„პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 10 ნოემბერს, დღის 12 საათზე განახლდება.
კითხვა-პასუხის ეტაპიდან საქმის არსებითი განხილვა 9 ნოემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა 8 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სხდომები ასევე გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე.
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. აქამდე სულ 8 სხდომა ჩატარდა.
განხილვა არ ყოფილა არც გასულ კვირას. ამ შემთხვევაში სხდომების გადადების მიზეზი საკონსტიტუციოს იუბილე იყო – 5 ნოემბერს სასამართლოს დაარსებიდან 30 წელი გავიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი,დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.






