სახელმწიფომ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის არაბულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც გაასაიდუმლოვა. ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიები, ჯამში 258,8 ჰექტარი, „იგლ ჰილს საქართველოს“ მიმდინარე წლის ივლისში უზუფრუქტით გადასცეს.
„იგლ ჰილს საქართველოს“ 66,67 პროცენტის მესაკუთრე არაბული „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედია“, ხოლო წილის 33,33 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის, რომლის მმართველი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა.
„იგლ ჰილს საქართველომ“ გონიოში მდებარე ოთხ მიწის ნაკვეთზე [მათ შორის ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე] უზუფრუქტის რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს 2026 წლის 6 ივლისს მიმართა. რეესტრის 2026 წლის 10 ივლისის ამონაწერებით კი, ოთხივე ნაკვეთი „იგლ ჰილს საქართველოზე“ ორწლიანი უზუფრუქტით არის გადაცემული.
ერთ ნაკვეთთან [ყოფილი პოლიგონის ტერიტორიასთან] დაკავშირებული უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლი საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვეთ. ამ ტერიტორიის, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, ფართობი 2 264 823 კვადრატული მეტრია [226,4 ჰექტარი], თუმცა საჯარო რეესტრმა უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლი იმ მიზეზით არ მოგვაწოდა, რომ ის თურმე „მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად“.
„შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მომართვაზე თანდართული დოკუმენტაცია, მათ შორის, სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული ხელშეკრულება, მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად… მოთხოვნილი დოკუმენტაციის განმცხადებელზე გაცემა შესაძლებელი იქნება შესაბამისი თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში“, – მოგვწერეს საჯარო რეესტრიდან 2026 წლის 16 ივლისს.
რაც შეეხება „შესაბამის თანხმობას“, რეესტრი გვწერს, რომ ხელშეკრულების ასლს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვაწვდის, თუ წარვადგენთ „შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას“. აქ შესაბამისი პირი არის კომპანია „იგლ ჰილს საქართველო“, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო – თავად საჯარო რეესტრი.
ანუ, უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლის მისაღებად კომპანიის დირექტორმა [ან სხვა უფლებამოსილმა პირმა] უნდა მოგვცეს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რასაც წარვადგენთ რეესტრში, ან მეორე ვარიანტი – კომპანიის უფლებამოსილი პირი თავად უნდა გამოგვყვეს საჯარო რეესტრში და ჩვენთვის ხელშეკრულების ასლის მიღებაზე თანხმობას იქვე მოაწეროს ხელი.
შესაბამისი თანხმობის წარდგენამდე კი, საჯარო რეესტრმა ჩვენი განცხადების განხილვის ვადა 30 დღით შეაჩერა. თუ ამ ვადაში თანხმობას არ წარვადგენთ ჩვენს განცხადებას [უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლის მოთხოვნაზე] რეესტრი აღარ განიხილავს.
„დამატებითი დოკუმენტაციის ან/და სხვა ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩეს განუხილველი; განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში მომსახურებისათვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება“, – გვწერს საჯარო რეესტრი.
საჯარო რეესტრის პასუხიდან არ ირკვევა მთლიან ხელშეკრულებას ადევს გრიფი „საიდუმლო“, თუ მისი გარკვეული პუნქტებია გასაიდუმლოებული. არც ისაა ცხადი, თუ რის საფუძველზე და ვის მიერ იქნა მიჩნეული უზუფრუქტის ხელშეკრულება [ან მისი ნაწილი] კომერციულ საიდუმლოებად.
საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან საჯარო მხოლოდ ის არის, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონი და მიმდებარე ტერიტორიები „იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტით 2 წლით არის გადაცემული. ის, თუ რა პირობებით გაიცა ზღვის პირას, ჭოროხის დელტაში მდებარე და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 250 ჰექტარზე მეტი ტერიტორია – არ ვიცით.

ბათუმი [გონიო] – „იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტით გადაცემული ტერიტორიები: 1 – 261 677 კვ.მ, 2 – 2 264 823 კვ.მ, 3 – 60 964 კვ.მ და 4 – 1 424 კვ.მ
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან სახელმწიფო ერთდროულად არის ქონების გადამცემი [ეკონომიკის სამინისტრო] და ამავე დროს, ამ ქონების მიმღები კომპანიის 33.33 პროცენტი წილის მესაკუთრეც, გამოდის, რომ სახელმწიფო საკუთარ თავს [და პარტნიორ არაბულ ჰოლდინგს] უფორმებს ხელშეკრულებას და შემდეგ თავადვე მალავს მას „კომერციული საიდუმლოების“ მოტივით.
რადგან კომპანიაში „იგლ ჰილს საქართველო“ სახელმწიფო წილს ფლობს და გარიგება სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხება, ამიტომ ამ უზუფრუქტის ხელშეკრულების პირობების გამჭვირვალობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.
„ბათუმელებმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც მიმართა ოფიციალური წერილით და აღნიშნული უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლი გამოითხოვა. სამინისტროს პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.
აღსანიშნავია ისიც, რომ რედაქციამ ამავე სამინისტროს ოფიციალური წერილით 2025 წლის ოქტომბერშიც მიმართა [ID: CA00412515672841 რეგ N: 14846/11] და მაშინ არაბულ „იგლ ჰილსთან“ დადებული საინვესტიციო შეთანხმებისა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულების ასლები გამოითხოვა, თუმცა, სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
თბილისსა [კრწანისის პარკი] და ბათუმში [გონიოს ყოფილი პოლიგონი] „ოცნების“ მთავრობას არაბული „იგლ ჰილსის“ საინვესტიციო პროექტების განხორციელება აქვს დაანონსებული.
როგორც ცნობილია, Eagle Hills-თან გაფორმებული კონტრაქტიც საიდუმლოა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, „თბილისსა და ბათუმში „იგლ-ჰილსის“ პროექტი ხორციელდება არასაკმარისი გამჭვირვალობის პირობებში, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, მასში არ მონაწილეობს საზოგადოება, ხოლო პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და დოკუმენტაცია კომერციულ საიდუმლოებად არის გამოცხადებული, რაც კანონს და საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება“.
ვრცლად: „იგლ-ჰილსის“ ხელშეკრულებების გასაიდუმლოება კანონსა და საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება – SJC
ამავე თემაზე
რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ





