სიახლეები

ბაჩო ახალაია ვიკილიქსის მასალებში

20.09.2012 • 1548
ბაჩო ახალაია ვიკილიქსის მასალებში

 „აბსოლუტურად არ ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს შს მინისტრის ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური სპეკულაცია, ისევე როგორც ძალიან ბევრი რამ, რაც იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნათქვამი ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში”, – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა ეს სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა. 

 

 

მისივე თქმით, ბაჩო ახალაია აშშ-სა და ევროპაში ძალიან დადებითად ხასიათდება და მას რეფორმატორად მოიხსენიებენ. წიკლაური ასევე აცხადებს, რომ ყოველივე იმასთან, რაც დღეს ხდება, ბაჩო ახალაიას არავითარი კავშირი არ აქვს. 

 

 

 დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ბაჩო ახალაიას პერსონასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა. WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ–ერთ კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილის თანახმად, რომელშიც საუბარია ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ სააკაშვილის გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ უთხრა ამერიკის მაშინდელ ელჩს, რომ „ახალაია „მიშას ბიჭია“ და არა „ვანოს ბიჭი“ და მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ არ განეხილათ ეს დანიშვნა, როგორც შს სამინისტროს გადასვლა თავდაცვის სამინისტროში“. ახალაიას „სააკაშვილი განიხილავს როგორც ეფექტურს“,  ნათქვამია გზავნილში, რომელიც 2009 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება. 

 

 

ერთ-ერთი წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის წუხილია გამოთქმული ბაჩო ახალაის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე.

2011 წელს  „ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა აშშ-ის თბილისის საელჩოდან სახელმწიფო დეპარტამენტში 2009 წლის სექტემბრის მიწურულს გაგზავნილი კონფიდენციალური წერილი, სადაც დეტალურად არის აღწერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, თინა ქეიდენაუს ვიზიტის დეტალები. 

 

 

წერილში წერია, რომ თინა ქეიდენაუმ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას წუხილი გამოთქვა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიას დანიშვნის თაობაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. მაშინ სააკაშვილმა უთხრა ქეიდენაუს, რომ ახალაიასთვის მიეცა შანსი, რათა მას დაემტკიცებინა რეფორმისადმი ერთგულება. 

 

 

„ქეიდენაუმ შეშფოთება გამოხატა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიას დანიშვნის გამო და ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მის ცუდ წარსულზე. სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უპასუხა ქეიდენაუს, რომ მისთვის გაუგებარია ახალიას მინისტრად დანიშვნაზე საერთაშორისო კრიტიკა. 

 

 

სააკაშვილის თქმით, სასჯელარსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისას ახალაია საქართველოში მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო პასუხისმგებელი და საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში უფრო მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს,” –  წერია აშშ-ის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ წერილში.

 

 

 ბაჩო ახალაიას შესახებ

 ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი, ბაჩო ახალაია, საზოგადოებრივ ასპარეზზე 2003-04 წლებში „თავისუფლების ინსტიტუტის” კოორდინატორის რანგში გამოჩნდა, 2004-05 წლებში კი მუშაობა გააგრძელა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის პოსტზე. 

 

 

 2005 -2008 წლებში ახალაია  სასჯელაღსურულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება უფლებადამცველების ყველაზე კრიტიკა, ციხეებში პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობასთან და ციხეში მომხდარ ბუნტთან  დაკავშირებით, რა დროსაც 7 პატიმარი გარდაიცვალა.

 

 

2008-2009 წლებში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა,  ამავე სამინისტროში კი მინისტრის თანამდებობა 2009 წლიდან 2012 წლის 4 ივლისამდე ეკავა. 

 

 

გადაბეჭდვის წესი