთლიანად საქართველოში, წლების მანძილზე ჩადენილ სისასტიკესა და დანაშაულებზე, და ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების შემლახველი ავტოკრატული და არადემოკრატიული სისტემის დამკვიდრებისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა მხოლოდ რომელიმე მინისტრს, არამედ მთლიანად მმართველ გუნდს. მიგვაჩნია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აღარ აქვს მორალური უფლება, იბრძოდეს ძალაუფლების შენარჩუნებისათვის.

 

P.S. წინამდებარე განცხადება ასახავს უშუალოდ ჩვენი მუსიკალური კოლექტივების პოზიციას და არაა შეთანხმებული საქართველოს საპატრიარქოსთან. მიგვაჩნია, რომ ქრისტიანული მორალი გვავალდებულებს, აღვიმაღლოთ ხმა უსამართლობის წინააღმდეგ, რადგანაც ვინც ასეთ დროს სდუმს, ის თანამონაწილეა უსამართლობის და ადრე თუ გვიან თავადვე გახდება უსამართლობის მსხვერპლი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვართ ბატონ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები“.

 

 


გიორგი ბარამიძე: „ვინ გააკეთა ჩვენზე მეტი?!”

 ნათია ზოიძე

 

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბარამიძის სტუდენტენთან  შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

აქცია ბათუმში განახლდა – პროტესტს სკოლის მოსწავლეებიც უერთდებიან

  ქეთი ლაბაძის ფოტორეპორტაჟი  

 

პატიმრების წამებას დღეს ბათუმში ისევ აპროტესტებენ. საპროტესტო აქციას სკოლის მოსწავლეებიც შეურთდენენ ტრასფარანტებით: „ვგმობთ ძალადობას”, „გამოცოცხლდი”!  

 

batumelebi.ge მთელი დღის მანძილზე გააშუქებს საპროტესტო აქციას ბათუმში  

 

ბაჩო ახალაია გადადგა

შს სამინისტროს ვებ გვერდის ცნობით შს მინისტრი ბაჩო ახალაია გადადგა.  

 

შს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

 

„მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე მე ვგრძნობ მორალურ  და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას  იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით“. 

ბაჩო ახალაია ვიკილიქსის მასალებში

მას შემდეგ რაც გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმართა წამების და არასათანადო მოპყრობის კადრები გავრცელდა, ბაჩო ახალაია ტელეკამერების წინ არ გამოჩენილა. მისი გადადგომის მოთხოვნით დღეს აქციები მიმდინარეობს თბილისში და ბათუმში.

სტუდენტების საპროტესტო აქცია საღამოს 6 საათზე განახლდება

ბათუმის უნივერსიტეტის წინ სტუდენტების მიერ ორგანზებული საპროტესტო აქცია დღეს, საღამოს 6 საათზე განახლდება. 

აქცია უნივერსიტეტის წინ მეორე დღეა მიმდინარეობს. გუშინ მონაწილეთა რაოდენობა 30-50 ადამიანს არ აღემატებოდა, დღეს კი ასეულობით სტუდენტთან ერთად აქციაზე ლექტორებიც გამოჩნდნენ. 

აქციას შემოურთდნენ საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც.  

 სტუდენტები მოითხოვენ გადადგეს ბაჩო ახალია.  

 

  

წინასაარჩევნო კამპანია აჭარაში კამერების გარეშე

ნათია ზოიძე 

 

აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედრები უკვე მეორე დღეა ჟურნალისტების ობიექტივში არ მომხდარა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ  ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებს გია ბარამიძეს და რობერტ ჩხაიძეს  წინასაარჩვნო შეხვედრები აქვთ, თუმცა ისეთი ინტესივობით არა, როგორც გასულ დღეებში ხდებოდა. ამის მიზეზად კირთაძე ამბობს, რომ უბრალოდ ისინი  სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებული.

კოალიცია ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის პლაკატების ჩამოხსნას ითხოვს

 ნათია ზოიძე

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის, რობერტ ჩხაიძის საარჩევნო პლაკატზე  „ქართული ოცნების“ კოორდინატორი  თინათინ მიქელაძეა  გამოსახული – დღეს ამ თემაზე ბათუმში კოალიცია“ ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. 

 

 

თინათინ მიქელაძემ თავიდან მედიის წარმომადგენლებს  განუმარტა, რომ ის საცხოვრებელ სახლთან, მელაშვილის #1-ში რობერტ ჩხაიძეს შეხვდა,  როგორც ქალაქის მერს და ავარიული საცხოვრებელი კორპუსის შესახებ ესაუბრებოდა, მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ რობერტ ჩხაიძე უკვე არ იყო ქალაქის მერი. 

 

 

ბრიფინგზე  განაცხადეს, რომ  თინათინ მიქელაძე საკუთარი შვილი  დაუკავშირდა უცხოეთიდან  და უთხრა, რომ თუ ის იქნება ნაციონალური მოძრაობის ბილბორდზე,  მაშინ ის უარს იტყვის ოჯახზე. 

 

 

თინათინ მიქელაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც წამების ამსახველი ვიდეოები გავრცელდა, მას კატეგორიულად არ უნდა ჰქონდეს რაიმე საერთო  ნაციონალურ მოძრაოობასთან. 

 

 

მურმან დუმბაძემ აღნიშნა, რომ ეს იურიდიულ საკითხზე მეტად მორალური საკითხია, რადგან „ქალბატონი თინათინი მუშაობს  რობერტ ჩხაიძის   კონკურენტის,  აკაკი ძნელაძის სასარგებლოდ  და გამოსახულია  მისი მოწინაღმდეგის პლაკატზე“. 

 

მურმან დუმბაძე განმარტავს, რომ თუ პლაკატებს არ შეცვლის „ნაციონალური მოძრაობა“,  მაშინ ამ პლაკატებზე  თინათინ მიქელაძის  გამოსახულებას საღებავს გადაუსვამენ.

აქცია ბათუმის უნივერსიტეტთან

 13:26 სტუდენტების აქციის ორგანიზატორები სტუდენტებსა და მოქალაქეებს მოუწოდებენ აქცია განაახლონ საღამოს 6 საათზე, ბათუმის უნივერსიტეტთან. 

 

13:21 სტუდენტები ითხოვენ აქცია პირდაპირ ეთერში გააშუქოს აჭარის ტელევიზიამ. აჭარის ტელევიზიის სანფორმაციო სამსახურის უფროსი, ცირა აბულაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზია ქალაქში მიმდინარე ყველა აქციას აშუქებს და ტელევიზიის ჟურნალისტები სტუდენტების აქციაზე ამ წუთებშიც იმყოფებიან. მისი თქმით, პირდაპირი ეთერით გაშუქების ტექნიკური საშუალება აჭარის ტელევიზიას არა აქვს.  

 

13:08 სტუდენტების აქციას ლექტორების უმრავლეობა შეურთდა. სტუდენტები ითხოვენ გადადგეს ბაჩო ახალია. 

 

13:00 ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:  „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები,  პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიური საბჭო და ადმინისტრაცია გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. უნივერსიტეტი უერთდება საზოგადოების მოთხოვნას შეიქმნას სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია და დასჯილ იქნას  თითოელი დამნაშავე პასუხისმგებელ პირებთან ერთად.“ 

 

 

12:35 „სად არის თვითმმართველობა?” -კითხულობენ  ბათუმის უნივერსიტეტთან  გამართულ აქციაზე. სტუდენტები ამბობენ, რომ აქციაზე  სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დილით იყვნენ და მას შემდეგ არ ჩანან. ამ წუთებში სტუდენტების აქციას  უერთდებიან მოქალაქეებიც. 

 

12:23 აქციაზე მოიტანეს ცოცხები და დაწვეს. უნივერსიტეტის ლექტორმა, მერაბ ხალვაშმა სტუდენტებს განუცხადა, რომ უნივერსიტეტის მთელი პერსონალი შეიკრიბება სააქტო დარბაზში, რომ ხელისუფლებას მიმართონ საგანგებო წერილით.  

 

12:14 ამ წუთებში აქციაზე სიტყვით გამოდიან აკადემიის სტუდენტები. აქციაზე ელიან პირველი საჯარო სკოლისა და გიმნაზიის უფროსკლასელებს. 

 

12:08 სტუდენტები ითხოვენ ადგილზე მივიდეს აჭარის ტელევიზია და აქციაა სრულად გააშუქოს. 

 

11:51 ბათუმის საზღვაო აკადემიიდან აქციას შეურთდნენ აკადემიის სტუდენტებიც. სტუდენტური საპროტესტო აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გრძელდება. 

 

11:32 ლექციები დატოვეს ბათუმის უნივერისტეტის პირველკურსელებმაც. 

 

11:27 აკადემიის მთავარი შესასვლელი ამ დრომდე ჩაკეტილია. შესასვლელთან სტუდენტები დგანან და სკანდირებენ: „გამოდით!” აკადემიის ლექტორები ფანჯრებიდან უყურებენ სტუდენტებს. აკადემისთან გრძელდება სტვენა და შეძახილები. 

 

11:25 აქციას თანდათან ემატებიან სტუდენტები საზღვაო აკადემიიდან. ამ წუთებში უნივერსიტეტთან რამდენიმე ასეული სტუდენტია. 

 

11: 19 აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბათუმს უნვერსიტეტის რექტორი, ალეკო ბაკურიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მხარში დაუდგება სტუდენტებს. მან აღნიშნა, რომ ყველა ლექტორი უნდა დგეს იქ, სადაც არიან სტუდენტები. 

 

11:17 ამ წუთებში სტუდენტების ერთი ჯგუფი გეგმავს წასვლას საზღვაო აკადემიისკენ, მოთხოვნით, ადმინისტრაციამ გააღოს კარი და გამოუშვას სტუდენტები. 

 

11:13 „ძირს ძალადობა!”, „გაიღვიძეთ!“ – ისმის შეძახილები ბათუმის აქციაზე. აქციაზე სტუდენტები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, არ გამოიყენონ აქცია მათ სასარგებლოდ. 

 

 11:10 საპროტესტო აქციას უერთდებიან სტუდენტები ბათუმის საზღვაო აკადემიიდან. სტუდენტები ამბობენ, რომ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ კარი ჩაკეტა და სტუდენტებს გარეთ არ უშვებენ. 

 

 

11:00 დღეს დილიდან აქციაა ბათუმის უნივერსიტეტთან. ამ წუთებში 200-ზე მეტი სტუდენტი დგას ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან და სტუდენტებსა და ლექტორებს მოუწოდებენ, დატოვონ სასწავლო პროცესი და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.  

 

აქციაზე სტუდენტებთან ერთად არიან ფაკულტეტის დეკანები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის ფაკულტეტის ლექტორი, პაატა აროშიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ლექტორის ადგლი იქ არის, სადაც არიან სტუდენტები და მოუწოდა სხვა ლექტორებსაც, შეურთდნენ აქციას. აქციაზე სიტყვით გამოვიდა იური ბიბილეშვილიც, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი. 

 

 სტუდენტებმა გარკვეული დროით გადაკეტეს მოძრაობა, თუმცა ამას მძღოლების პროტესტი არ გამოუწვევია. მძღოლები გაბმული სიგნალებით გამოხატავენ მხარდაჭერას და ხელს უქნევენ სტუდენტებს. 

 

მასალაზე მუშაობენ: ქეთი ლაბაძე,  ივეტა ამაღლობელი, ქრისტინე ფარჯიანი 

 ფოტო: ივეტა ამაღლობელი, ქრისტინე ფარჯიანი 

გია ნოდია: ასეთ შემთხვევაში მთლიანად მთავრობა უნდა იცვლებოდეს

პატიმრების წამების შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალებს გია ნოდია ფეისბუქზე ეხმაურება.

 

მან დაახლოებით 10 წუთის  წინ განაახლა  სტატუსი: „ შეიძლება ითქვას, მდგომარეობა ტრაგიკულია. მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება მხოლოდ ერთ ან ორ მინისტრს, პასუხისმგებელია მთავრობა და პირადად პრეზიდენტი. ნორმალურ ვითარებაში, ასეთი რამის შემდეგ მთლიანად მთავრობა უნდა იცვლებოდეს. მაგრამ ტრაგიკული ელემენტი ისაა, რომ ალტერნატივად ბიძინა და “ოცნება” გყავს,” – წერს გია ნოდია, რომელსაც განათლების მინისტრის პოსტი რამდენიმე წლის წინ ეკავა

რუსთავი 2 -ის პროტესტი

დღეს დილიდან  რუსთავი 2-ის წამყვანები  ეთერში  სპეციალური მაისურებით გამოჩნდნენ.

 

„არა ძალადობას”  ამ წარწერიანი  მაისურები თითქმის  ყველა წაყვანს ეცვა. მათშორის  ამინდის წამყვანს,  ნანუკა გოგიჩაიშვილს, რომელიც პრეზიდენტის  პრესამსახურის ნათია ბანძელაძის შვილია.

 

 მან განაცხდა რომ უერთდება ამ   დებულებას „არაძალადობას”.

 

გადაცემის დასაწყისში მხოლოდ ანუკა ქინქლაძეს საინფორმაციო ბლოკის წამყვანს არ ეცვა წაწერიანი მაისური, თუმცა მომდევნო  საინფორმაციო გამოშვებას  ქინქლაძეც საპროტესტო მაისურით გაუძღვა.

სტუდენტების აქცია ბათუმში დილის 9 საათზე განახლდება

ხვალ, 20 სექტემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.

 

სტუდენტები შეთანხმდნენ, რომ ხვალინდელ აქციაზე ყველა შავი მაისურებით მივა. „შავ მაისურებს ვიცვამთ სიმბოლურად. გვინდა გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი, იმასთან დაკავშირებით, რაც ციხეებში ხდება და სოლიდარობა გამოვუცხადოთ პატიმრებს, რომლებსაც ციხეებში აწამებენ“, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი დათო გოგიტიძე.

 

აქცია ბათუმის უნივერსიტეტთან დილის 9 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ 12 საათამდე გაგრძელდება.


მოქალაქეების ერთი ჯგუფი ამ წუთებშიც გადაადგილდება ბათუმის ქუჩებში და საზოგადოებას მეგაფონებით ხვალინდელ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

 

 

ევროპის მოედანზე აქცია განახლდა

 ცაგო კახაბერიძე

 

ნახევარი საათის წინ ბათუმში, ევროპის მოედანზე პატიმრების სოლიდარობის აქცია განახლდა. პატიმართა წამების ფაქტებს ევროპის მოედანზე კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აპროტესტებენ. მათივე განცხადებით, მათი აქცია აპოლიტიკურია და არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესს არ გამოხატავს.   

 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველოს გაუმარჯოს!”. 

 

აქციას შეუერთდა დეკანოზი თეიმურაზ ყურაშვილი. „მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი და ხუთიანის დეპუტატი კი არ უნდა იყო, ესენი ვინც ამას აკეთებს, არ გეგონოთ მათ უნდათ,  მათ აქვთ დავალებული.  ხალხს სიტყვა ნაციონალური და ხუთიანი შეაძულეს.“ – ამ სიტყვებით მიმართა მან ახალგაზრდებს.

 

 

<!** Image 2 align="middle" width="400" height="1944" > 

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="1944" > 

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრების წამებაზე

 ცაგო კახაბერიძე, ნათია ზოიძე

 

გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი აჭარაში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ. 

 

 

არ აწამო! – აქციის მეორე დღე ბათუმში

  ამ დროსათვის ბათუმში სტუდენტების მცირე ჯგუფი მიემართება ბათუმის საზღვაო აკადემიისკენ. სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებსა და სტუდენტებს შეურთდნენ საპროტესტო აქციას. სტუდენტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ აპირებენ წასვლას. 

 

 

 ბათუმში, ევროპის მოედანზე 12 საათიდან განახლდა სამოქალაქო აქცია.  მოქალაქეებმა  ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ფაქტები გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ის რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხდება, არის სისხლის სამართლის დანაშაული და  ხელისუფლებამ დამნაშავე ჩინოვნიკების მისამართით, კანონით გათვალისწინებული  ზომები უნდა მიიღოს.

 

 

 

ქარტია მოუწოდებს ჟურნალისტებს დაიცვან ეთიკური სტანდარტები პატიმართა წამების გაშუქებისას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს როგორც ხელმომწერ, ასევე არაწევრ ჟურნალისტებს,, სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი მოვლენების გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან ეთიკური სტანდარტები.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს შეშფოთებას, იმ მანიპულაციური მეთოდების გამო, რომლითაც ტელეკომპანიები – ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ” რეალ ტვ” აშუქებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს.

 

“აღნიშნული ტელეკომპანიები სრულიად დაუსაბუთებლად, გადაუმოწმებლად და ეთიკური სტანდარტების დარღვევით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პატიმრების წამების დამკვეთი იყო თამაზ თამაზაშვილი. ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს არ დაუსვამთ მწვავე კრიტიკული შეკითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის;

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: ამ მაუწყებელმა საერთოდ არ გააშუქა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი მოვლენები. ფაქტების იგნორირების ასეთი პოლიტიკა არ ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ზრდას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ყველა ტელეკომპანიამ უნდა დაიცვას გავრცელებულ კადრებში ასახული პირების პირადი ცხოვრება და უნდა გამორიცხოს ამ პირთა იდენტიფიციკაცია.

არა წამებას – აქცია ბათუმში 12 საათზე დაიწყება

“არა წამებას” – ამ სახელწოდებით  აქცია ბათუმში 12 საათზე ერას მოედანზე დაიწყება. 

 

მოქალაქეების პროტესტის მიზეზი გუშინ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული  ვიდეო მასალებია, რომელიც გლდანის  მე–8  საპყრობილეშია გადაღებული. კადრებში ჩანს პატიმართა არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები. 

 

 

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარედ საქართველო იქნა არჩეული

მიმდინარე წლის 10-11 სექტემბერს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა შეხვედრა, რომელზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამი წლის ვადით, არჩეული იქნა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარედ.  კერძოდ, 2014 წლიდან საქართველო, ავსტრიის შემდეგ, გახდება კონგრესის თავმჯდომარე სახელმწიფო, ხოლო კონგრესის თავმჯდომარის თანამდებობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაიკავებს.

 

 

კონგრესი 1971 წელს დაარსდა და იგი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებს აერთიანებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

 

 

 

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, 2014-2017 წლების განმავლობაში, ევროპის საკონსტიტუცო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი ყველა მაღალი რანგის ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში უმასპინძლებს.

 

 

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა როტაციის ან გეოგრაფიული, ან სხვა კრიტერიუმების, არამედ ყველა მონაწილე სახელმწიფოთა საკონსტიტუციო სასამართლოების კენჭისყრის საფუძველზე.

 

 

კონგრესის მონაწილე 40 ევროპული ქვეყნიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ რუსეთმა არ დაუჭირა მხარი.

 

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით   

 

ეკომიგრანტები მიწისა და საცხოვრებელი პირობების გარეშე

მარიამ ხანჯალიაშვილი

დღეს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალოს“ ინიციატივით ეკომიგრანტთა განსახლების თემაზე შეხვედრა გაიმართა.  „ბორჯღალომ” ექსპედიცის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 4 რეგიონის 13 სოფელში ჩასახლებული ეკომიგრანტები მოინახულა და მათი პრობლემები შეისწავლა: 

 

„ეკომიგრანტთა ძირითადი ნაწილი აჭარის მაღამლთიანი რეგიონიდან არიან გადასახლებულები და ამჟამად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შეძენილ ბინებში ცხოვრობენ. თუმცა ეს ბინა არ არის მათ საკუთრებაში გადასული და ძველ მეპატრონეებთან დავა აქვთ. საცხოვრებელი ბინები კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს. გარდა ამისა რეალურად არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, რომელსაც დაამუშავებენ და ამით თავს ირჩენენ. მიწების დიდი ნაწილი მსხვილ ფერმერებს ეკუთვნით და ეკომიგრანტები, მათ შორის ქალბატონები, იქ დღიურ მუშად, დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობენ.   

 

ზოგ რეგიონში, მაგალითად ქვემო ქართლში, მარნეულსა და წალკაში მესაქონლეობას მისდევენ, თუმცა მათაც მცირემიწიანობის პრობლემა აქვთ –  საძოვრები ძალიან მცირეა. გარდა ამისა, არ აქვთ სკოლები, არ მუშაობს ამბულატორიები, სოფლებში არ არის სასმელი და სარწყავი წყალი” – აღნიშნა ილია გუჩმანიძემ, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.  

 

ამ დროისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 9000-ზე მეტი ოჯახი, დაახლოებით 40 000 ადამიანია ჩასახლებული. 55 000 ადამიანი კი დღემდე რჩება საცხოვრებლად სტიქიურად საშიშ ზონაში.  

 

„წელს სახელმწიფომ მიიღო მიგრაციის სტრატეგია, სადაც სიტყვითაც კი არ არიან ნახსენები ეკომიგრანტები. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ან საერთოდ ამოიღონ ეს დოკუმენტი მოქმედებიდან, ან დაერქვას მას გარე მიგრაციის სტრატეგია“, – აღნიშნა ილია გუჩმანიძემ.

 

მისი ინფორმაციით, ახლა ბათუმის მთავრობის მიერ მიმდინარეობს 200 სოციალური სახლის მშენებლობა, რომელშიც ეკომიგრანტების შესახელბა იგეგმება. საცხოვრისების აშენების შემდეგ შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს, თუ რომელი ოჯახები უნდა დაკმაყოფილდნენ ახალი საცხოვრებელი ფართით. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იქნებიან კომისიის შემადგენლობაში ან რა კატეგორიის ეკომიგრანტები შესახლდებიან ახალაშენებულ სახლში. 

 

შეხვედრის განმავლობაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ორგანიზაციის მიერ ეკომიგრანტთა ჩასახლების ადგილებში გადაღებული მასალების მიხედვით იყო აგებული. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დიკუსია, რომელშიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

„მოღალატეები არც პარტიას და არც ქვეყანას გამოადგებიან“ – დავით რობაქიძე ყოფილი თანაპარტიელების შესახებ

 ნათია ზოიძე 

 

დღეს, ლეიბორისტური პარტიიდან მაჟორიტარობის ორმა კანდიდატმა,  ბიძინა დუმბაძემ და თამაზ დევიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატების, მურმან დუმბაძის და თემურ კახიძის  სასარგებლოდ მოხსნეს კანდიდატურა. ბიძინა დუმბაძე ხელვაჩაურში იყრიდა კენჭს, თამაზ დევაძე კი ბათუმში.

კინოფესტივალის მეორე დღე „აპოლოში“

თათია ლაშაური 

 

 

დღეს ბათუმის საავტორო ფილმების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე კინოჩვენება მარტინ ლუნდის „თითქმის მამაკაცით“ გაიხსნება. ნორვეგიელი რეჟისორის ნამუშვარმა უკვე მოიპოვა აღიარება კარლოვი ვარის ფესტივალზე და ახლა ქართველი მაყურებელი შეაფასებს ისტორიას ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც ზრდასრული ადამიანის პასუხისმგებლობებთან შეგუება უჭირს.  

 

 

 

 2011 წლის არაბული რევოლუციების ტალღა შონ მაკალისტერის დოკუმენტური ფილმის მთავარი თემაა. „უხალისო რევოლუციონერი“ სცდება საპროტესტო აქციების თემატიკას და ფოკუსს ერთ კონკრეტულ ადამიანზე აკეთებს. ბრიტანელი რეჟისორის ფილმი აღწერს თუ როგორ იცვლება იემენელი ტუროპერატორის ცხოვრება რევოლუციის გამო.

 

 

 

 საღამოს სეანსზე ნაჩვენები იქნება გასული წლის გახმაურებული თურქული ფილმი „ერთხელ ანატოლიაში“. ნური ბილგე ჯეილანი, რომელიც კანის პრიზიორი ფილმის რეჟისორია, ფესტივალის ერთ-ერთი საპატიო სტუმარია. თურქული დრამის სიუჟეტი მამაკაცების ჯგუფის გარშემო ვითარდება, რომლებიც ანატოლიის ველზე დაკარგულ გვამს ეძებენ.

 

 

 ფესტივალის მეორე დღე ირანული „ნარინჯისფერი პიჯაკით“ დასრულდება. დარიუშ მერჯუის ფილმი აქცენტს მუსლიმანურ ქვეყანაში ქალების ცხოვრებაზე აკეთებს. 

 

 ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი კინომოყვარულებს მომდევნო დღეებში ევროპულ და აზიურ პროდუქტთან ერთად ქართულ მხატვრულ ფილმებსაც შესთავაზებს.

 

 

„ზეციური მანქანები“ აპოლოში

 თათია ლაშაური 

 

დღეს, 22:30 საათზე, კინოთეატრ „აპოლოში“ ლეო კარაქსის გახმაურებული ფილმს, „ზეციური მანქანებს” აჩვენებენ,  საავტორო კინოს ბათუმის მეშვიდე საერთასორისო ფესტივალის ფარგლებში. 

 

 წლევანდელი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი პარალელურ სამყაროში მოგზაურობაზე მოგვითხრობს და მასში მთავარ როლებს ევა მენდესი, კაილი მინოუგი და მაიკლ პიკოლი ასრულებენ. 

 

კინფესტივალი, რომელიც გუშინ გაიხსნა, 23 სექტემბრამდე გასტანს და 40-მდე ფილმი იქნება ნაჩვენები. წელს ჟიურის ცნობილი ქართველი რეჟისორი, ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობს.

 

 

რიგები სახელმძღვანელოების შესაძენად

 მარი ხანჯალიაშვილი

ვიდეო: ლელა დუმბაძე  

 

სწავლის დაწყების პირველივე დღეს ბათუმის სამ საჯარო სკოალსთან, სადაც სკოლის სახელმძღვანელოები იყიდება, რიგებია. 

განათლების სამინისტროს ინიციატივა, რომლის თანახმადაც წიგნები არა წიგნის მაღაზიაში, არამედ სკოლის შენობებში გამართულ  ბაზრობებზე უნდა გაიყიდოს,  რომ რიგები იქნას თავიდან აცილებული, ჯერ-ჯერობით არ გამართლდა. ბაზრობები საღამოს შვიდ საათზე დაიკეტა და მშობლების ერთმა ნაწილმა სახელმძღვანელოების შეძენა ვერ მოახერხეს. 

„ბათუმი ლეიდის ოუფენ“ მონაწილეთა სიმცრის გამო ჩაშლის პირას იყო

ირაკლი დარცმელიძე 

 

ქალთა საჩოგბურთო ტურნირი „ბათუმი ლეიდის ოუფენ“ ორი დღით გადაიდო. ასპარეზობა, რომელიც 15 სექტემბერს საკვალიფიკაციო რაუნდით უნდა დაწყებულიყო, მონაწილეთა სიმცირის გამო 18 სექტემბერს დაიწყება. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 32-ს შეადგენს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ტურნირის არსებობის ისტორიაში.  

უძლიერესები ბალტიისპირელები არიან

სიმძიმეების აწევა და გადატანა სხვადასხვა დისტანციაზე დროის გარკვეულ მონაკვეთში, მანქანების გადაგორება და წამოწევა, ასევე, მრავალი სხვა ვარჯიში, რომელიც ფიზიკურ ძალასთან არის დაკავშირებული, ასეთია სპორტის ამ სეხეობის სპეციფიკა, რომელსაც მსოფლიოში უამრავი მიმდევარი და გულშემატკივარი ჰყავს. ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე უძლიერეს მამაკაცთა შორის, რომელიც ამ დღეებში გაიმართა, პოლონელმა ბართოლომეი ბონკმა გაიმარჯვა.

Exit mobile version