ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული – მიზეზი და რეკომენდაციები

30.09.2024
ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული – მიზეზი და რეკომენდაციები

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 30 სექტემბრიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.“

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი დილით გაცილებით ცუდი იყო, ვიდრე დღის პირველი საათისთვის.

ავტომატური სადგურების მიერ ბათუმში 30 სექტემბერს ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10] შემცველობის შემდეგი მაჩვენებლები დაფიქსირდა: „ცუდი“ და „დამაკმაყოფილებელი“,

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.

ამ რეკომენდაციების მიხედვით:

  • თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:

„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;

შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“

  • თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:

„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები“.

„ტრანსასაზღვრო დაბინძურების“ გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:

თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

ამავე თემაზე:

ხვალ საქართველოში გაავდრდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: