ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ტაბულა“ ავრცელებს.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს! გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან!“, – თქვა შოთა არველაძემ „ტაბულასთან“.
დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. უცნობია, დღეს გამოაცხადებს თუ არა განაჩენს მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლე, ნინო სახელაშვილი, თუმცა ამით მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა სრულდება.
მზია ამაღლობელი უკვე 202 დღეა უკანონო პატიმარია. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.






