„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ქვეყანაში 6 წელზე მეტი ხნის ავტომანქანების შემოტანა აიკრძალება.
„ცვლილება ძალაში შედის პირველი აპრილიდან. თუმცა, იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის პირველ აპრილამდე და ამ ავტომობილების ტრანსპორტირება დაიწყება პირველ აპრილამდე, ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება არ შეეხება.
ასევე, ეს ცვლილება არ ეხება რეექსპორტზე გასატან მანქანებს და იმ ავტომობილებს, რომლებიც უკვე საქართველოშია და რეგისტრირებულია,“ – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.
ალექსანდრე დარახველიძემ ცვლილების შესახებ დღეს, 13 თებერვალს, განაცხადა.
გუშინ, 12 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტში წარადგინეს ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოტანის აკრძალვას.
„რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული. თუმცა ვფიქრობ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს ქვეყანაში შემოყვანილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






