მთავარი,სიახლეები

 რატომ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი

14.05.2026
 რატომ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი

„გაცნობებთ, რომ თქვენს ინდექსირებულ სესხზე შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დისტანციურ არხებში ან მიმართეთ ფილიალს,“ – მსგავსი შინაარსის  შეტყობინება მიიღო საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ, ვისაც სესხები ლარში აქვთ აღებული და ეს სესხები ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული.

მათ სესხები გაუძვირდათ.

ამ შეტყობინებებს წინ უსწრებდა საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მიერ 7 მაისს მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ.

რეფინანსირების განაკვეთის მომდევნო განახლების თარიღად სებს 17 ივნისი აქვს მონიშნული.

მარტივად – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ანუ იგივე რეფინანსირების განაკვეთი, არის საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ეროვნული ბანკი აძლევს სესხს კომერციულ ბანკებს.

როცა ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ეს ნიშნავს, რომ ბანკებისთვის ძვირდება სესხის აღება, რაც თავის მხრივ, იწვევს იმას, რომ კომერციულ ბანკებში მოსახლეობას უძვირდება სესხის აღება. შედეგად, მცირდება ფულის ხარჯვა და მცირდება ინფლაცია.

რეფინანსირების განაკვეთით ეროვნული ბანკი აკონტროლებს ინფლაციას, ეკონომიკურ ზრდას და ფულის მიმოქცევას ქვეყანაში.

რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და რა გავლენა ექნება ინფლაციაზე?

ეკონომისტები თანხმდებიან, რომ  მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ყველა სექტორზე ექნება გავლენა. თუმცა ეს არ მოხდება სწრაფად.

„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იწვევს კომერციული სესხების განაკვეთების და დეპოზიტების სარგებლის იმ ნაწილის ზრდას, რაც მიბმულია ამ განაკვეთზე.

ასევე, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა შემცირების მიმართულებით მოქმედებს ინფლაციაზე, რადგან ამცირებს ფულის მასას.

ეს მექანიზმი ასე მუშაობს – რაც უფრო მაღალია სასესხო განაკვეთი, მით უფრო ნაკლებ ბიზნესს და მოქალაქეს აქვს სესხის აღების სურვილი.

შედეგად, მცირდება მთლიანი ფულის მასა, რადგან ერთი ადამიანის მიერ აღებული სესხის შედეგად დახარჯული ფული მეორე ადამიანის საბანკო ანგარიშზე ხვდება.

განაკვეთის 0.25%-ით გაზრდას 8.25%-მდე არ ექნება დიდი პირდაპირი ეფექტი. ფსიქოლოგიური გავლენა, ამ ეტაპზე, ძნელად გასაანგარიშებელია.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ყველა სექტორზე ექნება ერთგვარი ზეგავლენა, ფულის მასის შემცირების და საპროცენტო სარგებლის ზრდიდან გამომდინარე.

სავარაუდოდ, პროპორციულად ყველაზე მეტად ამას იპოთეკური სესხის ამღები მოქალაქეები შეიგრძნობენ.

მთლიანობაში ეს მცირედი ეფექტის მქონეა უკანასკნელ თვეებში განხორციელებულ ელექტროენერგიის ტარიფების და საწვავის ფასის ზრდასთან შედარებით,“ – განმარტავს ეკონომისტი ნიკოლოზ შურღაია „ბათუმელებთან“ საუბრისას.

ნიკოლოზ შურღაია

როგორ ახსნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება? – სების განმარტებით, საქართველო, მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკას წარმოადგენს და საგარეო შოკები მასზე აისახება.

„ჩვენი [ეროვნული ბანკის] მთავარი მანდატი არის ფასების სტაბილურობა. შესაბამისად, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 3%-იანი სამიზნე მაჩვენებელი და ყოველთვის ეროვნული ბანკი გამოდის ფასების სტაბილურობის მანდატიდან.

შესაბამისად, სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც. როგორც მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე გაგვეზარდა,“ – ეს განმარტება ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა სოფრომაძემ გააკეთა 8 მაისს, მონეტარული ანგარიშის პრეზენტაციისას.

სების წარმომადგენელმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზად გლობალური, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული გამოწვევები დაასახელა.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ქმნის მნიშვნელოვან ინფლაციურ წნეხს გლობალურად,“ – თქვა თამთა სოფრომაძემ.

რეფინანსირების განაკვეთი სებმა ბოლოს 2024 წლის მაისში გაზარდა 8%-მდე და 2026 წლის 7 მაისამდე, ორი წლის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებდა.

7 მაისს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად ეროვნულმა ბანკმა დააანონსა, რომ 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 6.5 % იქნება, ხოლო ინფლაცია 4.9 %.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: