„80 ლარით წავედით სტამბოლის გზაზე და დღემდე ხალხის მხარდაჭერით მოვედით. გთხოვთ, ისევ ნუ მიგვატოვებთ“, – ასე იწყებს ხალხისადმი მიმართვას მადონა ნინიძე, 30 წლის რამაზ ნინიძის და. რამაზ ნინიძე დაახლოებით 6 თვის წინ მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაზიანდა.
საქართველოში მას ვერ უმკურნალეს. პაციენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა.
„უკვე 2 თვე ვართ სტამბოლში, კლინიკაში. თუ აქამდე მაღალი რისკი არსებობდა სიცოცხლის შენარჩუნების, ეს საფრთხე ფაქტობრივად აღარ არსებობს. თუ აქამდე, მაგალითად, არსებობდა ფეხების ამპუტაციის რისკი, ეს საფრთხეც მოხსნილია“, – გვიყვება მადონა.
მადონას თქმით, ამ ეტაპზე მიდის ჭრილობები, ანუ დაზიანებული ქსოვილების აღდგენა, რაც მრავლად ჰქონდა რამაზს ორგანიზმზე. „ექიმები იმედს გვაძლევენ“, – ამბობს მადონა.
რამაზ ნინიძეს სტამბოლში, კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად თვეში 30 ათასი დოლარი სჭირდება. ოჯახს უთხრეს, რომ ეს პროცესი შეიძლება 2 თვეს გაგრძელდეს, „ან ცოტა უფრო მეტ ხანს“. ამიტომ ნინიძეების ოჯახი ისევ საზოგადოებას მიმართავენ ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის გადასარჩენად.
„6 თვის წინ ჩემი მეუღლე მე-4 სართულიდან ჩამოვარდა. ამის შემდეგ მას ღრმა ნაწოლები და უმძიმესი ჭრილობები განუვითარდა, რომელთა მკურნალობაც საქართველოში ვერ მოხერხდა. კეთილი ადამიანებისა და ჩვენი ქართველების დახმარებით შევძელით მისი სტამბოლში ჩამოყვანა და უკვე ორი თვეა აქ ვიბრძვით მის გამოჯანმრთელებაზე.
მკურნალობას ჯერ კიდევ დიდი ხარჯები სჭირდება, ჩვენი შესაძლებლობები კი ამოიწურა. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაგვიდგეთ გვერდით – ვისაც რისი საშუალება გაქვთ. ერთი გაზიარებაც კი შეიძლება ჩვენი იმედის გაგრძელება გახდეს.
გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ ეს ჭრილობები ბოლომდე შეხორცდეს და ჩემი მეუღლე ისევ ოჯახს დაუბრუნდეს“, – ეს ნანა უზუნაძემ მოგვწერა, რამაზის მეუღლემ.
__
რამაზ ნინიძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ მისი მეუღლის, ნანა უზუნაძის ანგარიშის ნომერზე.
თიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE18TB7209345161100004
მიმღები: ნანა უზუნაძე
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი:
GE22BG0000000595652679
მიმღები: ნანა უზუნაძე
__
„ბათუმელებმა“ პირველად რამაზ ნინიძის შესახებ ივნისის თვეში დაწერა
30 წლის რამაზ ნინიძეს დახმარება სჭირდება – ის სტამბოლის კლინიკაშია






