ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი, ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თანამდებობის დატოვებას სთხოვს.
დღეს, პირველ ოქტომბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს ექიმებმა.
როგორც საპროტესტო აქციაზე მყოფი ექიმები ჰყვებიან „ბათუმელებთან“, ეს ამბავი 2026 წლის ივნისში მოხდა – კლინიკაში უნდა შემოეყვანათ მძიმე პაციენტი, თუმცა საავადმყოფოს „ემერჯენის“ განყოფილებაში საკმარისი ადგილი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, როგორც ჯუმბერ ბოლქვაძემ თქვა, მათ ათვისებული ჰქონდათ განყოფილების სარეზერვო ინვენტარიც.
ექიმების თქმით, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოპერატორი დაჟინებით მოითხოვდა პაციენტის მიღებას.
ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში იყო და სატელეფონო საუბრისას გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოპერატორს არაერთხელ განუმარტა, რომ პაციენტის მიღება არ შეეძლო. ოპერატორმა მას მინისტრის შესაბამის ბრძანებაზე მიუთითა, ჯუმბერ ბოლქვაძემ კი ოპერატორს უთხრა, რომ რადგან ასეთია მინისტრის ბრძანება – „წაიყვანეთ მინისტრთან“.
ექიმები ამბობენ, რომ 2026 წლის აგვისტოში მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჯუმბერ ბოლქვაძეს თანამდებობის დატოვება უშუალოდ მოსთხოვა. მინისტრს ეს მოთხოვნა შეხვედრაზე გაუჟღერებია, სადაც ის გადაუდებელი დახმარების ცენტრის [ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ] ფარული ჩანაწერით მისულა, რომელშიც ისმის, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მიღებაზე „ემერჯენსის“ უფროსი, ჯუმბერ ბოლქვაძე უარს ამბობს და ოპერატორის შეკითხვაზე, თუ სად შეიძლება გადაიყვანონ პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძე პასუხობს: „წაიყვანეთ მინისტრთან“.
„მსჯიან ამ ფრაზის გამო, რომელიც კრიმინალს არ შეიცავს, მგონია. მე პაციენტი განსაცდელში არ მიმიტოვებია“, – ამბობს ჯუმბერ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ და განმარტავს, რომ იმავე დღეს პაციენტი სტაციონარში მიიღეს და შემდეგ გადაიყვანეს რეანიმაციაში.
„მას რომ დასჭირვებოდა, მაგალითად, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, მისი სიცოცხლე განწირული იყო,“ – ამბობს ჯუმბერ ბოლქვაძე.
ჯუმბერ ბოლქვაძე და სამედიცინო პერსონალი ადასტურებს იმას, რომ რესპუბლიკურში მისული მინისტრი არ დაინტერესებულა, რეალურად რატომ ვერ იღებენ პაციენტებს რეანიმაციებში, რჩებიან თუ არა პაციენტები სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანებში და ექმნებათ თუ არა საფრთხე პაციენტების სიცოცხლეს.
ამავე დროს, ჯუმბერ ბოლქვაძის თქმით, დაახლოებით 2 თვეა მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სხვადასხვა ფორმის კომუნიკაციით – პირადი შეხვედრით, ტელეფონით, შუამავლების დახმარებით აიძულებს, დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. უფრო მეტიც, დღეს, 1-ელ ოქტომბერს, კლინიკაში იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, რომელიც პირადად შეხვდა ჯუმბერ ბოლქვაძეს. „ემერჯენსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მინისტრმა სთხოვა „არ გამოიწვიოს ზედმეტი ხმაური“ და დატოვოს თანამდებობა.
სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა აქციის გამართვა გადაწყვიტეს.
ექიმები მხარს უჭერენ ჯუმბერ ბოლქვაძეს და ითხოვენ განმარტებას სამინისტროსგან, რა საფუძვლით აიძულებენ ექიმს თანამდებობის დატოვებას.
ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ის მზად იყო დაეტოვებინა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება, მაგრამ სარჯველაძემ მისგან კლინიკის დატოვებას მოითხოვა.
ჯუმბერ ბოლქვაძისვე თქმით, რომ მისი ნათქვამი ფრაზა არაეთიკური იყო და ამის გამო არაერთხელ მოიხადა ბოდიში, თუმცა, მიხეილ სარჯველაძემ მას უთხრა, რომ ბოდიში არ იყო საკმარისი.
„ბათუმელებთან“ საუბრისას ექიმმა ასევე თქვა, რომ მინისტრთან საუბარი „არ იყო სასიამოვნო“ და სარჯველაძე იყო „აგრესიული და ხმამაღალი“.
ექიმები, რომლებიც დღეს ჯუმბერ ბოლქვაძეს მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, აცხადებენ, რომ თუ ჯუმბერ ბოლქვაძეს აიძულებენ კლინიკიდან წასვლას, საავადმყოფოს ისინიც დატოვებენ.
„იურიდიული საფუძვლის გარეშე რომ მომთხოვონ სამსახურის დატოვება, ამის უფლება მგონი არავის აქვს,“- ამბობს ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე.
დაინტერესდა თუ არა მინისტრი, რეალურად რატომ ვერ იღებდა პაციენტს კლინიკა? – ვკითხეთ აქციაზე გამოსულ სამედიცინო პერსონალს.
„არავის აინტერესებს პაციენტის ბედი, ზედა ეშელონებში ეს არავის არ აინტერესებს… არც პერსონალის ბედი არ აინტერესებს. რატომ თქვა ეს ექიმმა? ამით არავინ დაინტერესდა“ – გვითხრა ციცინო მამულაძემ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ადმინისტრაციას, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. კომენტარის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურთან
ნახეთ საპროტესტო აქციის ვიდეოჩანაწერი:






