Batumelebi | ჰესების მშენებელი კომპანია მოსახლეობას და საჯარო რეესტრს უჩივის ჰესების მშენებელი კომპანია მოსახლეობას და საჯარო რეესტრს უჩივის – Batumelebi
RU | GE  

ჰესების მშენებელი კომპანია მოსახლეობას და საჯარო რეესტრს უჩივის

ცაგო კახაბერიძე


იურისტის განმარტება წინასაარჩევნოდ დარეგისტრირებული ნაკვეთების კანონიერებაზე.




 „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირინე ურუშაძე თავად გაეცნო იმ სარჩელებს, რომლებიც დღეს სოფელ აჭარისწყლის მოსახლეობამ მიიღო. ორგანიზაცია სასამართლო პროცესზე მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს.

„იმ სარჩელების თანახმად, რომლებიც   მესაკუთრეებს  ჩააბარეს, „აჭარ ენერჯი 2007“, რომელიც აშენებს ჰესებს,  მესაკუთრეებსა და საჯარო რეესტრს უჩივის.

2012 წლის ზაფხულში, წინასაარჩევნო პერიოდში, საჯარო რეესტრმა სპეციალური დადგენილების საფუძველზე, უფასოდ დაურეგისტრირა ნაკვეთები მოსახლეობას.  ამავე დადგენილების საფუძველზე  დაირეგისტრირეს ნაკვეთები აჭარისწყლის თემშიც.

კომპანია „აჭარ ენერჯი 2007″ -მა  ჰესების მშენებლობა რომ გააგრძელოს, უნდა იყოს ამ მიწის ნაკვეთების მესაკუთრე, ახლანდელი მესაკუთრეები  კი უარს ეუბნებიან ნაკვეთების მიყიდვაზე, რადგან პირობებზე ისინი ვერ შეთანხმდნენ.

ამის გამო „აჭარ ენერჯი 2007“ -მა მესაკუთრეებს უჩივლა სასამართლოში, რათა გააუქმოს მათ მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.  ასეთი რამ შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა მომჩივანს აქვს რაღაც უფლება მიწის ნაკვეთზე და ეს ნაკვეთი არის სხვის საკუთრებაში.

„აჭარ ენერჯი 2007“  უჩივის როგორც მესაკუთრეს, ასევე საჯარო რეესტრს.  სარჩელის თანახმად კომპანია მესაკუთრე არ არის და ამაზე პრეტენზიას არც აცხადებს, მაგრამ ამბობს: მე უნდა ვაშენო ჰესი, მაქვს აღებული ვალდებულება, მაგრამ ვერ ავაშენებ თუ ვერ ვიყიდე ნაკვეთები. კომპანია აცხადებს, რომ ვერ იყიდის ამ ნაკვეთებს მოსახლეობისგან და უფრო მარტივად იყიდის სახელმწიფოსგან. ეს არგუმენტია საჩივარში მითითებული.

დღეს შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს მოსახლეობას, თქვენი რეგისტრაცია არ არის სრულყოფილი და შესაბამისად, თქვენგან ნაკვეთების შესყიდვის შესაძლებლობა არ გვაქვსო.  რეალურად სარჩელში არსად არ არის მითითებული, რომ რეესტრმა რომელიმე შესყიდული ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი უკვე თქვა.

კომპანია მოსახლეობას ეუბნება: ან ჩვენ მოგიგებთ დავას, ან გაასწორეთ რეგისტრაცია და  თქვენგან შევისყიდით ამ ნაკვეთებს. რაში მდგომარეობს რეგისტრაციის გასწორება  – ჩვენთვის ეს ჯერჯერობით გაუგებარია, ახლა ვსწავლობთ საქმეს და სამართლებრივად სრულყოფილად ჯერჯერობით ვერ შევაფასებთ პროცესს. ერთადერთი შეიძლება განვიხილოთ შესაძლებლობა, როდესაც  რეგისტრაცია გაკეთებულია ელექტრონული ნახაზის გარეშე. ყველა საქმეს  არ ვიცნობთ ჯერჯერობით, მაგრამ რასაც უკვე გადავხედეთ, თითქმის ყველას აქვს გაკეთებული ელექტრონული ნახაზი.

ჯერჯერობით, სანამ ბოლომდე არ შევისწავლით საქმეს, ძნელია იმის თქმა, რომ „აჭარ ენერჯი 2007″ -ის სარჩელი უსაფუძვლოა, მაგრამ პირველადი შეფასებით, კომპანია, როგორც მინიმუმ, არ არის მართალი,  პლიუსი არის ის, რომ კომპანია მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს მოსახლეობასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე