მთიანი აჭარა

„ხუთსულიან ოჯახს ლუკმა აგვართვეს“ – როგორ მოპარეს 80 წლის პედაგოგს ძროხა

15.03.2014
„ხუთსულიან ოჯახს ლუკმა აგვართვეს“ – როგორ მოპარეს 80 წლის პედაგოგს ძროხა

 

 

აკაკი ბერიძე: „55 წელია პედაგოგად ვმუშაობ, 27 თებერვალს 80 წლის იუბილე მქონდა. პედაგოგები, თანამშრომლები და მეგობრები მოვიდნენ, ავღნიშნეთ. მერე პირველ მარტს, შაბათს მოყვრები და ნათესავები ამოვიდნენ ბათუმიდან, დიდი დღეობა გავმართეთ, ასე სამოცდაათამდე ვიქნებოდით, მაგრამ არ შემერგო –  მესამე დღეს, 3 მარტის ღამეს ახალ ხბოიანი ძროხა – „ბოჩოლა“ და წლინახევრის დეკნა მომპარეს.

 

 

ოთხ მარტს დილით 7 საათზე შევედი ბოსელში, წყალი უნდა შემეტანა. კარი ღია იყო და შიგნით მარტო ერთი ბებერი ძროხა და სამი დღის ხბო დამხვდა, მაშინ სიცივეები იყო და  გაყინულიყვნენ. მილიციაში დავრეკე. სკოლაშიც ვერ წავედი, ამოვიდნენ  ჩვენი უბნის რწმუნებული და  ერთი 6 კაცი ქედიდან. იკვლიეს სოფელში, იარეს, ოჯახში ახსნა -განმარტებითი ბარათი  აიღეს,  გაესაუბრენ მეზობლებს და  წავიდნენ.   ხუთშაბათს, გაკვეთილების შემდეგ მე წავედი განყოფილებაში.იქ უფროსმა მითხრა, ნუ გეშინია, ჩვენ რაცხას ვიზამთო და ამის მეტი არაფერი ვიცი.

 

 

ჩვენ ოჯახში ხუთი სული – ორი შვილიშვილი, ცოლ-ქმარი და მე – ბაბუი ვართ. შემოსავალი სიმინდი, ლობიო, კარტოფილი და საქონელია სოფელში. ჩვენ ეგ „ბოჩოლა“ გვყავდა პროდუქტიული და დეკნაც მომავალი წლიდან უკვე ძროხა იქნებოდა. ახლა დაგვრჩა ბებერი ძროხა, ჩვილი ხბოც რძის გარეშე რომ დარჩა, გავატანე ჩემ ბაჭს და გაყიდა, აბა შიმშილით ხომ არ მოვკლავდი.

 

ერთი სიტყვით, პირდაპირ ლუკმა აგვართვეს ხუთსულიან ოჯახს. მე 80 წლის კაცი ვარ და ასეთი რამ ჯერ არც სოფელს ახსოვს და არც მე მახსოვს. დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში ღმერთიდან ასეთი რწმენა მაქვს, რომ ამ სოფელში არ არის ჩემი საქონელი, ამ სოფლის ხალხს არ წაუყვანია…  წაიყვანეს ალბათ სადმე სოფლის გარეთ. სოფელში მეზობლები ყველა წუხან, მაგრამ ჯერ არაფერი არ ჩანს. ვნახოთ რა იქნება, სხვა რა შეგვიძლია ველოდებით, იქნება გამოჩნდენ ჩემი ბოჩოლა და დეკნა სადმე.“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: