„ფასები ნახეთ, როგორ ძვირდება ისევ ყველაფერი? გული არ გაიტეხოთ, ხალხო“ – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი ქალს, #12 ავტობუსში გამოთავისუფლებული ორი ადგილისკენ რომ მიიკვლევდა გზას. მის თანმხლებ, შავებში ჩაცმულ ქალს ხელში პატარა ქოთნით ყვავილი ეჭირა და ავტობუსის დაძვრამდე სცადა სკამზე ჩამოჯდომა.
#12 ავტობუსი ხელვაჩაურის ავტობუსია – მუდმივად მგზავრებით სავსე. ქალაქიდან როცა გადის და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე შეუხვევს, ავტობუსში ძირითადად ის მგზავრები რჩებიან, რომლებიც ბათუმის გარეუბნებსა და ახლომდებარე სოფლებში ცხოვრობენ.
ამ დროს ავტობუსში სხვადასხვა საკითხის ხმამაღლა განხილვის ჯერი დგება.
„რა მაინტერესებს, იცით? გალიფას ბინებში როდის უშვებენ ხალხს?“ – კითხულობს კაცი ირონიული მზერით, რომელიც სკამების რიგებს შორის ჩამდგარა. „გალიფაში“ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი იგულისხმება, რომელსაც 2025 წლის ბოლოს, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, უკანონოდ აშენებული 7 კორპუსი ჩამოართვეს ბათუმში. კორპუსების ბედი ამ დრომდე არ გადაუჭრია „ოცნების“ მთავრობას.
„ვინ გეტყვის მაგას, არჩევნები არაა ახლა,“ – პასუხი აქვს ფანჯარასთან მჯდომ ქალს.
სკოლასთან ავტობუსში მოსწავლეები ამოდიან. ერთი გოგო ახლად გამოთავისუფლებულ 1 სკამზე დაჯდომას ასწრებს და თანატოლებს ხელით ანიშნებს, ჩემკენ მოდითო.
„აბა, მომეცით ყველამ ჩანთები“, – კატეგორიულად ითხოვს გოგო. ბავშვები რიგ-რიგობით ულაგებენ მეგობარს მუხლებზე ჩანთებს და ისევ ფეხზე მდგომ მგზავრებს ერევიან.
„რატომ დაგაქვთ ეს წიგნები? რა მძიმეა, ღმერთო“ – გაბრაზებას არ მალავს სკამზე მჯდომი მოზარდი.
ავტობუსის მთავარ კართან ახლოს მსხდომები კი, ექიმის ამბავს განიხილავენ:
„ექიმთან ხომ ვერ მიხვალ, ისეთი ფასებია… მიხვალ და ვაი, ისეთ მისვლას, მივიდა აგერ, ქალი და რა უქნეს, თურქეთში კიდევ დააყენეს ფეხზე,“ – ჰყვება ხანდაზმული ქალი.

„შეშის ღუმელი ძლივს ავიღე, ეს მიხარია“ – ფეხზე მდგომი ქალი უყვება მეორეს.
„შეიცვალა დრო, ხალხიც შეიცვალა…“ – იცინის ქალი, რომელიც ფანჯარას ზურგით მიჰყრდნობია: „ჩემ დროს რაფერც მიმაბრუნებდნენ, ისე მომაბრუნებდნენ, ახლა იტყვი რამეს და პოლიციას დაგაყენებენ თავზე, ნეტაი, ჩემს დროს ყოფილიყო მასე, ძალიანაც კარგია“.
„ჩვენს ქვეყანაში ვინც მდიდარია, ის მდიდრდება ისე, ჩვენთვის არაფერი იცვლება, ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ?“ – მეუბნება ქალი, როცა ხელვაჩაურიდან უკან ვბრუნდებით და ბავშვთა კლინიკის გაჩერებასთან ჩამოვდივართ. ფატი მქვიაო, ასე გვეცნობა რესპონდენტი, გვარის გამხელა არ სურს.
ავტობუსის გაჩერებასთან კი, ტროტუარიც აუყრიათ და მოსაცდელიც აუღიათ. ფატი გვიყვება: თურქეთში ვიყავი დღესაც გადასული სამუშაოდ, სარფიდან მოვდივარ, ხელვაჩაურის ავტობუსს ვუცდი და ამ თაკარა სიცხეში ასე ვდგავარ, ჩრდილიც კი არსად არისო.


ავტობუსის „გაჩერება“ აეროპორტის გზატკეცილზე
„ეკონომიკური წინსვლააო, რომ ამბობენ, სადაა? პენსიონერი ქალი თურქეთში დავდივარ, რომ ლუკმა-პურის ფული ვიშოვო.
71 წლის ვარ. პენსიას უნდა ვიღებდე თვეში 495 ლარს და ვიღებ 280 ლარს – საპენსიო სესხი დამჭირდა და ავიღე 4 წლის წინ. 960 ლარი გამოვიტანე შვილის საქორწინოდ – გოგოს ქორწილი იყო და ხომ იცით, ჩვენი ტრადიციები, რამდენი რამ გჭირდება.
თავის დროს 32 პროცენტად მომცეს სესხი, მერე მითხრეს 8 პროცენტი დავაკელითო,“ – ასრულებს ფატი.

„ივანიშვილი რაზე ზრუნავს და ხეების მოთხრაზე“, – „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ გაბრაზებას არ მალავს მანანა სურმანიძე, რომელიც ბათუმიდან სარფისკენ მიმავალ ავტობუსში გაგვეცნო და კომენტარის მოცემაც ისურვა:

მანანა სურმანიძე
„ფასების კომისია, ფასებიო და პირიქით გაიზარდა ფასები.
საერთოდ აღარ ვუსმენ მთავრობის ლაპარაკს, მხოლოდ ტყუილები ისმის. ადრე ტელევიზორს ვუყურებდი, მერე ტელეფონზე გადავერთე. ახლა აღარ მინდა არცერთი, არცერთს აღარ ვუსმენ,“ – ოპოზიციაზეც გამწყრალია ქალი. რამდენიმე მგზავრი თავის დაკვრით გვაჩვენებს, ჩვენც იგივე აზრზე ვართო, თუმცა ისინი საჯაროდ კომენტარისგან თავს იკავებენ.
„რა აზრი აქვს ლაპარაკს, ვინმე მოგისმენს?“ – ხმამაღლა მოგვმართავს ფეხზე მდგომი კაცი.
„არავინ არ მოგისმენს. მე თამაზ ბაკურიძის იმდენ აქციაზე ვიყავი, ახლა ვითომ რაღაცას იძლევიანო, მეტი არაა ჩემი მტერი, მათიანებს მისცემენ ისევ,“ – თავის მოსაზრებას გამოხატავს ავტობუსის უკანა კართან მჯდომი ქალბატონი.
„კობახიძეს თუ უსმინეთ დღეს, კობახიძეს ივანიშვილზე,“ – სიცილ-სიცილით უერთდება დისკუსიას ქალი შუა რიგიდან. – „ვაიმე, რა საცოდაობა იყო, ეს რა იყო?“
„ევროპა გიშველით?“ – კითხულობს კართან ახლოს მდგომი კაცი, მაშინვე მგზავრების გამომეტყველებაში გაოცებას ხედავს და ამატებს: „არა, მე რუსიც არ მინდა, რუსეთს ვლანძღავ სულ…“.
„ევროპა როგორ არ მინდა, ჩემს ორივე ძმისშვილს საფრანგეთმა უშველა,“ – დიალოგში ერთვება მანამდე ჩუმად მჯდომი ქალი: „ესე იგი, საქართველოში ბავშვებს ვერ დაუდგინეს დიაგნოზი, აქეთ-იქეთ ატარებდნენ, საფრანგეთში დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობენ და ყველაფერს უფინანსებენ… აქ კიდევ მასაჟში გვჭირდებოდა მარტო 3 ათასი ლარი, სად უნდა გვენახა ამდენი?“
„მთავრობას რაც უნდა, იმას იზამს, ივანიშვილს როგორ მოიშორებ?“ – ხელს იქნევს ქალი, უსახლკაროების აქციებზე დავდიოდიო, მანამდე რომ გვითხრა. მას დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე ვუყვებით და იმაზე: როგორ შეაგროვეს ღარიბ ქვეყანაში მოქალაქეებმა 2 მილიონი ლარი.
„მართალი ხართ თქვენ, ხალხშია ძალა, ეს იყო ხალხის პროტესტი და კობახიძემაც უკან დაიხია, ასეა საჭირო,“ – მოგვმართავს ისევ ის კაცი, ლაპარაკს აზრი არა აქვსო, ავტობუსში ასვლისთანავე რომ გვითხრა. – „მაგრამ ცხვრის ფარას ყოჩი სჭირდება, ვის გავყვეთ? ოპოზიციაა საჭირო, კარგი ოპოზიცია“.
„ახლა ყველა პოლიცია გახდა, ამდენი დაცვა-დაცვით სიარული რაზეა საჭირო? თუ მართლები არიან, რის ეშინიათ?“ – ხმამაღლა ამბობს ისევ მანანა სურმანიძე.
„მზია როგორაა?“ – გვეკითხება მოულოდნელად ის მგზავრი, ვისი ძმისშვილებიც საფრანგეთს გადაურჩენია, – „ვიცი, მხარდაჭერის კამპანია დაიწყო და თანხის ჩარიცხვა შეიძლება „ბათუმელებისთვის“, მაგრამ დაფიქსირდება ხომ სახელი, ვინც თანხას ურიცხავს ჟურნალისტებს?“
„ჩემი მეზობელია მარტოხელა დედა, ბარაკში ცხოვრობს, ოთხი შვილი ჰყავს, მოხუცი დედა, სოციალური აქვს და იმასაც უხსნიან, გადამოწმებაზე იყვნენ, იქნებ გააშუქოთ და დაეხმაროთ… რომ ნახავს ხალხი, მერე სხვანაირია პრობლემა,“ – მოგვმართავს პენსიონერი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს სარფის საბაჟოზე.
ავტობუსი სარფის გამშვებ პუნქტს უახლოვდება. ბოლო რიგში ქალს ორივე ხელი აუფარებია სახეზე.

„ეკონომიკური ზრდა კი არა, კატასტროფამდე ვართ მისული,“ – ეს სარფის საბაჟოსთან გვითხრა ემზარ მამულაძემ. ისიც საქართველო-თურქეთის საზღვარზე მუშაობს.
„ჩაის საკრეფად დადის ახლა ბევრი, წელს კარგი ფასებია, მაგრამ სადღა შემიძლია მაგდენი? ადრე „კაჭკაზე“ ვმუშაობდი და მერე ისიც აგვიკრძალეს ნეიტრალში… ახლა თამბაქოზე ვმუშაობ, მაგრამ გვაწვალებენ… კობახიძე რომ იძახის, ყველაფერი კარგად არისო, არანაირად ასე არაა, მობრძანდნენ აგერ და გვნახონ, რა დღეშიც ვართ, როგორ ვწვალობთ.
ფასები უნდა რეალური, ფასები. წამალი დამჭირდა და თურქეთში რომ ვიყიდე მედიკამენტი 7 ლარად, აქ ღირდა 18 ლარი.
ეს მთავრობა როგორ არის იცით? არჩევნები როცა არის, მაშინ ხდებიან პატიოსნები. ივანიშვილმა რომ თქვა, 100 ქარხანა აშენდებაო, სადაა?“

ემზარ მამულაძე






