მთავარი,სიახლეები

როგორ გაიზარდა ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით? – „ეს არის რუსული მოდელი“

25.07.2026
როგორ გაიზარდა ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით? – „ეს არის რუსული მოდელი“

„ოცნების“ მთავრობა აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის შემდეგ, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა.

მაგალითად, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში 3 553 ნარკოდანაშაულის [სსკ-ის 260 – 274 მუხლები] შემთხვევა დაფიქსირდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 1738 ნარკოდანაშაულის ფაქტის ჩადენა დაფიქსირდა. მხოლოდ ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით გაიზარდა.

„ეს არის რუსული მოდელი – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა,“ – მკაფიო შეფასება აქვს ნარკოდანაშაულის გაზრდილ სტატისტიკაზე ექიმ-ნარკოლოგს, ზურაბ სიხარულიძეს. – „ციხეებში დაპატიმრებულები ვეღარ მოიხმარენ ნარკოტიკს?… თუ დასჭირდებათ, საარჩევნოდ, გამოუშვებენ. რეალიზატორებს კი, რომლებსაც წესით უვადო ან 20 წელი უნდა ჰქონდეთ, საპროცესოს უფორმებენ… როცა მხოლოდ მიწოდებას ებრძვი და მოთხოვნა ისევ დიდია, ასე პრობლემა არსად არ გვარდება.

ჩვენ უკვე დაბრუნებული ვარ 90-იან წლებში, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ ახლა, ვიდრე 90-იანებში გვქონდა, ისეთი ნარკოტიკული საშუალებები შემოვიდა ბაზარზე, არავინ იცის, რა არის, კიდევ უფრო მეტად გაზრდილია საფრთხე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.

რა იცვლება ნარკოდანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებით? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე ექიმ ზურაბ სიხარულიძეს და ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილს ესაუბრა.

  • კიდევ რა ჩანს სტატისტიკიდან? 

ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი საქართველოში 2025 წლიდან მკვეთრად იზრდება, მას შემდეგ, როცა ქვეყანაში ნარკოდანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდა.

შსს-ს სტატისტიკით, 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით 10 4475 ნარკოდანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა. აქედან 5322 პირი გახდა მსჯავრდებული [უცნობია, მათ შორის, რამდენია პატიმრობაში]. 2024 წელს კი ნარკოდანაშაულის 5 598 ფაქტი დაფიქსირდა, შესაბამისად, წინა წელთან შედარებით 87 %-ით გაიზარდა.

სხვადასხვა დანაშაულის მიხედვით მსჯავრდებულთა რაოდენობას პერიოდულად აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

  • 2025 წელს ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული 5322 პირი
  • 2024 წელს 2814 პირი
  • 2023 წელს – 2636
  • 2022 წელს – 2063
  • 2021 – 1254
  • 2020 – 1216.

ნარკოდანაშაულის 2025 წლის მაჩვენებელი – 5322, არც წინა მთავრობის წლებში არ დაფიქსირებულა, მაგალითად, 2012 წელს ნარკოდანაშაულისთვის 1 100 პირი იყო მსჯავრდებული, 2010 წელს – 2374.

  • რა უთხრა მოსამართლეს ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ქალმა? 

დღე არ გავა, მინიმუმ რამდენიმე ნარკოდანაშაულის საქმე არ განიხილონ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სხდომების ჩამონათვალზე თვალის გადავლებაც საკმარისია იმის დასანახავად, რომ საქმეების თითქმის ნახევარი ყოველ დღე ნარკოდანაშაულს ეხება.

მაგალითად, გუშინ, 24 ივლისს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ქალს ანასტასია ჩ.-ს მოუსმინა. პროკურატურის ვერსიით, მან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა 0.282 გრამი კოკაინი, რაც ბრალდებულის ბინის ჩხრეკის დროს იპოვეს. მანამდე კი, ბრალდებული ქალი, ციხისძირში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრიკეს და 44,867 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი ამოუღეს.

ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა. მისი თქმით, იგი მეგობარ კაცთან ერთად, რომელიც IT სპეციალისტია, საქართველოში საცხოვრებლად რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ წამოვიდა. წყვილი მახინჯაურში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში.

ანასტასია ჩ.-ს ჩვენების მიხედვით, მას ამ ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია და წარსულში პარტნიორმა რამდენჯერმე მხოლოდ მარიხუანა მოაწევინა.

„დანიელთან დაშორება მქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე დამაკავებდნენ… დაკავებამდე 2 კვირით ადრე დანიელი მოვიდა სახლში თავზე ჭრილობით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება ჰქონდა, მაგრამ არ თქვა, რა მოხდა… მითხრა, არ მსურს პოლიციასთან კავშირი და შენც არ მოგიყვები, რა მოხდა, ასე სჯობია შენივე უსაფრთხოებისთვისო. დანიელმა კერძო ექიმის მოყვანაზეც უარი მითხრა, თავისით სვამდა ტკივილგამაყუჩებლებს.

იმ დღეს, ვიდრე დამაკავებდნენ, მთხოვა, რაღაც ნივთია გამოგზავნილი და სანატორიუმის ტერიტორიაზე უნდა შევხვედროდი მეგობარს… დავთანხმდი, რადგან მას სიარული არ შეეძლო… იქ ღობეზე დამხვდა ჩამოკიდებული ნაჭრის ჩანთა. დანიელს დავურეკე და ვკითხე, ეს უნდა იყოს შენი მეგობრის დანატოვარი ნივთი-მეთქი და კიო.

ტაქსის გამოძახებას ვაპირებდი, ამ დროს მოვიდა ჩემთან ორი პოლიციელი,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.

ანასტასია ჩ.-ს თქმით, მას დანიელი, ანუ პარტნიორი დაჰპირდა, რომ სასამართლოში მოვიდოდა და ყველაფერს იტყოდა, თუმცა ჩვენების მიცემამდე დანიელი გაუჩინარდა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა შოთა ხორავამ ანასტასიას პარტნიორის – დანიელის გამოკითხვის ოქმი თავად წაიკითხა. ამ ოქმის მიხედვით, დანიელი ამბობს, რომ ქალს ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ხოლო როცა ანასტასიას დაკავების შემდეგ მათი ბინა გაჩხრიკეს და იქიდანაც ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ის ნარკოტიკული ნივთიერება პოლიციელებმა ჩაუდეს.

„რაც დაფიქსირდა, არ იყო სინამდვილე… პოლიციელები მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ამიტომაც მოვაწერე ხელი გარკვეულ დოკუმენტებს,“ – უთქვამს დანიელს ადვოკატისთვის.

აქ საინტერესო ერთი გარემოებაა: პოლიციელებმა სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, სადაც მხოლოდ დანიელი იყო, მაგრამ მათ არათუ არ დააკავეს ეს კაცი, ნარკოლოგიური შემოწმებაც კი არ ჩაუტარეს.

ადვოკატი შოთა ხორავა ამბობს, რომ ეჭვი აქვს, ეს კაცი მართლაც იყო ჩართული ნარკოდანაშაულში და მუშაობდა „დამდებად“, ანუ რეალიზების ხელშემწყობი იყო:

„სავარაუდოდ, იმ დღეს, როცა ის გასისხლიანებული გავიდა, პოლიციელებმა შენიშნეს, ვერაფერი დაუდასტურეს, მაგრამ აიძულებდნენ თანამშრომლობას, შემდეგ კი, შედგა გარიგება…

პროკურატურას არ აქვს პასუხი: რატომ არ დააკავეს ეს კაცი. დღეს ამბობენ, ვერ ვპოულობთო, მაგრამ მანამდე? მას ნარკოლოგიური შემოწმებაც კი არ ჩაუტარეს. გარდა ამისა, ექსპერტიზა არ ჩაუტარეს ტელეფონს, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამოართვეს, შინაარსობრივად მიმოწერა არავის გამოუკვლევია. გამოძიებას არც ექსპერტიზა დაუნიშნავს, რომ დაედგინა ბრალდებულის კავშირი ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან.

სავარაუდოდ, რადგან ეს ქალი მასთან დაშორებას აპირებდა, კაცმა ეს მოიფიქრა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა შოთა ხორავამ.

ბრალდებულმა ქალმა მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ ბიპოლარული, აფექტური აშლილობა აქვს და ეს დადასტურებულია შესაბამისი დასკვნებით.

ანასტასია ჩ.-ს თქმით, დარღვეულია ასევე დაკავების პროცედურები: ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს, კაცმა პოლიციელებმა გაჩხრიკეს მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე ვიდეო გადაიღეს და ოქმებიც შეავსეს ქალი პოლიციელების გამოჩენის შემდეგ.

  • ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი: „მოსამართლეებს შეუძლიათ შეაჩერონ საქმის განხილვა და მიმართონ საკონსტიტუციოს… “ 

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი „ბათუმელებთან“ განმარტავს, როგორ აუარეს გვერდი ბოლო პერიოდში „ოცნების“ პარლამენტში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოდანაშაულის შესახებ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, იმას, რომ მარიხუანას მცირე ოდენობაზე არ შეიძლება ადამიანს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.

„მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ტეტრაჰიდროკანაბინოლთან მიმართებით, სადაც აღნიშნულია, რომ კონკრეტული რაოდენობის შეძენა-შენახვის შემთხვევაში, არ შეიძლება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. აღნიშნული მუხლი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ამიტომ საკანონმდებლო ორგანომ შეიმუშავა ახალი მუხლი, თუ მანამდე ამოიღეს 273-ე მუხლი, ამჯერად კანაფი გადავიდა 260-ე მუხლში, ანუ ზოგად ნარკოტიკულ დანაშაულში და გამკაცრდა პოლიტიკა.

ირაკლი ჩომახაშვილი

რახან 273-ე მუხლი გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მიიღეს ახალი მუხლები: 260 პრიმა, 260 სეკუნდა, 260 ტერცია –  ახლები მიიღეს. ეს არის საკანონმდებლო რეგულაციის ტექნიკის ამბავი… მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვაზე [5 გრამი მარიხუანა გამომშრალი და 10 გრამი – ნედლი მარიხუანა], ფაქტობრივად, ახალი რეგულაციებით, სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს ისევ თავისუფლების აღკვეთა.

ასე მოხდა კიდეც: ერთ-ერთ საქმეზე, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა უარი, რადგან შეთანხმება ითვალისწინებდა ერთწლიან თავისუფლების აღკვეთას პირობით, მაგრამ სააპელაციომ დააკმაყოფილა საპროცესო: ჩვენ დღეს მოქმედ კანონმდებლობას აღვასრულებთო, თუ ვინმე მიმართავს საკონსტიტუციოს, შემდეგ ვიმსჯელოთო.

გამოდის, სიკვდილით დასჯა რომ შემოვიდეს, ვიდრე საკონსტიტუციოს არ მივმართავ და ის არ იტყვის, რომ ეს არაკონსტიტუციურია, სასამართლომ ასეთი კანონით უნდა აღასრულოს სამართალი?

265-ე მუხლი ეხებოდა მცენარე კანაფის კულტივირებას. რადგან საკონსტიტუციომ 265-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიც გააუქმა, ამათ ტექნიკა გამოიყენეს – გააუქმეს 265-ე მუხლი, მაგრამ 265 პრიმა დაამატეს, შინაარსობრივად აბსოლუტურად იგივე ჩაწერეს: ეს ახალი ჩანაწერია და შეგიძლიათ ხელახლა მიმართოთ საკონსტიტუციოსო. სავარაუდოდ, შეიძლება უკვე იციან, რომ საკონსტიტუციომ მიდგომა შეცვალა,“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.

რა შეუძლია ამ დროს მოსამართლეს? – ადვოკატი კითხვის პასუხად თეთრიწყაროს ცნობილ მოსამართლეს გვახსენებს, ვლადიმერ ხუჭუას, რომელმაც მარიხუანას ნაწილშიც მიმართა საკონსტიტუციოს, „ოცნების“ პარლამენტის რეპრესიული კანონებით ვერ გავასამართლებ მე ადამიანებსო. ამ მოსამართლის წარდგინებები საკონსტიტუციომ არც კი განიხილა. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად რამდენიმე მოსამართლე გააჩერებს საქმის განხილვას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს?

თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან უსამართლოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„სასამართლოს, რა თქმა უნდა, შეუძლია, შეაჩეროს საქმის განხილვა და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც საუბარია ნარკოტიკული საშუალების პირად მოხმარებაზე და თავისუფლების აღკვეთის სასჯელის სახით განსაზღვრაზე. ეს შეუძლია სასამართლოს და არ აკეთებს,“ – დასძინა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

  • ექიმი ზურაბ სიხარულიძე: „ეს არის რუსული მოდელი… ამიტომ სჭირდებოდათ კიდევ უფრო გამკაცრება“ 

ნარკოპოლიტიკის გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრისას ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე შეკითხვას გვიბრუნებს:

„რამდენჯერ მოგისმენიათ შსს-ს ნიუსებში, ნარკოტიკების რეალიზებისთვის დავაკავეთ ხალხიო? ახლა ის ვიკითხოთ, რამდენი უვადო პატიმარი გვყავს? ნარკოტიკების რეალიზება უვადოს ითვალისწინებს, ან 20 წლით პატიმრობას?

მაგრამ უვადო პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია საქართველოში. სინამდვილე ისაა, რომ პატიმრობაში არიან მომხმარებლები. სხვებს ძირითადად საპროცესოს უფორმებენ,“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე, იგი ექიმი-ნარკოლოგია და პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი.

ზურაბ სიხარულიძე

ექიმი ცდილობს, დაგვანახოს სურათი, რომელიც დღითიდღე მძიმდება, რადგან მთავრობა ზიანის შემცირებას კი არ ცდილობს, რაც დასავლური გამოცდილებაა, არამედ ებრძვის მხოლოდ ნარკოტიკების მიწოდებას. ზურაბ სიხარულიძე ხაზს უსვამს, რომ ზიანის შემცირების პროგრამა მხოლოდ რუსეთში არ აქვთ. „ოცნების“ მთავრობა კი, ნარკოპოლიტიკასაც რუსულ მოდელს ამსგავსებს.

„ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 ათასი ინტრავენური მომხმარებელი, ეს არის პოპულაციის 2.2 %,“ – გვესაუბრება ზურაბ სიხარულიძე. – „ამას ემატება გაურკვეველი რაოდენობა, ვინც მოიხმარს სააფთიაქო ნარკოტიკს. პლუს ადამიანები, რომლებიც არაინტრავენურად, ანუ მოწევით, შესუნთქვით, ან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარენ… შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში დაახლოებით 250 000-მდე ადამიანი მოიხმარს დღეს ნარკოტიკს. ეს არის კატასტროფული ციფრი.

ბაზარზე დღეს ტრიალებს ძირითადად ოპიატები, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. თუ ეს ადამიანი სათანადო დახმარებას არ მიიღებს, ის აუცილებლად მოძებნის ნარკოტიკს. როცა შენ მხოლოდ ებრძვი მიწოდებას, რაც რეალურად ნამდვილად კარგია, მეორეს მხრივ, როცა დეფიციტი აღმოჩნდება ბაზარზე, მაშინ ჯანდაცვა უნდა ჩაერთოს, რომ ეს მოთხოვნა ქუჩის ნარკოტიკით არ იქნას დაკმაყოფილებული… ამას უნდა დაუპირისპირო ზიანის შემცირება, მკურნალობა, რეაბილიტაცია, პრევენცია.

ერთადერთი ქვეყანა, სადაც ზიანის შემცირება არ არის…ეს არის რეპრესიული მიდგომა, ზიანის შემცირების პროგრამების დაიგნორება, რომ ეს ლეგალური ნარკომანიაა, როგორც ამას ჩვენი მთავრობაც ამბობს უკვე. გასაგებია ხომ საითკენაც მივდივართ? ადამიანი, რომელიც უარყოფს ევროპულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს, ზოგადად დემოკრატიის პრინციპებს.

კვლევებში მოსახლეობა ნომერ პირველ პრობლემად ასახელებს ნარკომანიის პრობლემად და არსებობს გაცნობიერების პრობლემა, რომ მიწოდების აკრძალვით არ გვარდება პრობლემა. პატიმრობის შემდეგ რამდენი ადამიანი უბრუნდება ნარკოტიკს? ზედოზირების სტატისტიკას რატომ არ აქვეყნებენ? – იმიტომ, რომ ეს იქნება მათი ნარკოპოლიტიკის კრახი.

ციხეებში გამოკეტვით რა იცვლება? დააკვირდით საარჩევო წლებს – რამდენ მომხმარებელს უშვებენ გარეთ იმიტომ, რომ ასე სჭირდებათ. პოლიტიკურ იარაღად არიან ქცეული ეს ადამიანები, მუდმივად ზეწოლის და შანტაჟის მსხვერპლი… ზეწოლის ქვეშ არიან მათი ოჯახებიც.

ამგვარად, ჩვენ მივალთ უკონტროლობამდე, დაბრუნებული ვართ უკვე 90-იანებში…“ – გვითხრა ექიმმა, „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ სიხარულიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: