მთიანი აჭარა

რას ნიშნავს ტყის ინვენტარიზაცია

14.07.2015
რას ნიშნავს ტყის ინვენტარიზაცია

 

ბატონო თეიმურაზ, რას ითვალისწინებს ტყის ინვენტარიზაცია?

ტყის ინვენტარიზაცია გულისმობს ტყეში არსებული რესურსის შესწავლას, თუ რა რესურსი გაგვაჩნია. რესურსის დადგენასთან ერთად გაიმიჯნება ადმინისტრაციული საზღვრები როგორც მუნიციპალიტეტებს შორის, ასევე ტყის კვარტლებს შორის; შესწავლილი იქნება ტყის ფონდის ტერიტორიებზე რა ფართობის საძოვრები და სათიბებია; ასევე დადგინდება გავრცელებული მერქნის სახეობები; კორომების რაოდენობა (ახალგაზრდა ტყეები), რამდენ კილომეტრში შეიძლება შევიყანოთ გზა, რა ოდენობის მერქანი გაგვაჩნია. დამუშავებული მონაცემებით შეიქმნება ელექტრონული ბაზა. ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ხორციელდება ტყის ინვენტარიზაცია, თუმცა 1995 წლის შემდეგ არ განხორციელებულა.

 

ინვენტარიზაციის დროს გაიმიჯნება თუ არა .. საგვარეულო ტყეები?

ადმინისტრაციული საზღვრები პრეზიდენტის ბრძანებულებით იცვლება, ინვენტარიზაციის დროს მხოლოდ საზღვრები დაზუსტდება. რაც შეეხება კონკრეტულად საგვარეულო ტყეების გამიჯვნას, ეს ინვენტარიზაციის  ვალდებულებაში არ შედის. ქედის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგვარეულო ტყეები გასულ წელს იქნა შესწავლილი, თუმცა დოკუმენტურად არ არის გამიჯნული და დღემდე საგვარეულო ტყეები ჩვენს ბალანსზე ირიცხება, შესაბამისად, ზედამხედველობას ჩვენ ვუწევთ. როცა გაიმიჯნება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავა. ეს არ არის დიდი ფონდი.

 

სამუშაო პროცესში მოქალაქეებს ტყით სარგებლობაში პრობლემები ხომ არ შეექმნებათ?

არანაირი პრობლემა და შეზღუდვა არ შეექმნებათ. ჩვენ გვაქვს საკმარისი ოდენობის ფონდი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაიტანოს იმ ოდენობის სათბობი შეშა, რაც მას სჭირდება. რაც შეეხება სამასალე მერქანს, თუ მუნიციპალიტეტის გამგეობა გვთხოვს, მოქალაქეს გამოვუყოთ სამასალე მერქანი, მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ყოველ შემთხვევაში სამასალე მერქანთან დაკავშირებით მოქალაქემ განცხადებით გამგეობას უნდა მიმართოს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში არებული კომისია იმსჯელებს და სამასალე მერქნის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

ტყის ინვენტარიზაციის დროს კონტრაქტორთან ერთად ჩაერთვებიან თუ არა სააგენტოს წარმომადგენლები?

შესწავლის პროცესში  აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენი წარმომადგენლები, ამისთვის მათ ტრენინგები უტარდებათ. როგორც გვაცნობეს, აჭარის მაღალმთიანეთში ტყის ინვენტარიზაციის პროცესი ივლისში დაიწყება და პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

 

რაც შეეხება მონაცემებს, ქედის მაგალითზე ვიტყვი, რომ მონაცემები თითქმის იგივე იქნება. თუ 1995 წლის მონაცემებით სატყეო ფონდი ქედაში 37 570 ჰექტარი იყო, დღეის მდგომარეობით ფონდი 36 ჰექტარით ნაკლები იქნება, რადგან 36 ჰექტარი ჩვენი ტყის ფონდიდან მაჭახელას პარკს გადაეცა. ინვენტარიზაციის პროცესში ეს საზღვრები გაიმიჯნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: