საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯამში 200 მილიონი ლარით ორი ტენდერი გამოაცხადა პროექტირება-რეაბილიტაცია-მშენებლობებზე, თუმცა, კონკრეტულად სად და რომელ ობიექტებზეა საუბარი, დაკონკრეტებული არ აქვს.
ტენდერები პრეისკურანტითაა გამოცხადებული და გამარჯვებულს „ერთი ხელშეკრულების ფარგლებში [Design-Build მეთოდით] დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის პროექტების მომზადება და შემდეგ სამშენებლო სამუშაოების ჩატარება“ ევალება.
მომსახურების ვადა ორივე ტენდერში ხელშეკრულების გაფორმებიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით პროექტის მოკლე აღწერა ასეთია:
„ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი საპროექტო მომსახურება და სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპოლოგიის ობიექტების ახალ მშენებლობას, არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, მათ შორის სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული/შეწყვეტილი სამუშაოების დასრულებას.
განსახორციელებელი პროექტები შეიძლება მოიცავდეს [თუმცა არ შემოიფარგლება] საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებს, მათ შორის: საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი დაწესებულებებს; კულტურის ობიექტებს; ლანდშაფტური მშენებლობის, საქალაქო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ობიექტებს; ასევე ისტორიული და ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას“.
ტენდერებში კონკრეტული ობიექტები ჩამოთვლილი არაა, თუმცა ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ დამკვეთი, ანუ მუნიციპალური განვითარების ფონდი ცალკეულ ობიექტებზე მომსახურების გაწევის თაობაზე გასცემს წერილობით დავალებას. ეს დავალება კი შეიძლება გაიცეს ერთდროულად, რამდენიმე ობიექტზეც.
„მიმწოდებელი ვალდებულია, ესკიზების/პროექტების მომზადებისას, გაითვალისწინოს სარეაბილიტაციო ობიექტების იერსახის განახლება [საჭიროების შემთხვევაში], ამ ობიექტების ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული ან/და კულტურული თავისებურებების და არქიტექტურის თანამედროვე/ინოვაციური
მიდგომების შესაბამისად“ – წერია ტექნიკურ დავალებაში.
თითოეული ობიექტის შემთხვევაში პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად ტენდერში გამარჯვებულს ვადა 3 თვე ექნება. ეს არის პირველი სტადია. შემდეგ დაიწყება მეორე სტადია – სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები და ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება.
„მეორე სტადიაზე შესასრულებელი სამუშაოების ვადები თითოეული ობიექტისათვის განისაზღვრება პირველ სტადიაზე მიმწოდებლის მიერ მშენებლობის ორგანიზების პროექტის ფარგლებში მომზადებული და შემსყიდველის მიერ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის საფუძველზე“ – წერია დავალებაში.
ტენდერებში წინადადებების მიღებას რაც შეეხება:
- აღმოსავლეთ საქართველოს შემთხვევაში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება
- დასავლეთ საქართველოს შემთხვევაში კი წინადადებების მიღება 2026 წლის 18 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბერს დასრულდება
თითოეულ ტენდერში „შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება“ 100 მილიონი ლარია.

მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი ტენდერებიდან
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მრავალმილიონიან ტენდერებს აცხადებს, როგორც ცალკეულ ობიექტებზე ასევე ცალკეული მუნიციპალიტეტების მასშტაბითაც.
მაგალითად, 2023 წელს ფონდმა 200-მილიონიანი ტენდერი მხოლოდ ბათუმის ისტორიულ ნაწილში მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა. კონკრეტული ქუჩები და შენობები არც ამ ტენდერში იყო წინასწარ შერჩეული.
ამ პროექტის შესახებ ვრცლად ნახეთ ბმულზე: ძველი ბათუმის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა – დაიხარჯა 180 მილიონი ლარი
მანამდე, ასევე ბათუმში, ფონდმა გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი დაიწყო 2021 წელს – თვითმმართველობის არჩევნებამდე.
ეს კონკრეტული პროექტი 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ დასრულდა და 25 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, პროექტის პომპეზურად გახსნიდან მალევე, 2025 წლის ზაფხულში, ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა.
ვრცლად: გასულ წელს გმირთა ხეივანზე 25 მილიონი დაიხარჯა, წელს რეაბილიტაცია დასჭირდა
ბათუმთან დაკავშირებით ფონდს კიდევ ერთი „ზოგადი“, თუმცა არა ტენდერი, არამედ კონკურსი აქვს გამოცხადებული 5 მილიონი ლარით, რომელიც ბათუმის ბულვარს ეხება.
ვრცლად: რას გეგმავს მთავრობა ბათუმის ბულვარში – 5.5 მილიონიანი კონკურსი ღარიბაშვილის განკარგულებით
კონკურსში სამი კომპანია მონაწილეობს: „ნს სტუდიო“, „დვ დეველოპმენტი“ და „ნიუ კონსთრაქშენ კაპიტალი“. კონკურსი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.
ამ კონკურსის ფარგლებში მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის დაპროექტებაც იგეგმება.
ამ თემაზე:
„ოცნება“ ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდის აშენებას ჭოროხზე ისევ გეგმავს – კონკურსი პროექტზე






