„ყველა ხელფასზე დაგერიცხება. მცირედია, მაგრამ გულით მოძღვნილი შეიწირების“, – ეს მესიჯი დამოუკიდებელ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალს, თეონა ჭალიძეს მოქალაქემ მისწერა.
„მცირედი“, რომელიც მოქალაქემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის გაიღო, 5 ლარია.
პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე 6 თვეა, რაც საკუთარი საქმიანობის დაფინანსებას ხალხს სთხოვს. ამ დროის განმავლობაში მან 50-55 სტაბილური მხარდამჭერის გაჩენა შეძლო.
ყველაზე მცირე შენატანი, რაც მოქალაქეებმა მისი საქმიანობის დასაფინანსებლად გაიღეს, 2 ლარია, ყველაზე დიდი თანხა კი – 250 ლარი.
ჯამურად თვეში 1500 ლარი უგროვდება – ეს საკმარისი არ არის, ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც თვის მანძილზე სწევს, მაგრამ ამბობს, რომ ცდილობს, „ბიუჯეტს ეყოს“.
ის ყოველი თვის ბოლოს, საკუთარ აუდიტორიას, მხარდამჭერებს და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს დეტალურ ანგარიშს წარუდგენს ხოლმე, სადაც აღწერს რა გააკეთა თვის განმავლობაში და რაში დახარჯა თანხა, რომელიც მას მოქალაქეებმა შესწირეს.
38 წლის თეონა ჭალიძეს ორი შვილი ჰყავს, ბაღის და სკოლის მოსწავლეები. ორივე საჯარო ბაღსა და სკოლაში დაჰყავს.
17 წლიდან აქტივიზმშია. თითქმის 10 წელი ჩართული იყო პარტიულ საქმიანობაში. იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი.
ყველა საფეხური მაქვს გავლილი პარტიულ პოლიტიკაშიო – ამბობს თეონა ჭალიძე.
„ვიყავი რიგითი კოორდინატორი, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელიც ვყოფილვარ. 2021 წელს ისანში ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი. 2 778 ადამიანმა, რომელიც არჩევნებზე მივიდა იმ წელს, თავის მაჟორიტარად თეონა ჭელიძე შემოხაზა.
ჩემი საქმიანობის განმავლობაში არასოდეს პოლიტიკური ნიშნით არ გამირჩევია რიგითი მოქალაქეები – ვისაც აქვს ამბიცია, რომ ქვეყანაში რაიმე საპასუხისმგებლო პოზიცია ეკავოს, ან რომელიმე უწყებას ხელმძღვანელობდეს, უნდა იყოს ხალხის სამსახურში. ამიტომ ხელისუფალი უნდა იყოს ყველას ხელისუფალი,“ – ასეთია ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალის ხედვა.
თეონა ჭალიძე პარტიულ პოლიტიკას წელიწად-ნახევრის წინ ჩამოშორდა და დამოუკიდებელი საქმიანობა დაიწყო. ბევრი იფიქრა, როგორ დაეფინანსებინა საკუთარი საქმიანობა, რადგან არც იძულებით ემიგრაციაში უნდოდა წასვლა და არც პოლიტიკისგან სრულიად განსხვავებული საქმის კეთება თავის სარჩენად.
თვლის, რომ პოლიტიკის კეთების პარალელურად სხვა საქმის კეთება არ გამოდის, რადგან რომელიმე ერთს აკლდება.
„თუკი პოლიტიკოსი დილიდან საღამომდე სხვა საქმეზეა ორიენტირებული, სხვა საქმეს აკეთებს, მას ფიზიკურად დრო აღარ რჩება, რომ პოლიტიკა აკეთოს, ადამიანების გვერდში იდგეს, რეგიონებში წავიდეს, ციხესთან აქცია მოაწყოს, პატიმრების მშობლებთან ერთად იაროს აქეთ-იქით და ამგვარი აქტივიზმითაც იყოს დაკავებული.
ამიტომ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ 24/7-ზე მთელი ჩემი დრო, ენერგია, რესურსი, გამოცდილება მომეხმარებინა იმ საქმისთვის, რომელიც ჩემთვის ორგანულია, რომელიც მიყვარს და სადაც მგონია, რომ ძალიან ღირებულ საქმეს ვაკეთებ. ამიტომ მოვიფიქრე ასეთი რამ – საქართველოში ნაკლებ პოპულარული, სხვათა შორის, ევროპაში ბევრად აპრობირებული და დავიწყე შემოწირულებების შეგროვება, ეგრეთ წოდებული ფანდრაიზინგი,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.
თეონა ჭალიძე პოზიციონირებს როგორც დამოუკიდებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ პრობლემებზე და ადამიანის უფლებების საკითხებზე.
„ჩემი მხარდამჭერები, ძირითადად, არიან სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეები, პენსიონერები, საშუალო და უფრო დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები. ვმუშაობ მათთან, ვისი ხმაც ყველაზე ნაკლებად ისმის.
ყველაზე მეტად ვინც იჩაგრება ამ ქვეყანაში, მათ პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობ. ვცდილობ, ჩემი რესურსი სწორედ ამ ადამიანების პრობლემების გაჟღერებას მოვახმარო,“ – ამბობს თეონა.

დამოუკიდებელ პოლიტიკოსს არ აქვს ოფისი. მუშაობს იქ, სადაც სამუშაო სივრცეს იპოვის. არ უყვარს მეტროთი მგზავრობა, რადგან ამ დროს ტელეფონი არ იჭერს.
„მირჩევნია სულ ავტობუსით ვიმგზავრო, რადგან ავტობუსიდანაც ვმუშაობ ხოლმე. ლეპტოპი სულ მაქვს, გზაში ვმუშაობ, ვპასუხობ შეტყობინებებს, ვწერ სხვადასხვა ტექსტს, ვგეგმავ სხვადასხვა აქტივობას და ამ აქტივობებისთვის საჭირო ბროშურებსაც თავად ვამზადებ,“ – ამბობს თეონა.
თეონა ჭალიძემ პოლიტპატიმრების მშობლებთან ერთად ბოლო ერთ წელში 40-მდე ქალაქი მოიარა: იყვნენ ამ ქალაქების ბაზრებში, ავტოსადგურებში, ქუჩებში – არიგებდნენ სპეციალურ გაზეთებს, სადაც პოლიტპატიმრების ისტორიები იყო მოთხრობილი და ამ გზით მოქალაქეებს აგებინებდნენ იმ უსამართლობის შესახებ, რაც ამ პოლიტპატიმართა თავს დატრიალდა.
„ჩვენი ამ სიარულით სულ მცირე 100 000-მდე ადამიანს მისწვდა პოლიტპატიმრების ხმა. ვარიგებდით გაზეთს „თავისუფლების ხმა ციხიდან“, რომელიც ოთხმა ქალმა პოლიტიკოსმა ერთად გავაკეთეთ: მე, თეა მეტრეველმა, ბარბარე ჯიმელი-სულაშვილმა და ანა გოგოლაძემ.
რეგიონებში გასვლების ორგანიზება ჩემზე იყო. მასშტაბური კამპანია გამოვიდა. ისევ ვაპირებთ გავაგრძელოთ“, – ამბობთ თეონა ჭალიძე.

თეონა ჭალიძის თქმით, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს 40 ქალაქი მოიარა
თეონა ჭალიძე თავის საქმიანობაში ძირითად აქცენტს სოციალურ თემებსა და სოციალურ პოლიტიკაზე აკეთებს.
მისი თქმით, ახლა არანაირი სივრცე აღარ არის დარჩენილი ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობის.
„სიღარიბეს იყენებს ხელისუფლება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მოწყვლადი გახადოს მოქალაქეები ან ვისაც წასასვლელი აქვს, გააქციოს ამ ქვეყნიდან. ვინც დარჩება იმდენად მოწყვლადი, იმდენად დამოკიდებული უნდა იყოს სოციალურ გასაცემელზე, რომ მათზე ზეგავლენა მარტივად მოახდინოს.
ერთადერთ გამოსავლია, რაც შეიძლება მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს თითოეულ ადამიანთან. ამ ნიჰილიზმის და უიმედობის მიუხედავად, უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ სწორედ მათი ერთი ხმა არის გადამწყვეტი.
მათ ჰგონიათ, რომ მაინც ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ვიღაცას უნდა, რომ მათ ერთ ხმას მნიშვნელობა არ აქვს, რომ მათთვის მაინც არავინ არ არის, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში… აი, ეს განწყობები თუ შევცვალეთ, მომდევნო არჩევნებზე სწორედ ამ ადამიანების ხმა იქნება გადამწყვეტი.
დაკარგული ნდობა, რომელიც არის პოლიტიკოსებს, პოლიტიკასა და უბრალო ადამიანებს შორის, ხელახლა არის ასაშენებელი. ამ პროცესში ყველა ადამიანს აქვს თავისი როლი. ამ ცვლილებებს ვუყურებ, როგორც ერთ დიდ ფაზლს და ამ ფაზლის ერთი ნაწილი შეიძლება ვიყოთ ყველა ჩვენგანი,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.

დამოუკიდებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვას და სოციალური საკითხების მოგვარებას აყენებს.
ის თვლის სამ საკითხს, რომელსაც დაუყოვნებლივ მოაგვარებდა, მანდატი და შესაბამისი ძალაუფლება რომ ჰქონდეს:
„ჩემი პრიორიტეტი იქნებოდა იმ დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, ვინც წლებია რიგში დგას. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს სირცხვილია, როცა ამდენი წლის მერეც დევნილები სახლებს ელოდებიან.
მეორე ეხება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებს. ხარვეზები, რომელიც ამ პროგრამაშია, უნდა აღმოიფხვრას – სანამ მოქალაქეებს სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა უნდა მიიღონ.
რა თქმა უნდა, პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში სიღარიბე დავამარცხოთ, ეკონომიკური ზრდა იყოს, ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს, მაგრამ სანამ მოქალაქეს სახელმწიფოს მხარდაჭერის მყისიერი საჭიროება აქვს, მას უნდა ეგულებოდეს ზურგად სწორედ სახელმწიფო.
მესამე საკითხი, რასაც სოციალური პოლიტიკის მიმართულებით დავნერგავდი, არის უფასო კვება სკოლაში,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.

მაშინ, როცა ქართველ ამომრჩეველს ძალიან ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი, როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე, როგორ უნდა დაიბრუნონ პოლიტიკოსებმა ხალხის ნდობა? – ვკითხეთ მას.
„მოქალაქეებზეა ბევრი რამ დამოკიდებული. თუ ამომრჩეველი, მოქალაქე იქნება უფრო მომთხოვნი, უფრო მეტი პრეტენზია ექნება პოლიტიკოსის მიმართ, მეტად მოითხოვს მისგან ანგარიშს – რას აკეთებს, როგორ აკეთებს, მერე იმის კულტურაც ჩამოყალიბდება, რომ მხარში დაუდგეს იმ პოლიტიკოსს, რომლის საქმიანობაც უფრო მეტად მოსწონს.
ეს გაზრდის ჯანსაღ კონკურენციას და ის პოლიტიკოსები უფრო მეტად წარმოჩინდებიან, ვინც მეტად არის საქმეზე ორიენტირებული და არა მხოლოდ სკანდალურ განცხადებებზე. აი, ასე ვხედავ მე ორმაგ როლს მოქალაქისას,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.
თეონა ჭალიძის აზრით, პოლიტიკოსებმა უნდა გაითავისონ, რომ ისინი არიან ანგარიშვალდებული ხალხთა და ამასთან, უნდა შეეძლოთ დაშვებული შეცდომის აღიარება.
„ვფიქრობ, ძალიან ღირებულია, როდესაც პოლიტიკოსს შეუძლია თავისი შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა საჯაროდ, მყისიერად და ამისთვის არ სჭირდება დღეები და თვეები ფიქრი.
პოლიტიკოსმა შეიძლება შეცდომებიც დაუშვას. სასურველია, რომ არ დაუშვას, მაგრამ უშეცდომო რადგან არავინ არ არის, შეიძლება რაღაც კარგის თქმა გინდოდეს, მაგრამ ისეთი რაღაც გამოვიდეს, ან ვინმემ ისე აღიქვას შენი ნათქვამი, სიტყვა ან ტერმინი, რაიმე ჟესტი, რომ ვიღაცას ტკივილი მიაყენო. თუ ესე მოხდება, დაინახავ, რომ შენი ერთი სიტყვით ვიღაცას გული ატკინე, ან აწყენინე, უნდა მოიხადო ბოდიში.
ბოდიშის მოხდის უნარი – ჩემთვის იმის ნიშანია, ამა თუ იმ პოლიტიკოსისგან გამოვა თუ არა სახალხო პოლიტიკოსი.
საბედნიეროდ, ჩემი საჯარო განცხადებებიდან, აქამდე რაც გამიკეთებია, არასოდეს მქონია მსგავსი პრეცედენტი, რომ დამჭირვებოდა ბოდიშის მოხდა. მომავალში თუ დავუშვებ ასეთ შეცდომას, აუცილებლად მყისიერად ვაღიარებ და მოვიხდი ბოდიშს,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.






