მთავარი,სიახლეები

რუსეთმა ტელეგრამის დამფუძნებელ პაველ დუროვაზე ძებნა გამოაცხადა

29.07.2026
რუსეთმა ტელეგრამის დამფუძნებელ პაველ დუროვაზე ძებნა გამოაცხადა

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, Telegram-ის თანადამფუძნებელს პაველ დუროვს რუსეთში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაზე ბრალი წაუყენეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

„ტასის“ ცნობით, Telegram-ის ადმინისტრაციამ არ წაშალა მესენჯერზე არხები,  რომლებსაც აქტიურად იყენებენ უკრაინის დაზვერვის ჯგუფები „…რამაც გამოიწვია მრავალი ადამიანის მსხვერპლი, მათ შორის ქალებისა და ბავშვების, ასევე მილიარდობით დოლარის მატერიალური ზიანი“.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლის 1.1 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას პირის წაქეზებისთვის, დაქირავებისთვის ან სხვაგვარად ჩართვისთვის სულ მცირე ერთი ტერორისტული დანაშაულის ჩადენაში და ითვალისწინებს 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შესაძლო დამატებითი ჯარიმით 700 000 რუბლამდე ან მსჯავრდებული პირის შემოსავლის ოდენობით ორიდან ოთხ წლამდე ვადით, ან სამუდამო პატიმრობით.

პაველ დუროვმა Telegram 2013 წელს დააფუძნა, რუსეთის კი 2014 წელს დატოვა, როდესაც მის მიერ შექმნილი კიდევ ერთი სოციალური ქსელის VKontakte-ს მონაცემების მიწოდებაზე უთხრა უარი რუსეთის ხელისუფლებას და კომპანიის გაყიდვა მოუხდა.

გასულ თვეში პაველ დუროვს საქართველოში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვაკო თურნავამ უმასპინძლა. თურნავამ მაშინ „ბიზნეს ინსაიდერს“ განუცხადა, რომ დუროვთან საქართველოს IT სექტორის საინვესტიციო პოტენციალზე მსჯელობს.

თავად პაველ დუროვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საქართველომ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას „ბიზნესზე ორიენტირებული“ უწოდა. დუროვის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება და დააანონსა, რომ ძალიან მალე აუცილებლად დაბრუნდებოდა.

საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას Telegram-მა მისი ფოტოთი უპასუხა. ფოტოზე დუროვი შუა თითს აჩვენებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: