საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს, რომელიც პირველ აგვისტოს გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი დღე.
„ბათუმელები“ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„1 აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი.
იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ.
იმაზე, თუ როგორ ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რომელიც ამდენ გმირს, პატრიოტს, ამდენ წმინდანს, ამდენ ღირსეულ, ქვეყნის სამსახურში სულდალეულ შვილს ითვლის, პასუხისმგებელი იქნება ყველა, ვინც მონაწილეობას იღებს საბოლოო გადაწყვეტილებაში.
ერთი კონკრეტული მოსამართლიდან დაწყებული (რა ფულმა უნდა ჩამორეცხოს სახელის ესოდენ დისკრედიტაცია), ერთი ლოყაგალეწილი პოლიციელის ჩათვლით (ის ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისგან კი არა, არამედ არაკაცობისგან გაწითლებული, ვით ლოყაზე დასმული წარუშლელი ლაქა) და მმართველი გუნდის ყველა წევრით, ივანიშვილი, კობახიძეებით…
ისტორია უმკაცრესი რამაა, უკვდავი და მუდმივი მხოლოდ მისი განაჩენია! ჯერ კიდევ ერთი ბეწო იმედი დაგვრჩენია, რამე შერჩენილი ადამიანობის გაღვიძების, მაგრამ პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს.
ეს დღე ყველას ეხება და ყველას ლუსტრაცია იქნება: ან სამართლის მხარეს ხარ, ან შეკერილი, მოგონილი საქმის და ტოტალური უსამართლობის.
აქ ტყუილი ბრალდებები ვერ გაჭრის:
მზიას ნაცების მომხრედ, გადატრიალების მომხრედ ან ვინმეს აგენტად ვერ მონათლავ! და ვინც უყურებს ამ ერთ ქალს, როგორ არაფრის გულისთვის (თუმცა ღირსების დაცვა არაფერი არ არის) აწამებენ, ან ხედავს და ესმის, რას უკეთებენ ხალხსა და ქვეყანას, ან ბრმა და ყრუა და ყველაფერზე ამიერიდან დახუჭავს თვალს, სანამ მას არ შეეხებიან… უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება!
აქეთ კი, დღეს ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეზე ვართ. ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 7 თვე უკანონო პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.






