მთიანი აჭარა

“ჩერჩილი“ და “პორტო ფრანკო“ – სიგარები ქედიდან

21.06.2015
“ჩერჩილი“ და “პორტო ფრანკო“  – სიგარები ქედიდან

შპს „იმერი“ 1992 წელს დაფუძნდა, თუმცა ქედაში სიგარის დამზადება გასული წლის ბოლოს დაიწყო. ვიდრე კომპანია ქედაში სიგარის წარმოებას დაიწყებდა, კომპანია სიგარას საზღვარგარეთ, კერძოდ ინდონეზიაში ამზადებდა.

პირველი ქართული სიგარა კომპანიამ 2009 წლის 5 მაისს ინდონეზიაში, კომპანია „ტარუ მარტინი 1918“-ში დაამზადა. მას შემდეგ, წლების განმავლობაში „იმერი“ ქართულ-ინდონეზიურ თამბაქოსგან სიგარას ინდონეზიაში ამზადებდა და სარეალიზაციოდ საქართველოში ჩამოჰქონდა.

საწარმოს ორი მფლობელი ჰყავს: ირაკლი ავალიანი და თამაზ თურმანიძე.

დაბა ქედაში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, დაახლოებით 5 000 მეტრი ფართობი „იმერის“ საკუთრებაშია, თუმცა საწარმო ამ დროისთვის 300 კვადრატზეა გაშენებული. ერთ-ერთი მეწილე ირაკლი ავალიანი ამბობს, რომ ქედაში სიგარას ადგილობრივი და ინდონეზიიდან შემოტანილი თამბაქოს ნარევით ამზადებენ.

„თუ სიგარაში ჩვენი თამბაქო არ გაერია, არ გამოვა კარგი, შესაბამისად, არც მყიდველი გვეყოლება. „აჭარა“, „ჩერჩილი“, „თიფლისი“, „ბახუსი“, „პორტო-ფრანკო“… სულ 23 დასახელების სიგარას ვამზადებთ. ვიდრე ქედაში გავხსნიდით საწარმოს, ინდონეზიაში ჩაგვქონდა ქართული თამბაქო და ქართულ-ინდონეზიური თამბაქოს ნაზავით ვამზადებდით. სიგარა იქედან ჩამოგვქონდა საქართველოში.

რთულია თქვა, ერთ თვეში რამდენს ვაწარმოებთ. ეს, ძირითადად, მოთხოვნაზეა დამოკიდებული, მოთხოვნის შესაბამისად ვზრდით წარმოებას, დამოკიდებული ვართ რეალიზაციაზე. სავარაუდოდ, დღეში 800 ცალამდე ვამზადებთ, რაც შეეხება ქართულ თამბაქოს, მას სოფელში მოსახლეობისგან ვიბარებთ“.

იმერში, როგორც მფლობელი ამბობს, ამჟამად 10 მუშახელია დასაქმებული, მათი ანაზღაურება გაწეულ სამუშაოზეა დამოკიდებული. „იმ შემთხვევაში თუ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზრდება, საწარმოს გავაფართოვებთ და მუშახელსაც დავამატებთ“, – ამბობს ირაკლი ავალიანი.

კომპანიას ქედაში დამზადებული სიგარა სხვადასხვა რეგიონში გააქვს. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, მწარმოებლები ქართულ სიგარას თურქეთშიც ყიდის. თამაზ თურმანიძე იმედოვნებს, რომ მალე სიგარას სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გაიტანენ.

„ჩვენ შეგვიძლია თვეში დაახლოებით 30 000 ღერი სიგარილა, 30 000 პაკეტი გასახვევი თამბაქო და სხვადასხვა დასახელების აქსესუარები, საფერფლეები, ხის კოლოფები და ა.შ. ვაწარმოოთ. ჩვენი ძირითადი ბაზარი საქართველოა, თუმცა ყველა დასახელების სიგარა გაგვაქვს თურქეთში. ასევე უცხოური ბაზრის შესწავლის პროცესში ვართ“, – ამბობს თამაზ თურმანიძე.

საწარმოს მოსაწყობად კომპანიამ 40 000 დოლარი სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მიიღო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: