სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს.
მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია.
„364 ცალი ძაღლის დასაჭერი სახელურიანი მარყუჟი / მახასიათებლები: ლასო – ფოლადის იზოლირებული ბაგირით, 360°-ით მბრუნავი თავით, ფიქსატორით, სათადარიგო ბაგირით და მარყუჟის ქვედა ნაწილი პლასტმასით ან ალუმინით. სიგრძე: ტელესკოპური რეგულირებადი 130 – 180 სმ.“ – აღნიშნულია ტენდერში.
ტენდერში სავარაუდო ვიზუალისთვის ატვირთულია ფოტოც:

ძაღლების დასაჭერი / ვიზუალი / მსგავსის შეძენას გეგმავს სურსათის სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო ასეთ მარყუჟებს პირველად ყიდულობს.
შესყიდვების პორტალზე კატეგორიაში – „საპოლიციო მოწყობილობები / ძაღლების თავდასხმის მოსაგერიებელი საშუალებები“ – სააგენტოს სხვა შესყიდვა განხორციელებული არ აქვს.
განახლება: ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 აპრილს დასრულდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ დროისთვის სააგენტოს შპს „ჯგ 20.26“ მარყუჟებს 95 500 ლარად სთავაზობს. აღნიშნული კომპანია 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული, ანუ ტენდერის გამოცხადებამდე 15 დღით ადრე. კომპანიის წილებს ფლობენ მარიამი ჭიპაშვილი /საქართველო/და ირაკლი ჯალაღონია /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/. კომპანიის დირექტორია ირაკლი ჯალაღონია. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, შესაბამისად, ჯერ უცნობია მონაწილეობს თუ არა სხვა პრეტენდენტებიც.
საქმე იმაშია, რომ „ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან 3 წლის განმავლობაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი წესდება.
დადგენილების მიხედვით, მომეტებული რისკის მქონე ძაღლებად დასახელებულია:
- ამერიკული პიტ ბულ ტერიერი; ფილა ბრაზილეირო; სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; კანე კორსო; სტაფორდშირ ბულ ტერიერი.
მორატორიუმი გავრცელდება სხვა ჯიშის ძაღლებზეც, კერძოდ, ესენია:
- ჰასკი; მალამუტი; ლაიკა.
მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით [გარდა თვითმმართველი ქალაქებისა] სააგენტო უზრუნველყოფს პატრონიანი ძაღლების:
ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას;
ძუ ძაღლების სტერილიზაციას;
ჩიპირებას;
იდენტიფიკაციასა და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას“.
ამასთან, სააგენტოს განცხადებით „იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია მეპატრონეების პასუხისმგებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ერთიანი ბაზით შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კი, კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან.“
ამ თემაზე:
პიტ ბულის, ჰასკის და კიდევ რამდენიმე ჯიშის ძაღლის მოშენება დროებით იკრძალება
ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან






