Batumelebi | ვის ირჩევს ბათუმი ვის ირჩევს ბათუმი – Batumelebi
RU | GE  

ვის ირჩევს ბათუმი

 

ბათუმის მაჟორიტარობისთვის საქართველოს პარლამენტში, სულ რვა კანდიდატი იბრძოლებს. კონკურენციის მიუხედავად, აქტიური საარჩევნო კამპანიით მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი გამოირჩევა. 

 აქტიურ საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს „ნაცმოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძე. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ბარამიძე მოსახლეობას პრესის გარეშე ხვდება. მცდელობის მიუხედავად „ბათუმელებმა” გიორგი ბარამიძესთან დაკავშირება ამ ჯერზე ვერ შეძლო.

 

ყველაზე უჩინარი კანდიდატი „მერაბ კოსტავას საზოგადოებიდან“ წარდგენილი როინ დიასამიძეა. პარტიას ბათუმში არც ოფისი აქვს და არც აქტიური საარჩევნო კამპანია. ერთადერთი წყარო, სადაც კანდიდატის შესახებ შეიძლება რაიმე ინფორმაცია მოიპოვო „ფესბუქია“. კანდიდატს ქსელში ორი ფოტოსურათი და ის ინფორმაცია უდევს, რომ კოსტავას საზოგადოების წევრია, დამთავრებული აქვს ბათუმის მე-13 სკოლა და რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. სხვა ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ხელმისაწვდომი არ არის. „ბათუმელებმა“ კანდიდატს სოციალურ ქსელში შეტყობინებაც დაუტოვა –  როინ დიასამიძე კავშირზე არ გამოსულა.

 

„მომავალი საქართველოს“ რჩეული ალექსანდრე ლომოურია. მისი საარჩევნო შტაბი ბათუმში არ ფუნქციონირებს. ის თბილისში ცხოვრობს და როგორც სატელეფონო საუბრისას გვითხრა, ბათუმში ჩამოსვლას რამდენიმე დღეში აპირებს. ლომოური ირწმუნება, რომ საარჩევნო კამპანიას ატარებს, ოღონდ კამერების გარეშე. „კამპანია ხმაურის გარეშე მიმდინარეობს, ჩემი წარმომადგენლები მუშაობენ მოსახლეობასთან“. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ლომოური ბათუმელებისთვის უცნობი პირია, იგი გამარჯვებაში მაინც დარწმუნებულია: „ჩვენი პარტიის სლოგანია ავაშენოთ საქართველო სუფთა ხელებით. და მინდა სუფთა ხელებით იქ გავიმარჯვო, სადაც არ მიცნობენ“.

 

კანდიდატის კარიერა მედიიდან იწყება, ის პროფესიით ჟურნალისტია. როგორც ამბობს, მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოებსა და საზოგადოებრივ რადიოში. ამის შემდეგ ლომოურის კარიერა საჯარო სამსახურებს უკავშირდება: „ვმუშაობდი სოფლის მეურნეობისა და თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, შემდეგ კი ეროვნულ გვარდიაში ვიყავი“.

 

 

პოლიტიკაში წასვლის მიზეზად გამოცდილებას ასახელებს: „ჩემზე უკეთ ინგა გრიგოლიამ განმარტა, რატომ მიდიან ჟურნალისტები პოლიტიკაში –  მათ უფრო მეტი გამოცდილება და უფრო მეტი თავისუფალი ხედვა გვაქვს“.

 

 

ალექსანდრე ლომოური ირწმუნება, რომ მისი საარჩევნო მესიჯი სხვებისგან განსხვავებულია: „მუნიციპალური საავადმყოფოები არ არის ლეიბორისტების იდეა, ჩვენი იდეაა. განსხვავებულია ის, რომ მოვითხოვთ დაბალ ტარიფებს საქალაქო ტრანსპორტზე, მრავალშვილიანი ოჯახების კომპენსირებას და უფასო მშობიარობას“.  

 

 

უცნაური საარჩევნო კამპანია აქვს „ქრისტიან დემოკრატების“ კანდიდატს, ირაკლი ნარაკიძეს. იგი ექიმია და ბათუმის მეზღვაურთა საავადმყოფოში 35 წელია მუშაობს. საარჩევნო შტაბი არც მას აქვს გახსნილი. „თუ ამირჩევენ ამირჩევენ, თუ არა  და არ ვარ ის კაცი, ვეხვეწო ამირჩიეთ-მეთქი. როცა პარტიის წარმომადგენლები გადიან ხალხთან შესახვედრად, მეც მივყავარ და ასე ვხვდები ამომრჩეველს, ცალკე რესურსების დახარჯვას არ ვაპირებს“, – აცხადებს იგი.

 

 

ირაკლი ნარაკიძე პარტიის წევრი არ არის, ის თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს ხელვაჩაურში. ვერ გაიმარჯვა. წარსული გამოცდილების მიუხედავად, მას „ქდმ-ს“ შემოთავაზებაზე უარი არ უთქვამს. ირაკლი ნარაკიძე თავის კონკურენტებად გია ბარამიძეს და მურმან დუმბაძეს მიიჩნევს. 

 

 

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ კანდიდატი მაია პაპიძეც, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეა. ის წლების წინ აჭარის რადიოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ მუშაობდა. „ცოტა ხნის წინ ბიზნესშიც გადავინაცვლე და საზღვაო სააგენტო „პონტო-მარია“ დავაფუძნე. არენდით ვამუშავებდი სასტუმროს და პატარა სამშენებლო კომპანიაც მქონდა, რემონტებს ვაკეთებდით. შეკვეთების ნაკლებობის გამო კომპანია გაჩერდა. გაკოტრდა საზღვაო სააგენტოც.

 

სააგენტო თაბაშირ-მუყაო შემოჰქონდა, როცა თბილისში  გაიხსნა ამის ქარხანა, კონკურენცია ვეღარ გავუწიეთ“. კანდიდატი ამბობს, „ამჟამად წალკაში გადავინაცვლე და რამდენიმე ძროხა შევიძინე. ჯერჯერობით, შემოსავლიანია“. 

 

მაია პაპიძე განსაკუთრებულ საარჩევნო კამპანიას არ ატარებს: „სატელევიზიო ბრიფინგები გვაქვს და ამომრჩეველსაც ვხვდებით“. მთავარ აქცენტს ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე აკეთებს: „ძალიან უჭირს მოსახლეობას გადასახადების გადახდა, განათლება და მკურნალობა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. მთელი დასტა სიების მიდევს იმ ადამიანებისა, ვისაც საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია“.

 

 

კანდიდატების სიმრავლის მიუხედავად, მაია პაპიძეს გამარჯვების იმედი მაინც აქვს: „ნათლულები მყავს, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და რა ვიცი, ბევრი ადამიანი მიცნობს. ვფიქრობ, მომცემენ ხმას. მესმის, რომ საარჩევნოდ ყველა გაჭირვებულს უსვამს თავზე ხელს, მაგრამ მათ არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთონ, რომელი ხელიდან უფრო მეტ სითბოსაც იგრძნობენ“.

 

 

კანდიდატის მეუღლე, ამჟამად უმუშევარი ჯონდო აბრამიშვილი ყოფილი პოლიციელია: „მყავს ორი ქალიშვილი. ერთი სლოვენიაში ცხოვრობს, მეორე კი ჩვენთან. მე ვარ ისეთივე ადამიანი, როგორც ჩემი ამომრჩეველია, ამიტომ მე შევძლებ მათი პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანას“. 

 

„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რამინ პაპიძე ბათუმში ცნობილი ადვოკატია. მის სახელს უკავშირდება ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა როინ შავაძის – აგვისტოს ომის დროს მოკლული სერჟანტის, ასევე აჭარის ტელევიზიის წინ 2011 წლის 21 მაისის მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს დაკავებული მონაწილეების საადვოკატო მომსახურება.

 

რამინ პაპიძემ მისი პოლიტიკაში წასვლის მიზეზად სასამართლო ხელისუფლების უუნარობა დაასახელა: „ხელისუფლება მიზანმიმართულად ეწევა ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაციას. მე, პირადად, განვიცდი პროფესიულ დევნას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საადვოკატო საქმიანობა ყოვლად უსარგებლოა“.

რამინ პაპიძე ერთადერთი ადვოკატია, რომელიც „ხელისუფლების მოსამართლეებმა“ 11 000 ლარით დააჯარიმეს: „ვალებს პრინციპულად არ ვიხდი, რადგან ყველა გადაწყვეტილება იყო უკანონო. არც ქონებას ვფლობ ოფიციალურად, იძულებითი აღსრულება რომ მოახდინონ. თუკი დეპუტატი გავხვდები, ხელფასიდან დაიწყებენ თანხის ამოღებას, მაგრამ მე მოვითხივ ამ საქმეების გადახედვას“. 

 

 

რატომ დაუკავშირა ადამიანის უფლებადამცველმა საკუთარი პოლიტიკური კარიერა პარტიას, რომლის საარჩევნო კამპანიაც ყველაზე ქსენოფობიურია? რამინ პაპიძე: „ვფიქრობ, კლიპში, სადაც საუბარია იმაზე, რომ დავიბრუნებთ უცხოელებისგან მიტაცებულ მიწებს, ან აღვკვეთთ ჰომოსექსუალებისა და სექტების პარპაშს, არ იქნა ისე გაგებული, რა შინაარსიცაა ჩადებული. ამ სლოგანზე მეც გამიჩნდა კითხვა, მაგრამ როგორც ამიხსნეს, აქ საუბარია ქონებაზე, რომელიც კორუფციული გზებით გასხვისდა. ხელისუფლებამ სწორედ დაუსაბუთებელი ქონების მუხლით ჩამოართვა აბაშიძისა და შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ქონება. რაც შეეხება უმცირესობებს, – არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალობის აგიტაცია, თუმცა ამ მესიჯების ფორმულირებაც არასწორი იყო“. 

 

 

რამინ პაპიძის აზრით, საარჩევნო კამპანია ერთფეროვანი და საკმაოდ არადინამიურია:

 

„ტელევიზორში ბრიფინგები რომ ტარდება, ამით თუ მიხვდები, რომ არჩევნებია, ქალაქში არჩევნების მუხტი ნაკლებად იგრძნობა. ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლიბების სახით წერტილოვანი დარტყმები მიაყენა ოპოზიციას – შეგვიზღუდა ფინანსური რესურსის გამოყენება, რაც აისახა კიდევ საარჩევნო კამპანიებზე. ამის გარდა, ხელისუფლება გადავიდა იატაკქვეშეთში და ისე აგრძელებს ამომრჩევლის დაშინებას. არასამთავრობო სექტორი კი არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აუხსნას მოსახლეობას თუ რატომ ვერ გაიგებს ხელისუფლება მისი ნების შესახებ და როგორ შეიძლება იყოს მისი ხმა დაცული“.

 

რამინ პაპიძე საარჩევნო მესიჯების ერთფეროვნებაზეც აკეტებს აქცენტს: „კამპანია მიდის ერთი და იმავე საკითხებზე. მეზიზღება, ტაკიმასხარა მგონია თავი.  ამომრჩევლისთვისაც მომაბეზრებელია ეს ყველაფერი“.

 

რამინ პაპიძის აზრით, პარლამენტში ოპოზიციის უმცირესობით შესვლაც კი მნიშვნელოვანია: „უმცირესობა გადაწყვეტილების მიღების დროს უძლურია, მაგრამ დეპუტატს აქვს ბერკეტი მუდმივი წეზოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე და ხალხის ინტერესები მაინც დაიცვას“.

 

თამაზ დევაძე „ლეიბორისტული მოძრაობის„ კანდიდატია. დამთავრებული აქვს ტექნიკური ინსტიტუტი და წლების განმავლობაში მუშაობდა ტრანსპორმატორების ქარხანაში, ჯერ მუშად, შემდეგ კი ხარისხის კონტროლიორად და ინჟინერ-ტექნოლოგად: „პერესტროიკის შემდეგ, სამი წელი დავით კომახიძის ორგანიზაციაში უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობაზე ვმუშაობდით. იქ საკუთარი ძალების რეალიზება ვერ მოვახერხე, რადგან მათ ინიციატივები არ აინტერესებდათ“.

 

 

შემდეგი ნაბიჯი კერძო ბიზნესი იყო: „გერმანიიდან და ჰოლანდიიდან  ავტომანქანებსა და ავეჯს ვეზიდებოდი. ბევრი მოგება არ მქონდა, მაგრამ ოჯახს ვარჩენდი. ბოლო შეკვეთა ვარდების რევოლუციას დაემთხვა. ამის შემდეგ ეს ბიზნესიც გაჩერდა. ახლა ვარ უმუშევარი და სოფელი მარჩენს. თხილნარში  მანდარინის ბაღი მაქვს. მყავს სამი შვილი, მეუღლეც უმუშევარია“.

 

თამაზ დევაძე ამბობს, რომ ბუნებით ლმობიერია, რის გამოც ოჯახის წევრები პოლიტიკურ წინსვლას არ უწინასწარმეტყველებენ: „მამაჩემმა მითხრა, შენი ბუნების ადამიანის პოლიტიკაში არ უნდა წასულიყო – წარმატებას რომ მიაღწიო ან ენამოსწრებული უნდა იყო, ან თაღლითი, შენ კი არც ერთი არ ხარო“.

 

 

გამარჯვების შემთხვევაში ჯანდაცვის სფეროში მუშაობას აპირებს. მიაჩნია, რომ მოსახლეობა უფასო ჯანდაცვით უნდა სარგებლობდეს:

 

„მე ისეთი რამე ვნახე… ბრტყელტუჩა ხომ იცით, იმით ამოიღო კაცმა კბილი, საკუთარი ხელით -სტომატოლოგთან მისვლის ფული არ ჰქონდა. გაოგნებული ვიყავი, ეს როგორ გააკეთეთ-მეთქი, შვილიშვილი რომ გესტუმრება და ვახშამს ვერ აჭმევ, იმაზე მწარე მაინც არ არისო. სოციალურად დაუცველი არ ვარ, მაგრამ შეიძლება ეს ფული მეც არ აღმომაჩნდეს, ამიტომ ჯანდაცვის საკითხი გადასახედია“. 

 

თამაზ დევაძეს, ისევე როგორც სხვა კანდიდატებს, საარჩევნო პროგრამა ხელთ არ აქვთ. „პარტიის პროგრამა იგივე ჩვენი პროგრამაა“, – ამბობს ის. საარჩევნო კამპანიისთვისაც ნაკლები დრო რჩება, რადგან ამბობს, რომ დროს უბნებში პარტიის კოორდინატორების დატრენინგებაში ხარჯავს: „თუ დავრჩი პარლამენტის გარეთ, დავფიქრდები წარმატებას რომელ სფეროში უფრო მივაღწევ. ამდენი ხანი როცა პოლიტიკაში ხარ, მხოლოდ ლაპარაკის დონეზე არ უნდა დარჩე“.

 

კოალიცია „ქართული ოცნებას“ მაჟორიტარობის კანდიდატი მურმან დუმბაძეა. მას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გამოცდილება აქვს. 2004-2008 წლებში ის აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი იყო „რესპუბლიკური პარტიიდან“. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელვაჩაურში იყრიდა კენჭს და დამარცხდა. მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მან ხმები მიიღო, მაგრამ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა.

 

მისი და „რესპუბლიკელების“ პოლიტიკური გზები, გასულ წელს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხის გამო გაიყო. „რესპუბლიკელებს“ მიაჩნდათ, რომ მურმან დუმბაძემ პარტიის ლიბერალურ კურსს გადაუხვია.

პარტიიდან წასვლის შემდეგ, მურმან დუმბაძე საზოგადოებრივ მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ დააფუძნა, მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“  წარმომადგენელი გახდა ბათუმში. მან სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, საარჩევნო კამპანია გაცილებით ადრე დაიწყო და საკმაოდ უცნაურადაც. მურმან დუმბაძე ამომრჩეველს ეუბნებოდა, რომ თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოხაზავდნენ, ხელზე სიმსივნე დაემართებოდათ. ეს მისმა ოპონენტებმა კანდიდატის დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს.

 

 „მინდა გავაშარჟო ზოგჯერ სიტუაცია და ადამიანებს ისეთი რამ ვუთხრა, რაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდებათ. ასამდე ადამიანი მირეკავდა, ყველამ გაიგო, რატომ არ უნდა შემოხაზონ ხუთიანი. მიზანი მიღწეულია“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

„ქართული ოცნების„ კანდიდატი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანია დინამიურად მიდის: „მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამომრჩეველს აფრთხილებს ჩვენს შეხვედრებზე არ მოვიდნენ, კამპანია მაინც სრული ანშლაგით მიდის“.    

 

საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მისი ოპონენტები ვერ გაიმარჯვებენ: „გამორიცხული. თუ ვინმე გაბედავს, რომ მოიპაროს ჩემი ხმა, არავის არ გავატან. მათ შორის არც ბარამიძეს. ის დარწმუნებულია, რომ წააგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პარტიულ სიაში არა მესამე, არამედ ბოლო  ადგილს დაიკავებდა“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე