მთიანი აჭარა

აჭარაში თოვა შეწყდა

09.01.2015 • 2936
აჭარაში თოვა შეწყდა

 

 

 

ხულო

ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია ყველა მოსახლეს მიეწოდება და გზებზე მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა

ბესიკ ბაუჩაძე: „ელექტროენერგია დაბას და სოფლებს სრული დატვირთვით მიეწოდება. გზები გაწმენდილია, ზვავი არ ყოფილა, არის მხოლოდ ერთი საფრთხე – გზები არის მოყინული და შესაბამისად ღამის საათებში მძღოლებისთვის გადაადგილება რისკის შემცველია“

გამგებლის ინფორმაციით, ნებისმიერ ავტომობილს შეუძლია მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე, გარდა ბაკი-ბაკოს, რიყეთის, დეკანაშვილების, უჩხოს, გუდასახოს, დანისპარაულისა და გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე სოფლების მიმართულებით, სადაც მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილებისთვის არის დასაშვები მოძრაობა. ამ სოფლებში მოსახლეობა საცალფეხო გზით სარგებლობს.

ხულოს ტერიტორიაზე საქართველოს გზების დეპარტამენტისა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის 16 ტრაქტორი მუშაობს.

 

შუახევი:

შუახევში 60-70 სანტიმეტრამდე თოვლია. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამბობს, დიდთოვლობას განსაკუთრებული პრობლმები არც შუახევში შეუქმნია, მუშაობს 15 ერთეული ტრაქტორი და ყველა სოფელთან მისასვლელი გზა გაწმენდილია.

„გასულ ღამეს 200 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, თუმცა ამ მომენტისთვის ელექტროენერგია ყველას მიეწოდება. არ ყოფილა ზვავი ან მეწყერი. შუახევში ყველაზე პრობლემური სოფელი ნაღვარევია, დიდთვლობის შედეგად იკეტება გზა და წყდება გარემოს, თუმცა ამ დიდთობლობაზე ეს პრობლემა არ შექმნილა“.

 

ქედა:

ქედაში, სადაც თოვლის საფარმა ზოგან ერთ მეტრსა და 20 სანტიმეტრს მიაღწია, 17 ერთეული ტექნიკა მუშაობს. უხვმა ნალექმა 9 თემიდან 7 თემში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა, ხოლო სოფელ ნამონასტრევთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, სადაც 12 კომლი ცხოვრობს.

ქედის გამგებლის დავით დუმბაძის თქმით, სოფელ ნამონასტრევთან მისასვლელი გზის გაწმენდა ხვალ დაიწყება. 

დავით დუმბაძე: „ნამონასტრევში კარდიოლოგიური პრობლემით ავადმყოფიც გვყავდა, რომელსაც ამბულატორიული დახმარება ადგილზე აღმოვუჩინეთ. ეს სოფელი ზვავსაშიშია ამიტომ გზის გაწმენდა სახიფათოა, 9-10 წლის წინ იყო შემთხვევა, როცა თოვლისგან გზის გაწმენდის დროს ზვავში ბიჭი მოყვა და დაიღუპა. ამიტომ დღეს არ ჩავთვალეთ ამ გზის გაწმენდა საჭიროდ, მზად გვყავდა ტექნიკაც, სამაშველოც, ექიმებიც.

ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები იყო ტრანსფორმატორებზე, ასევე ხაზებზე – მოკლე ჩართვის გამო. დღეს პირველი საათისთვის ყველა თემში აღდგა ელექტროენერგია”.

 

ხელვაჩაური:

ხელვაჩაურის გამგებლის ინფორმაციით ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ყოროლისთავში აბონენტებს, შუადღით სოფელ თხილნარში ჩამოწვა ზვავი, რომლის გამოც 30 ოჯახი ვერ ახერხებს საავტომობილო გზით სარგებლობას.

 „ფორსმაჟორული და კატასტროფული მდგომარეობა არ გვქონია, მაგრამ თოვლმა ჩაკეტა ცენტრალური გზები სოფლების მიმართულებით ორთაბათუმში, მახო-სიმონეთის მიმართულებით, მაჭახელში. თხილნარში ზვავი ჩამოწვა, რომელმაც ხეებიც დაგლიჯა და საავტომობილო გზა ჩაკეტა. გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია და ხვალ დილით დავასრულებთ“ – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

ხელვაჩაურში გზების გაწმენდით სამუშაოებზე 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

 

ქობულეთი:

ამ დროისთვის გაწმენდილია ცენტრალური გზები ქობულეთში. გამგებლის ინფორმაციით დარჩენილია შიდა გზები, რომლის გაწმენდაც ხვალ განახლდება. ქობულეთში ამ ეტაპზე ელექტროენერგია მიეწოდება მთელს მუნიციპალიტეტს გარდა საჩინოს 100 აბონენტისა, სადაც მიმდინარეობს მუშაობა და დღეს საღამოს ჩართავენ.

ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, ამჯერად,  ძირითად ქალქში მოვიდა თოვლი: „დაზიანდა ამფითეატრის სახურავი, ამინდის გამუმჯობესების შემდეგ დავითვლით ზარალს და აღვადგნეთ სახურავს. 11 ერთეული ტექნიკა მუშაობდა დღეს. წუხელ 3 საათზე ოზურგეთი-ქობულეთის მაგისტრალზე სამი მანქანა ჩაიხერგა, მუხაესტატედან ჩოლოქის ხიდამდე მოყინული იყო გზა. გამოვიძახეთ ტრაქტორები და გავწმინდეთ გზა”.

 ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგებლების თქმით, სპეცტექნიკა მობილიზებულია და აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ დროს საჭირო ადგილზე მისვლა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: