მთავარი,სიახლეები • •

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ყოფნის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

03.10.2026
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ყოფნის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს – დაუსწრებლად, მათ შორის, ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

ინფორმაციას შსს ავრცელებს დღეს, 3 ოქტომბერს.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს ბათუმშიც.

გამოძიების ვერსიით, „საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის – გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ.

დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 3 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულების პირადი, მათი სახლების და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

___

პოლიცია რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან კავშირში მყოფი პირების დაკავებაზე. მაგალითად, 8 ივნისს დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 ადამიანი. 3 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, „მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ბესიკ ჯაფარიძეა“.

17 მარტს 72 პირი დააკავეს ხელვაჩაურში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის ბრალდებით. საქმეს უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც პროკურატურა ცდილობს დაკავებულ პირებთან საპროცესო გარიგებას აფორმებს.

13 მაისს ასევე გაავრცელა შს სამინისტრომ განცხადება ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირის დაკავების შესახებ.  მათ „კანონიერ ქურდებთან“ ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძესთან კავშირი ედებათ ბრალად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: