მთავარი,მთიანი აჭარა

რა ჯიშებით ჩაანაცვლებენ ხულოს კარტოფილს

24.02.2016 • 1931
რა ჯიშებით ჩაანაცვლებენ ხულოს კარტოფილს

კარტოფილის კიბოს დაავადების გასაკონტროლებლად სახელმწიფომ ტექნიკური რეგლამენტი 2015 წელს მიიღო და იმავე წელს გავრცელების არეალის დაზუსტება დაიწყო. გასული წლის შემოდგომაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხულოს მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მიწა ლაბორატორიულად შეამოწმა და დაადგინა, რომ მიწა დაავადებულია სოფლებში – დანისპარაულში, დიდაჭარაში, რიყეთსა და ღორჯომში. სააგენტო ამ სოფლებში რეზისტენტული ჯიშების გამოცდას, ხოლო სხვა სოფლებში ნიადაგის შესწავლას გეგმავს.

საკარანტინო მავნე ორგანიზმზე ფიტოსანიტარული კონტროლი მთავრობამ ტექნიკურ რეგლამენტში გაწერა. რეგულაცია, რომელიც კარტოფილის კიბოს ლოკალური ადგილების გამოვლენასა და პრევენციული ღონისძიების გატარებას გულისხმობს, გასული წლის 25 ივლისს ამოქმედდა. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხულოს აგროსერვისცენტრის უფროსი რესან ჩოგაძე ამბობს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხულოს სოფლებში ნიადაგი ლაბორატორიულად შეამოწმა – ნიადაგის სინჯი 42 სხვადასხვა ადგილიდან აიღო.

„ნიადაგის შემოწმებით დადგინდა, რომ 42 ნაკვეთიდან 6 ნაკვეთში კარტოფილის კიბოს გამომწვევი პათოგენები დასტურდება“, – ამბობს რესან ჩოგაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ სხვიტარიძის თქმით, „წელს სხვა სოფლებში აპირებენ ნიადაგის შესწავლას, რის შემდეგაც დაავადების გავრცელების ზუსტი არეალი ეცოდინებათ“.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გამოსავალს კარტოფილის რეზისტენტული ჯიშების ჩანაცვლებაში ხედავს.

„დაავადებულ ნიადაგში ან რეზისტენტული ჯიშის კარტოფილი უნდა დაირგოს, ან სხვა კულტურა ჩაენაცვლოს. რეზისტენტული ჯიშის კარტოფილში კიბო ნიადაგიდან ნაყოფში არ გადადის. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის მიერ შერჩეული რეზისტენტული ჯიშების გამოცდას ვგეგმავთ ხულოს სოფლებში, იმ ნაკვეთებში, სადაც დაავადება დადასტურებულია. ევროპიდან და ბელორუსიდან შემოვიტანთ რეზისტენტულ ჯიშებს. ამ ჯიშის კარტოფილი სხვა ქვეყნებში გამოცდილია და კარგ შედეგს იძლევა. მართალია, წელს ეს კარტოფილი მცირე ნაკვეთზე გაშენდება გამოსაცდელად, მაგრამ ამ გამოცდის შემდეგ ორიენტაციას იმ ჯიშზე ავიღებთ, რომლებიც კარგ შედეგს მოგვცემს აჭარის მთაში“, – ამბობს ოთარ სხვიტარიძე.

დაავადება რომ არ გავრცელდეს, სპეციალისტი ფერმერებს ყურდღებისკენ მოუწოდებს:

„ტექნიკურ იარაღს შეუძლია დაავადების გადატანა, დასნებოვნებულ ნაკვეთში გამოყენებული ნებისმიერი სამუშაო იარაღი იქვე უნდა გაიწმინდოს წყლით და შემდეგ შეიძლება მისი სხვა ნიადაგში გამოყენება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაავადებული ნაყოფით ცხოველი არ გამოიკვებოს. მართალია, ის ცხოველისთვის არ არის საზიანო, თუმცა პათოგენის სპორები ცხოველმყოფელობას ინარჩუნებს და ნიადაგში გადადის“.

ვიდრე სურსათის ეროვნული სააგენტო რეზისტენტულ ჯიშებს ხულოს სოფლებში გამოცდის, რესან ჩოგაძის თქმით, მოსახლეობამ ამ ჯიშის კარტოფილი ღორჯომში უკვე გამოიყვანა.

„გასულ წელს სოფელ ღორჯომში, 11-წევრიან კოოპერატივ „ღორჯომს“ რეზისტენტული ჯიშის კარტოფილი გადასცა არასამთავრობო ორგანიზაცია „EMPARD“-მა დასათესად – როგორც ვიცი, ერთ ოჯახს დაახლოებით ერთ ტონამდე თესლი მისცა. მოსახლეობამ იმ ნაკვეთებზე დათესა, სადაც კარტოფილის კიბოს დაავადება იყო გამოვლენილი და საკმაოდ კარგი მოსავალი მიიღო. ადგილობრივები კმაყოფილები არიან“, – ამბობს რესან ჩოგაძე.

კოოპერატივ „ღორჯომის“ ერთ-ერთი წევრი ზაზა ბერიძე „ბათუმელებს“ უზიარებს თავის გამოცდილებას, რაც რეზისტენტული ჯიშის კარტოფილის წარმოებას უკავშირდება. ის მოსავლით კმაყოფილია.

„აქამდე ჩვენთან გავრცელებულ ჯიშს ვრგავდით, 2 000 კვადრატულ მეტრზე 7 ტონა კარტოფილი მოდიოდა, მაგრამ ბოლო წლებში ისე შემცირდა მოსავალი, რომ ორი ტონაც ვეღარ მოვიწიე. ზოგიერთი ამბობდა, რომ ნიადაგში კარტოფილის კიბოა გავრცელებული, ზოგიერთი სხვა რამეს ასახელებდა, მოსავალი კი ყოველწლიურად მცირდებოდა. კოოპერატივში 12 ოჯახი ვართ გაერთიანებული და კარტოფილი გამოგვყავს. გასულ წელს თორმეტივეს თითო ტონა რეზისტენტული ჯიშის კარტოფილი მოგვცეს დასათესად, 3 000 კვადრატულ მეტრზე ერთი ტონა დავთესე და 10 ტონა მოსავალი მივიღე. ზოგთან მეტი მოვიდა, ზოგთან – ნაკლები. შარშან ხულოში კარტოფილის მოსავალი არ იყო, დაავადება „ფიტოფტოროზი“ გავრცელდა, რამაც მცენარე დააზიანა. ჩვენ იმით გაგვიმართლა, რომ კარტოფილთან ერთად წამლებიც გადმოგვცეს და მცენარე დაავადებას ასე გადაურჩა“, – ამბობს ზაზა.

ზაზას თქმით, ღორჯომში გამოყვანილი რეზისტენტული ჯიშის კარტოფილს ისეთივე გემური თვისებები აქვს, როგორიც ე.წ. „ხულოს კარტოფილს“.

„ისეთივე მშრალი და გემრიელი კარტოფილია, როგორიც მანამდე მოგვყავდა. ხულოში ძირითადად ორი სახის კარტოფილია გავრცელებული – თეთრი ფერის კარტოფილი, რომელსაც „ქალაქურს“ ვეძახით და ვარდისფერი შეფერილობის, რომელიც ქალაქურთან შედარებით მშრალი და გემრიელია. კარტოფილი, რომელიც ახლა გამოგვყავს, მართალია, ხულოში გამოყვანილი ვარდისფერი კარტოფილივით მშრალი არ არის, მაგრამ არც ნაკლებია, ძალიან გემრიელია. მყიდველისთვის რთულია რეზისტენტული ჯიშის კარტოფილის გარჩევა სხვა კარტოფილისგან, მაგრამ მე მივხვდები, სტანდარტულია და პრიალა კანი აქვს.“

მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის კიბოს დაავადების არსებობა ხულოს სოფლებში ოფიციალურად დასტურდება, აქ არც კარანტინი გამოუცხადებიათ და არც ტერიტორიები შემოუსაზღვრავთ.

„სახელმწიფო პროგრამით ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ დაავადების გავრცელების არეალი და დავაზუსტოთ კერები. ეს დაავადება მოისპობა, თუმცა ამას სისტემური მუშაობა და წლები სჭირდება. კარგად შერჩეული რეზისტენტული ჯიშების ჩანაცვლებით აჭარაში კარგი მოსავალი 3-4 წელიწადში გვექნება,“ – ამბობს ოთარ სხვიტარიძე.

კიდევ ერთი მეცნიერი, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი, რომელიც ფიტოპათოლოგიის მიმართულებით მეცნიერებათა დოქტორია, ამბობს, რომ კარტოფილის კიბოსგან ნიადაგის განკურნებას 30 წელი სჭირდება. გალინა მეფარიშვილი მის მიერ 2009 წლის შემდეგ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ კარტოფილის კიბო გაცილებით ბევრ სოფელში გვხვდება ხულოში, ვიდრე ამას ოფიციალური პირები ამბობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: