ფეისბუკომენტარის გამო ერთ-ერთი მოქალაქის დასჯა შსს-ს თეთრიწყაროს სასამართლოშიც მოუთხოვია. თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.
ვლადიმერ ხუჭუა ის ერთადერთი მოსამართლეა საქართველოში, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.
2025 წლის ბოლო მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უარი თქვა „ოცნების“ რეჟიმის პირობებში მიღებული რამდენიმე ახალი სამართლებრივი ნორმის გამოყენებაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება, რომელიც მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მმართველობის დროს შეცვლილი კანონი ანტიკონსტიტუციურია, საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვის გარეშე დატოვა.
ბოლო პერიოდში ფეისბუქპოსტების გამო „ოცნების“ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის საფუძველზე სასამართლო აქტიურად აჯარიმებს, ან აპატიმრებს მოქალაქეებს. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას 2026 წლის 4 სექტემბერს მიუღია გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც ასევე ფეისბუქპოსტს ეხებოდა.
„მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება მ.ს.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენა,“ – ჩაუწერია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაში, სადაც იგი ასაბუთებს იმას, რომ პირველ რიგში შსს-ს არ დაუდგენია: ნამდვილად იმ პირს ეკუთვნის თუ არა ფეისბუქპოსტი, რომელიც შსს-მ სამართალდარღვევად მიიჩნია.
„არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც დადასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით. საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება [ინფორმაცია] იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელ „facebook”-ში „M. S.“-ს სახელწოდების პროფილი ეკუთვნის მ. ს-ს. არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია, იმის შესახებ მან შექმნა თუ არა პროფილი [გვერდი]. ასევე არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს და სარგებლობს პროფილით, უშუალოდ ვინ და სად დაწერა კონკრეტული კომენტარი. არ არის წარმოდგენილი რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია შესაბამისი ინტერნეტ პროვაიდერიდან ან სოციალური ქსელიდან. არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა, რომელიმე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულზე რაიმე მტკიცებულების ან ინფორმაციის წარმოდგენა არც სასამართლო სხდომაზე მომხდარა.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა და საქმის წარმოება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კანონიერ დაცვას. სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია ან არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოციალურ ქსელ „facebook”-ში შეუძლებელია პროფილის შექმნა სხვა პირის სახელით, გვარით და ფოტოსურეთ(ებ)ით.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ნებისმიერმა პირმა შექმნას ნებისმიერი პირის სახელზე პროფილი და ატვირთოს სურათები, შეუძლებელია სასამართლომ მხოლოდ ამ სურათის „ამოცნობით“ დაადგინოს სამართალდარღვევის ფაქტი. არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. კანონის ძალით მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები.
თუ დავუშვებთ თუნდაც გონივრული ეჭვით, რომ პროფილი ეკუთვნის კონკრეტულ პირს, ამ შემთხვევაშიც უნდა დადასტურდეს, რომ უშუალოდ მან შეასრულა მოქმედება [კომენტარის დაწერა ან სხვა]. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმებით და კანონმდებლობით ამ შემთხვევაშიც [სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერა] უნდა დადასტურდეს კონკრეტული პირის ვინაობა, რათა პირს უტყუარად დაუდასტურდეს ქმედების მის მიერ ჩადენა, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის პროფილი, ვინ სარგებლობს პროფილით და ა.შ.“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
ამ გადაწყვეტილების გარკვეული ნაწილი პერსონალური მონაცემების დაფარვით თავად თეთრიწყაროს სასამართლომ გაავრცელა.
პასუხისგებაში მიცემული პირის დასჯას ამ შემთხვევაში შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას. ეს მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას 500-დან 3 ათას ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა ევროსასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება:
„სასამართლო სრულიად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას (Sergey Zolotukhin vs. Russia) იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ქვეყნების სამართლებრივ სისტემებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი უმართლობები, რომელიც თავისი ბუნებით, ხასიათით და შინაარსით პრაქტიკულად წარმოადგენენ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებს [აქვე გასათვალისწინებელია მიყენებული ზიანი და სხვა]. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკითხის გადასაწყვეტად, თუ რომელ წარმოებას შეიძლება მიეკუთვნოს საქმე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის წარმოებას თუ სისხლისსამართლებრივ წარმოებას) ეროვნული სამართლით განსაზღვრულ კლასიფიკაციასთან ერთად გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ქმედებისთვის განსაზღვრული სანქციის (სასჯელი) ზედა, მაქსიმალურ ზღვარს და მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი პატიმრობის (15 დღე ან მეტი) გამოყენების შესაძლებლობა საკმარისია (სხვა კრიტერიუმებთან ერთად), რათა საქმე მიეკუთვნოს სისხლის სამართლებრივ კატეგორიას.
უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (Matchavariani vs. Georgia) მიიჩნევს, რომ თუ პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აკრძალული ქმედებისთვის დაეკისრა მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა მაშინ, როდესაც შესაძლო იყო დაკისრებოდა ხანგრძლივი ადმინისტრაციული პატიმრობაც, ეს შემთხვევაც უნდა განიხილებოდეს სისხლის სამართლის სამართალწარმოებად, თუნდაც საქმე ქართულ კანონმდებლობაში კლასიფიცირდებოდეს როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული პრაქტიკა მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეებზე მტკიცებულებების შეფასების თვალსაზრისით. სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის ფარგლებში მტკიცების ტვირთი მთლიანად ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უდანაშაულობის პრეზუმფციიდან და ეჭვის ავტომატურად ბრალდებულის (სამართალდარღვევის) სასარგებლოდ გადაწყვეტიდან (In dubio pro reo) გამომდინარე…
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, მ.ს.-ს მიმართ“, – აღნიშნულია თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
___
ამ თემაზე:
მოსამართლე ბიულეტენების გაჟონვის საქმეზე: შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს






