მთავარი,სიახლეები

შსს: დაკავებულია ორი პირი, ვინც დღეს ბათუმში მანქანა დაცხრილა

30.07.2017
შსს: დაკავებულია ორი პირი, ვინც დღეს ბათუმში მანქანა დაცხრილა

რამდენი ადამიანი იმყოფებოდა იმ მანქანაში, რომელიც დღეს, გამთენიისას ბათუმში დაცხრილეს? – შს სამინისტროში ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ. სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო ორი პირი უკვე დაკავებულია.

რატომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს? – ამ კითხვის პასუხად სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით. მესამე ნაწილი გულისხმობს, რომ ამ მუხლის  პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილე მხარეები – დაზარალებულიც და ბრალდებულიც თბილისის მცხოვრებლები არიან, ხოლო მათ შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა სასიყვარულო ისტორიას.

ბათუმში დღეს, გამთენიისას ატეხილი სროლის შედეგად კიდევ ორი მანქანაა დაზიანებული. სავარაუდოდ, მანქანა, რომელსაც ესროდნენ, პარკინგზე მდგომ მანქანებს შეეჯახა. „ბათუმელების“ რეპორტიორის თქმით, რომელიც დღეს დილით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, დანაშაულის ჩადენის ადგილიდან საკმაოდ ბევრი მასრაა ამოღებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.