Batumelebi | ძროხები, რომლებიც 30 ლიტრს იწველიან – მოსახლეობისთვის ძროხები, რომლებიც 30 ლიტრს იწველიან – მოსახლეობისთვის – Batumelebi
RU | GE  

ძროხები, რომლებიც 30 ლიტრს იწველიან – მოსახლეობისთვის

 

ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს პირველად „მაღალპროდუქტიული მერძევე მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგრამას განახორციელებს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 478 500 ლარია. ამ თანხით სამინისტრო მერძევე ჯიშის 87 ძროხას ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ბაზარზე ერთი ძროხა 5 500 ლარი ღირს.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, მაღალპროდუქტიულ ძროხას ფერმერებს თანადაფინანსებით გადასცემს. ამ სამინისტროში მინისტრის მოადგილის – სულიკო ბერიძის თქმით, სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამით შერჩეული ბენეფიციარები ღირებულების – 5 500 ლარის მხოლოდ 20%-ს გადაიხდიან, დანარჩენ 80%-ს კი სახელმწიფო დაფარავს. ვის ერგება სახელმწიფოსგან 80%-ის თანადაფინანსებით მაღალპროდუქტიული ძროხები, ამას სამინისტროში არსებული კომისია გადაწყვეტს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროგრამით მოსარგებლეები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმით შეირჩევიან, უპირატესობა კოოპერატივს ან იმ ფერმერს მიენიჭება, ვისაც მინიმუმ 10 მეწველი ძროხა ჰყავს.

 

იმისთვის, რომ ფერმერმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ძროხა სახელმწიფოს თანადაფინანსებით იყიდოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით უნდა მიმართოს. მას შემდეგ, რაც, პროგრამის ფარგლებში, მოსარგებლე ბენეფიციართა განცხადების დაწერის ვადა ამოიწურება, გამგეობებსა და სამინისტროში შესულ განცხადებებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედი კომისია განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს.
პროგრამის შესახებ მოსახლეობის ნაწილი ინფორმაციას არ ფლობს, შესაბამისად, არც განცხადებებს წერენ. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულში მცხოვრები ფატი ნაკაშიძე ამბობს, რომ პროგრამის თაობაზე მისთვის არავის უთქვამს. “პროგრამის შესახებ არაფერი მსმენია, რომ ყოფილიყო გავიგებდი, არა მგონია ვინმემ იცოდეს, ერთს რომ სცოდნოდა, სხვებიც გაიგებდნენ. მახსოვს, საუბარი იყო ბუღების შემოყვანაზე, თუმცა მსურველი რომ არ გამოჩნდა, პროგრამა არ განხორციელებულა“, – ამბობს ფატი ნაკაშიძე.

 

პროგრამის შესახებ ინფორმირებული არც ხულოელი ნარგულ ხოზრევანიძეა.
„ძროხების თანადაფინანსებით შეძენაზე არ მსმენია, მაგრამ ჩვენს პირობებში ასეთი ძროხები რთული მოსავლელი იქნება. როგორც ვიცი, ადგილზე უნდა გამოიკვებოს, ადგილზე მოვლა კი, ძვირი ჯდება. ჩვენთან საქონელი უმეტეს ნაწილს გამოსაკვებად იალაღებზე გადაჰყავს და იქ უვლის, თითქმის ექვსი თვე“, – ამბობს ნარგული.

 

მაღალმთიანი აჭარა, მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა, მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

ქედის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის დარგში მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ ძროხების თანადაფინანსებით შეძენისთვის ქედის გამგეობაში რვა მოქალაქის განცხადება შევიდა. გამგებლის თანაშემწე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილი განცხადებას სამინისტროში წერს და, შესაბამისად, მსურველიც გაცილებით მეტია.

 

„მიზნობრივ პროგრამებთან დაკავშირებით განცხადებით მოქალაქეების ნაწილი ჩვენ მოგვმართავს, ნაწილი – აგროსერვისცენტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ძროხების შეძენის სურვილით რვა განაცხადი შემოვიდა, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს“, – ამბობს მერაბ ტაკიძე.

 

სოფელ ცხმორისში მცხოვრები შოთა ანანიძე ერთ-ერთია, ვინც ქედის გამგეობას განცხადებით მიმართა და თანადაფინანსებით ძროხების ყიდვის სურვილი გამოთქვა. მესაქონლეობა ამ ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ფერმერი ამბობს, რომ ძროხა, რომელიც სამინისტრომ უნდა შეისყიდოს მისთვის, რთული მოსავლელი არ იქნება.

 

„განცხადება დავწერე, თუ გადმომცემენ კარგი იქნება, მაგრამ თუ სიაში ვერ მოვხვდი, რას ვიზამთ, მყავს ძროხები და იმას მოვუვლი ისევ. ჯერ არ ვიცი რამდენს მოიწველიან ძროხები, რომლებსაც შემოიყვანენ, მაგრამ მე ხუთი მეწველი მყავს და ოჯახში ყოველდღიურად 40 ლიტრამდე რძე შემოგვდის. არამგონია, რამე სპეციალური გამოკვება სჭირდებოდეს, სპეციალური საკვები არც ერთ პირუტყვს არ სჭირდება, რამდენსაც აჭმევ ბალახს და ქატოს, იმდენს მოწველი“, – ამბობს შოთა ანანიძე.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სულიკო ბერიძის განცხადებით, მიზნობრივი პროგრამის „მაღალპროდუქტიული მერძევე მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ფარგლებში სამინისტრო საზღვარგარეთიდან შემოყვანილ მაღალწველადობის ძროხებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. პროგრამის განსახორციელებლად წელს 478 400 ლარია გამოყოფილი. 87 ძროხის შეძენაზე ტენდერის გამოცხადებას სამინისტრო მომავალ კვირას გეგმავს, ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ჯერსის ჯიშის ძროხები უნდა შემოიყვანოს, ძროხებს ფერმერებს კი, აგვისტო-სექტემბერში გადასცემენ.

 

„ძალიან კარგი პროგრამაა, ადრე რომ განხორციელებულიყო მსგავსი პროგრამა, დღეს გაუმჯობესებული ჯიშები გვექნებოდა და მესაქონლეობის კუთხით წინ ვიქნებოდით. ჩემი აზრით, პროგრამა გაამართლებს და წარმატებული იქნება. არამარტო კარგ შემოსავალს მოიტანს, ჯიშებსაც გააუმჯობესებს. პროგრამის ფარგლებში, ჯერსის ჯიშის 19-დან 22 თვემდე ასაკის, მაკე დეკეულს შევისყიდით, სულ 87 მსხვილფეხა რქოსანს, იქედან გამომდინარე, რომ მათი შემოყვანა საზღვარგარეთიდან უნდა განხორციელდეს და პრობლემა არ შეგვექმნას, ამიტომ განვსაზღვრეთ მაკეობის 3-5 თვე. ძროხების შეძენასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებაზე ვმუშაობთ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოვაცხადებთ ტენდერს“, – განაცხადა სულიკო ბერიძემ.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერსის ჯიშის ძროხა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ფერმერებს თანადაფინანსებით გადასცემს, 25-30 ლიტრ რძეს იწველება. მისივე თქმით, ამ ჯიშის ძროხა სრულ წველადობას მხოლოდ მეექვსე ხბობაზე იძლევა და მას არც განსაკუთრებული სახის საკვები სჭირდება და ჩვენს პირობებში ჩვეულებრივი მოსავლელია. „თუ ჩვენთან გავრცელებული ჯიშის ძროხა ძირითადად 3-5 ლიტრ რძეს იწველება, ჯერსის ჯიში დღეში 30 ლიტრამდე რძეს მოგვცემს. პირველი ხბოდან მეექვსე ხბომდე წველადობის პროდუქტიულობა იზრდება. ფერმერი პირველ ხბოობაზე რძის მხოლოდ 72%-ს მიიღებს, მეორეზე – 84, მესამეზე – 90, მეოთხეზე – 94, მეხუთეზე – 96 და მეექვსე ხბობაზე წველადობის 100 %-ს გვაწვდის. სრული წველადობის შემდეგ იწყებს კლებას, მეშვიდეზე – 92, მერვეზე – 84 და თანდათანობით ასე კლებულობს. რაც შეეხება მის ხარისხს, რძეში ცხიმიანობა 5-7%-მდე მერყეობს. მართალია, ასეთ ძროხას კარგი მოვლა სჭირდება, მაგრამ არა -სპეციალური საკვები, მისი გამოკვება ჩვენს პირობებში შესაძლებელია.

 

ეს არის დაბალი ტანის, ძვალმაგარი რქოსანი, რომელსაც შეუძლია გადაადგილება როგორც მთაში, ასე – ბარში. კარგი მოვლა სჭირდება ნებისმიერ პირუტყვს, მაგრამ ამ ჯიშის ძროხას თუ სათანადო პირობები არ აქვს, არ მოიწველის. ამასთან ხარისხიანი საკვები უნდა მიაწოდო. ჩვენს პირობებში 20 ლიტრიც რომ მოიწველოს, ცუდი არ იქნება, საქონელს სჭირდება კონცენტრირებული და წვნიანი საკვები, უხეში საკვებით რომ ვკვებოთ დილიდან საღამომდე, მაგალითად თივით, ან ჩალით, ხმელი საკვებით, რძის მაღალ პროდუქტს ვერ მივიღებთ, მაგრამ თუ გამოვიყენებთ კონცენტრირებულ წვნიან საკვებს, როგორიცაა – სილოსი, სენაჟი, კარგი ხარისხის თივა, ქატო, კომბინირებული საკვები და ა. შ. რომელიც შეიცავს სხვადასხვა სახის ვიტამინს, შესაბამისად ხარისხიან და ბევრ რძეს მივიღებთ. კონცენტრირებული საკვები ადგილზეც შეიძლება დამზადდეს“.

 

დაწესებული კრიტერიუმით ფერმერს პირუტყვის სადგომიც შესაბამისად უნდა ჰქონდეს მოწყობილი. სულიკო ბერიძე: „ფერმერებს პირუტყვის სადგომზე ევროსტანდარტი რომ წავუყენოთ, ამ საქონელს ვერავინ წაიყვანს, მაგრამ ის პირობები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, შესაძლოა გაკეთდეს, მაგალითად, სინათლე, ჰაერგამწოვი, გარეთ გამოსაშვები, პატარა საბალახოები… ამის მოწყობას სექტემბრამდე შეძლებენ. ძროხებს მუნიციპალიტეტების მიხედვით გადავანაწილებთ. უპირატესობა კოოპერატივს ან იმ ფერმერს მიენიჭება, რომელსაც 10 ან მეტი მეწველი ძროხა ჰყავს. ძირითადი აქცენტი ქედაზე, ხულოსა და შუახევზე იქნება გადატანილი, რა თქმა უნდა, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ფერმერებსაც გადაეცემათ, მაგრამ უფრო მეტი წილი ზედა რაიონებზე იქნება. ამ საკითხზე კომისია იმსჯელებს, კომისიის თავმჯდომარე მე ვარ, კომისიის შემადგენლობაში კი ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იქნება, ჩვენ შევისწავლით ყველას, ვისაც სურს თანადაფინანსებით ძროხის ყიდვა, მაგრამ მას გადავცემთ, ვინც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ვისაც ძროხის მოვლა-შენახვის უნარი გააჩნია. მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროში დაახლოებით 500 განაცხადი შემოვიდა, აქედან ზოგიერთი ერთს ითხოვს, ზოგიერთი – ხუთს და ზოგიერთიც – 10 ძროხას. ყველაზე მეტი განაცხადი ხულოს მუნიციპალიტეტზე მოდის… ფერმერებს ვეტერინარულად შემოწმებულ ძროხებს გადავცემთ, აგრეთვე შევამოწმებთ კერებს, – იქ, სადაც წლების წინ ბრუცელოზი, ჯილეხი ან სხვა სახის გადამდები დაავადება იყო გამოვლენილი, ასეთ კერებში ძროხას ვერ გადავცემთ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე