თსუ და სტუ აღარ გაერთიანდებიან – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს განაცხადა. თუმცა დასძინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად“ გარდაიქმნება და მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები შენარჩუნდება, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა.
რამდენი პროგრამა გაუქმდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და გამოიწვევს თუ არა ამ სპეციალობების გაუქმება აკადემიური პერსონალის შემცირებასაც? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, თამარ წერეთელს ესაუბრა.
- ქალბატონო თამარ, რამდენი პროგრამა გაუქმდება სტუ-ში და თქვენი აზრით, რამდენად მტკივნეული პროცესი იქნება ეს? ეთანხმებით თუ არა ამ გადაწყვეტილებას?
პირველ რიგში დავაფიქსირებ იმას, რომ პრემიერთან შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურის და აკადემიური საბჭოსი იყო ძალიან პროდუქტიული. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვილაპარაკეთ. პრემიერმა ნათლად დაინახა ჩვენი აკადემიური პერსონალის პოზიცია საინჟინრო დარგებთან მიმართებაში და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება საინჟინრო მიმართულებების კერა საქართველოში.
განვავითარებთ ინჟინერიას, იმ ტექნოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
- გამოდის, სტუ დათანხმდა ცალკეული პროგრამების გაუქმებას. შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ის პროგრამები, რომლებიც გაუქმდება?
არ უნდა დათანხმებულიყო? 30 წელია ამ ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმა არ ჩატარებულა…
ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, საჯარო მმართველობა, სასტუმრო მომსახურება, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი – გადავა მილევად რეჟიმში. ის სტუდენტები, რომლებმაც ჩვენთან სწავლის უფლება მოიპოვეს ამ პროგრამებზე, დაასრულებენ სწავლას, მაგრამ წელს ამ პროგრამებზე მიღება აღარ გამოცხადდება.
ეს არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რომლებსაც ტექნიკური უნივერსიტეტი განახორციელებს მილევად რეჟიმში. ის აკადემიური პერსონალი, რომლებიც ამ მილევადი პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობდნენ, ასევე ჩართულნი არიან ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო პროგრამებში და შესაბამისად, პერსონალი შენარჩუნდება. ამიტომ, ვერ ვხედავ რაიმე შიშების მოტივს.
- ეს პროგრამები, რომლებიც ჩამოთვალეთ და რომელთა გაუქმებასაც აპირებს „ოცნება“, არ იყო წარმატებული, არ ამზადებდა პროფესიონალ კადრებს, თუ რატომ დათანხმდით მათ გაუქმებას?
მე არ ვიტყვი, რომ არ მომწონდა.
ჩვენმა პროგრამებმა გაიარა აკრედიტაცია, ყველას ჰქონდა დადებითი შეფასება ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან. თუმცა მე ვერ ვხედავ იმაში პრობლემას, რომ ეს პროგრამები თსუ-ში განხორციელდება.
- მაგრამ თსუ-საც ხომ ექნება მსგავსი პროგრამები და მაშინ, ერთ-ერთი უნივერსიტეტის უნდა გაუქმდეს…
თუ დუბლირებული პროგრამები იქნება, გაერთიანდება. ამისთვის არსებობს აკადემიური სივრცე, ამისთვის არსებობს აკადემიური თავისუფლება. გარდა ამისა, დარგის სპეციალისტები, ვისი შექმნილიცაა ეს პროგრამები, დასხდებიან და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
სტუდენტების კონტინგენტი არ შემცირდება, ანუ თსუ-ს სტუდენტებთან გაერთიანდებიან ჩვენი სტუდენტები და გააგრძელებენ სწავლას. თუმცა ამ პროგრამების განსახორციელებლად საჭირო იქნება სტუ-ს აკადემიური პერსონალის გამოყენებაც, მარტო თსუ-ს პერსონალი ხომ ვერ გასწვდება ამას.
- როცა ითქვა, რომ თსუ-ში გადავა ეს პროგრამები, აქ იგულისხმება ისიც, რომ ახლანდელი სტუდენტებიც თსუ-ს აუდიტორიებში გადავლენ?
ამ წუთას, მილევად პროგრამებზე ვინც გვყავს სტუდენტები, ყველა დაამთავრებს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აიღებენ ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომს. 2026-2027 სასწავლო წელს გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებში ტექნიკურ უნივერსიტეტს აღარ ექნება აღნიშნული პროგრამები მითითებული.
- პროგრამების შემცირება გამოიწვევს კვოტების შემცირებასაც მომავალში, როგორც ამას „ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილე ამბობდა – შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით განისაზღვრება კვოტებიო. აქედან გამომდინარე, რამდენი ადგილი შეიძლება დააკლდეს სტუ-ს, მაგალითად?
საუბარი არ მიდის სტუდენტების კვოტის შემცირებაზე.
შრომის ბაზრის კვლევა ახალი არ არის, ყველა პროგრამის აკრედიტაციის წინ სტანდარტი ითვალისწინებს იმას, რომ სანამ პროგრამას გააკეთებს აკადემიური პერსონალი, გამოიკვლიონ შრომის ბაზარი და ნახონ, როგორი მოთხოვნაა. აბსოლუტურად ყველა პროგრამას, რომელიც საქართველოში აკრედიტებულია, აქვს თავისი შრომის ბაზრის კვლევა განხორციელებული.
პროგრამის ინიციირება როცა ხდება, აკადემიური პერსონალისგან მას აქვს აკრედიტაცია-ავტორიზაციის შესაბამისი სტანდარტები, რომელიც ამ პროცესებთან ერთად უნდა განახორციელოს. ამიტომ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის შრომის ბაზრის კვლევა.
- თუ თქვენმა პროგრამებმა იმიტომ მიიღო აკრედიტაცია, რომ შრომის ბაზარზე იყო მოთხოვნა, მაშინ რატომ გიუქმებენ და რატომ ამბობს „ოცნება“, რომ პროგრამებს შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დააფინანსებენ?
გულწრფელად გითხრათ, მე არ გამიგია მსგავსი განცხადებები.
- პირველად, როცა ირაკლი კობახიძემ კრიტიკულად დაიწყო უნივერსიტეტებზე საუბარი, მაშინ თქვა – „ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თსუ და ქუთაისის უნივერსიტეტის სახით“. ნიშნავს ეს იმას, რომ მაშინ უკვე ჩაფიქრებული იყო ტექნიკური უნივერსიტეტის დასუსტება?
მე არ მახსოვს ასეთი განცხადება, მაგრამ ამ შეხვედრამ [კობახიძესთან] დიდი მოლოდინები გაგვიჩინა ჩვენ და ქუთაისშიც რომ განვითარდეს ტექნიკური უნივერსიტეტი, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
ჩვენ დაგვპირდნენ და გვითხრეს, რომ ის მატერიალური ბაზა, რომელიც დღეს გვაქვს, უფრო გამდიდრდება საჭიროებების მიხედვით და სახელმწიფო ამაში გვერდში დაგვიდგება.
მოგეხსენებათ, რომ საინჟინრო დარგს და ზოგადად ტექნოლოგიურ დარგს სასწავლო პროცესი ბევრად განსხვავებული აქვს, პრაქტიკაზე, ლაბორატორიულ კვლევებზეა დაფუძნებული სასწავლო პროცესი და ამაზე გვქონდა საუბარი, რომ აუცილებლად იქნება დამატებითი დაფინანსებაც ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი.
- რადგან ინფრასტრუქტურა ახსენეთ მინდა გკითხოთ, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების გასხვისების თემა არაერთხელ გაჟღერდა. ხომ არ დასმულა ეს საკითხი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზეც?
შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს რამდენიმე ისეთი შენობა და თუ მათ მაგივრად ჩვენ გვექნება ახალი, თანამედროვე ტიპის სასწავლო კამპუსები, პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან „ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება“ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეს ქონება მთლიანად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
სტუ-ს აქვს 198 ათასი კვ.მ ფართობი და აქედან სასწავლო პროცესისთვის გამოიყენება 120 ათასი კვ. მეტრი, რომელიც აღჭურვილია ლაბორატორიებით, აუდიტორიებით და სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებით, მაგრამ ეს არ არის ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება. ჩვენ ვართ სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- ავტონომიური უფლებები ხომ გაგაჩნიათ?
ავტონომიური უფლებები ტექნიკურ უნივერსიტეტს შენარჩუნებული აქვს. გვყავს აკადემიური ორი მმართველი ორგანო – აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭო და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს და მივდივართ იქითკენ, რომ სასწავლო პროცესი გავაუმჯობესოთ.
- ქართული უნივერსიტეტების დილემა სტუდენტური საცხოვრებლების არარსებობაა. არ ფიქრობთ, რომ იმ ფართობში, რომელზეც ამბობთ, რომ ვერ იყენებთ, სტუდენტური საცხოვრებელი შეგიძლიათ გააკეთოთ?
რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი არის ის, რომ მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა გაკეთდეს და აშენდეს. შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ამაზე, რომ აშენდეს კამპუსები.
დაფინანსების ის სქემა, რომელიც აქამდე იყო, რადიკალურად შეიცვლება და სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ ააშენოს კამპუსები. 2250 ლარით უნივერსიტეტები დამოუკიდებლად ამის გაკეთებას ვერ მოახერხებდა.
- თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფომ ეს საკითხი წლებია ვერ მოაგვარა.
რეფორმაც არ ყოფილა აქამდე ასე დაანონსებული და ასე აქტიურ ფაზაში. შესაბამისად, აუცილებლად იქნება თანამედროვე კამპუსები სტუდენტებისთვის, მე ამისი მწამს.
- ისეთ დეტალებს თუ ხედავთ „ოცნების“ რეფორმაში, რაც გიჩენთ, ვთქვათ, კითხვებს და ფიქრობთ, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს სამომავლოდ უნივერსიტეტებისთვის?
ვფიქრობ, ძალიან გახსნილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამასთან მიმართებაში. ახლახან ძალიან პროდუქტიული სამუშაო შეხვედრა გვქონდა მინისტრის მოადგილესთან და არანაირი კითხვები არ გამჩენია ამ რაღაცებთან მიმართებაში.
- მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, ისიც თქვა, რომ თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება გადაწყვეტილიაო, მაგრამ აღარ გააერთიანეს…
ბატონი ზვიადი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებდა, თუმცა გიდასტურებთ, რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა მასთან გუშინ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები კონკრეტულ დეტალებზე, პროცესის განვითარებაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მილევად რეჟიმში პროგრამების გადაყვანა მარტივად.
- პროფესორების ანაზღაურებაზეც ხომ არ გისაუბრიათ? ეთანხმებით იმას, რომ მხოლოდ წამყვან პროფესორს უნდა ჰქონდეს 10 000 ლარი ხელფასი?
არ ყოფილა ასე, რომ „მხოლოდ ერთი პროფესორი მიიღებს“. დარგების მიხედვით იქნებიან წამყვანი პროფესორები. გამოცხადდება ღია კონკურსი.
საინჟინრო დარგებში ტექნიკურ უნივერსიტეტს ისედაც ჰყავს ა კატეგორიის პროფესორები, რომლებსაც ბევრად უფრო სხვა ფუნქციები და ბევრად მაღალი ანაზღაურება აქვთ.
- რამდენია ასეთი პროფესორის ხელფასი დღეს, შეგიძლიათ გვითხრათ?
ვერაფერს გეტყვით, მგონია, რომ ამის თქმის უფლება არ მაქვს. ამ თემებზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, რომ 10 000 ლარი ჰქონდეს პროფესორს, მაგრამ ვიღაცას 10 ექნება, ვიღაცას 7 ექნება, ვიღაცას 5 000 ლარი ექნება. რა, ცუდია 5 000 ლარი ხელფასი?
- თქვენ თქვით, რომ კითხვები არ გაქვთ „ოცნების“ რეფორმაზე. იმაზე რას ფიქრობთ, აკადემიური წლები რომ შეამცირეს და ამით ჩვენი განათლება სისტემა დააშორეს ბოლონიის პროცესს?
ვერ დაგეთანხმებით, რადგან მეთორმეტე კლასის პრინციპი არ იშლება. როგორც დაანონსებულია, სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტს შეუძლია მე-12 კლასში ისწავლოს.
- თუმცა ეს არ იქნება საყოველთაო, შერჩევითი იქნება.
მთელ ევროპაში, ამერიკაში შეგიძლიათ ნახოთ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამები. ბოლონიის პროცესში არსად არ წერია, რომ ბაკალავრიატი უნდა იყოს 4 წელი. არ არის ასეთი კატეგორიული მოთხოვნა. ეს არის სურვილი.
მაქვს შემთხვევები, როდესაც სწავლების მეოთხე წელზე წასულა სტუდენტი და წარმატებით დაუსრულებია სასწავლო წელი.
- ჩვენ ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ სხვადასხვა უნივერსიტეტში და ითქვა, რომ „რეფორმა“ ხელს შეუშლის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს.
მე არ ვფიქრობ, რომ „ერაზმუსის“ გაცვლით პროცესებს შეუშლის ეს ხელს. 162 უნივერსიტეტთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და შესაბამისად, ყველა სტუდენტის სასწავლო ბარათი ვიცით. გუშინაც იყო „ერაზმუსის“ გასაუბრება და ყველა კომპონენტში ჩართული ვართ.






