2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.
სპეციალისტების განმარტებით, აუტიზმი ნეიროგანვითარების თავისებურებაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ კომუნიკაციაზე, ურთიერთობებსა და გარემოს აღქმაზე.
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“.
მათი განმარტებით, „აუტიზმი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული ნიჭი მათემატიკაში ან ხელოვნებაში, ზოგს კი სჭირდებოდეს მხარდაჭერა ყოველდღიურ კომუნიკაციაში. თუმცა, ყველას აერთიანებს ერთი რამ – სამყაროსთან ურთიერთობის ინდივიდუალური გზა“.
ცენტრის განცხადებით, აუტიზმთან დაკავშირებით არაერთი მითია გავრცელებული. მაგალითად, ის, რომ აუტიზმი დაავადებაა.
„სინამდვილეში, აუტიზმი არის ნეიროგანვითარების თავისებურება, რაც იმას ნიშნავს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანების ტვინი განსხვავებულად „მუშაობს“ და აღიქვამს სამყაროს.
„სხვაგვარად ფიქრი“ ნიშნავს ახალ იდეებსა და უნიკალურ ხედვას, რაც ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ ამდიდრებს. ამიტომ შეეცადეთ დააფასოთ ნეირომრავალფეროვნება.
აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს ისევე სჭირდებათ სიყვარული და მეგობრობა, როგორც ყველას. თუმცა, შესაძლოა კომუნიკაციისთვის განსხვავებულ ფორმებს იყენებდნენ.
მითია ისიც, რომ აუტიზმი არის აღზრდის ბრალი. რეალურად, აუტიზმის განვითარებაში მოქმედებს გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა და მას არანაირი კავშირი არ აქვს მშობლების აღზრდის მეთოდებთან“.
ცენტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს აუტიზმის მქონე ადამიანებს და „გაგებით მოეკიდონ ატიპურ ქცევას“.
„ხშირად ხმაური, მკვეთრი განათება ან ხალხმრავალ გარემოში ყოფნა აუტიზმის მქონე ადამიანისთვის შესაძლოა, სტრესული აღმოჩნდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების უარყოფითი გავლენის შემცირებაზე ფიქრი“.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) (2020 წლის) მონაცემებით, აუტიზმის შემთხვევების დინამიკა მზარდია.
სახალხო დამცველის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში აუტიზმის მქონე პირები მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების პროცესში კვლავ არაერთი სისტემური გამოწვევის წინაშე დგანან.
„ამ დრომდე არ არის დანერგილი აუტიზმის მქონე პირთა ოჯახების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისები. საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცველი დამოკიდებულება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და ინფორმაციის ნაკლებობა მნიშვნელოვნად აფერხებს აუტიზმის მქონე პირთა პოტენციალის სრულყოფილად რეალიზებას.
განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს აუტიზმის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომა. სომატური ჯანმრთელობის სერვისების დაგეგმვის დროს უნივერსალური დიზაინის გაუთვალისწინებლობა, შემთხვევათა მოქნილი და მულტიპროფილური მართვის სისტემის არქონა, სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესში გონივრული მისადაგების პრინციპის უგულებელყოფა, სამედიცინო პერსონალის ნაკლები ინფორმირებულობა და სათანადო კომუნიკაციის უნარ-ჩვევების არქონა – არსებითად აფერხებს აუტიზმის მქონე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვას“ – წერს ომბუსმენი.
მისივე შეფასებით, მწვავედ დგას გეოგრაფიულად მისაწვდომის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების დეფიციტი.
„მუნიციპალიტეტებში არსებული სამიზნე პროგრამები სრულყოფილად ვერ ფარავს აუტიზმის მქონე ბავშვთა საჭიროებებს, ხოლო აუტიზმის მქონე ზრდასრულ პირთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამები კვლავ არ არის დანერგილი.
ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიწოდების პროცესში აუტიზმის მქონე ბავშვთა საჭიროებების სრულყოფილად გათვალისწინება. ასევე, ქცევის პოზიტიური მართვის მხარდამჭერი, ეფექტური, მიზნობრივი პროგრამების დანერგვა. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ მოხდეს აუტიზმის მქონე პირთა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების აქტიური ხელშეწყობაც“ – ნათქვამია ომბუდსმენის შეფასებაში.
__________________
ამ თემაზე:
ბაბუა, რომელმაც აუტისტ შვილიშვილს ცურვა, ბაღის მოვლა და ველოსიპედის ტარება ასწავლა






