„შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი,“- ეს ექიმი-ნევროლოგის, ნათია ხარატის დასკვნაა, რომელიც მან დღეს, 21 ივლისს, მოსამართლე ნინო სახელაშვილს გაუზიარა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე.
მოწმის სახით სასამართლოში დაკითხული ექიმის, ნათია ხარატის მტკიცებით, ამ საქმეში არსებული ვიდეო კადრების და სხვა ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, „ტკივილის გამომხატველი არცერთი ობიექტური ნიშანი არ ჩანს“.
მზია ამაღლობელის საქმეში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნის შედეგად ჯანმრთელობის რაიმე სახის ზიანი არ მიუღია.
განიცადა თუ არა ირაკლი დგებუაძემ ტკივილი? – სამხარაულის ექსპერტმა ამ საქმეში თქვა, რომ ეს მისი კვლევის საგანი არ ყოფილა, პროკურატურის ვერსიით კი, ტკივილის განცდა მხოლოდ სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული.
პროკურატურის ეს მტკიცება გააბათილა დღევანდელ პროცესზე ექიმმა-ნევროლოგმა.
დღეს, 21 ივნისს ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბოლო მოწმის დაკითხვის გარდა დღეს პროკურატურამ დასკვნითი სიტყვაც თქვა.
წინა სხდომაზე, 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება.
მზია ამაღლობელმა სასამართლოს უამბო, როგორ დააკავეს იგი 11 იანვრის აქციაზე იმ დროს, როცა ისარგებლა კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ღობეს სტიკერი მიაკრა. იმავე საღამოს გათავისუფლებული მზია ამაღლობელი საპოლიციო ჭყლეტაში მოხვდა, სადაც მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო – ეს დასტურდება ექსპერტიზითაც. მზია ამაღლობელმა მოუყვა მოსამართლეს, როგორ გახდა იგი სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
მზია ამაღლობელის პროცესზე მედიას ფოტო, ვიდეო და აუდიოჩაწერა-გადაღების უფლება არ მისცეს. არალეგიტიმური პარლამენტის გადაწყვეტილებით, სასამართლოში გადაღება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი. „ბათუმელებმა“ წერილობით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
დღეს მოწმემ, ექიმმა ნათია ხარატმა მოსამართლეს უთხრა, რომ „ტკივილის მტკიცება უნდა ეფუძნებოდეს ხილულ, დადასტურებულ შეფასებას“.
რა ჩანს ირაკლი დგებუაძის სახეზე სილის გაწვნის შემდეგ?
„მწვავე ტკივილი ყოველთვის რაღაცით გამოისახება, განსაკუთრებით სახეზე… სახის გრიმასა შეიცვლებოდა, რომ სტკენოდა, ტკივილი გამოესახებოდა სახეზე,“- თქვა ექსპერტმა.
ნათია ხარატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნიდან დაახლოებით ერთ წუთში ჩნდება„ ბათუმელების“ ლაივ-კადრში და მას სახეზე სიწითლე არ აქვს.
„კარგი განათების პირობებში ჩანს ირაკლი დგებუაძის ორივე ლოყა, იქ არ ჩანს სიწითლე, არც ტკივილის განცდის რომელიმე სხვა ობიექტური ნიშანი,“- აღნიშნა ექიმმა ნათია ხარატმა.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ექიმს ირაკლი დგებუაძის ჩვენება გაახსენა, რომლის მიხედვითაც მას ნახევარი საათის შემდეგაც გაწითლებული ჰქონდა ლოყა.
„ეს ლოგიკაში არ ჯდება“- კატეგორიული აღმოჩნდა ექიმის პოზიცია.
ექიმმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მზია ამაღლობელმა მარცხენა ხელით გააწნა სილა ირაკლი დგებუაძეს, ამ დროს კი, დადასტურებულია, რომ მზიას სხეულის დაზიანებები ჰქონდა.
„ხმა რაც გავიგონე (სილის გაწვნა), იყო სუსტი ტაშის შემოკვრის მსგავსი… ბოლოს როდის იყავით თეატრში, ან სუხიშვილების კონცერტზე, იქ როგორ უკრავენ ტაშს? ყველა ტაშის შემდეგ გავდივართ რეაბილიტაციას?“- პროკურორებს გამოხედა ექიმმა და თავადაც შემოჰკრა ტაში იმის საჩვენებლად, რომ მსგავსი მოქმედებით ტკივილს ვერ განიცდი.
„რა სახით ექსპერტიზა ჩაატარეთ?“- ჰკითხა მოწმეს პროკურორმა შოთა ჩხაიძემ. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სამედიცინო ექსპერტი მსგავს საკითხს არ სწავლობს.
„დამისვეს კითხვა, ვნახე დოკუმენტები და გავეცი პასუხი,“- უპასუხა პროკურორს ნათია ხარატმა.
„ეს არის ნევროლოგიის სფერო, ამაზე ისაუბრა მოწმემ“- დიალოგში ჩაერთო ადვოკატი მაია მწარიაშვილი, მან განმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია ექიმის, როგორც სპეციალისტის დასკვნა შემთხვევაზე, როცა პოლიციის უფროსი ამბობს, რომ სილის გაწვნის შედეგად ტკივილი განიცადა.
„კატეგორიულია თქვენი დასკვნა?“- მოწმეს მიუბრუნდა პროკურორი.
„მითითებულია რომელი ლიტერატურიდანაა, რომელ წყაროებს ვეყრდნობი, მითითებული მაქვს ეს ყველაფერი… რაც ჩემი მოსაზრებაა, ესეც მითითებულია,“- უპასუხა პროკურორს ექიმმა.
პროკურორმა ისევ იკითხა, ექიმი საკუთარ ვარაუდებს ეყრდნობა, თუ მტკიცებულებებს.
„დასკვნა არის ცალსახა,“- უპასუხა პროკურორს მოწმემ და იქვე დასკვნის შეჯამება ჩაიკითხა: „შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი“.
დასკვნით სიტყვაში პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ მზია ამაღლობელი „შურისძიების მიზნით“ თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს.
სანქცირებულმა პროკურორმა ამჯერადაც არჩია სინამდვილეს მანიპულაცია, მაგალითად, პროკურორის თქმით, აქციის მონაწილეებმა 11 იანვრის აქციაზე „გადაკეტეს, დაიკავეს პოლიციის დეპარტამენტის მთავარი შესასვლელი… ბლოკირებული იყო ძირითადი შესასვლელი“,- აღნიშნა თორნიკე გოგეშვილმა იმის მიუხედავად, რომ აქციაზე შეკრებილები სტიკერების საჯარო სივრცეში გაკვრის გამო უკანონოდ დაკავებას აპროტესტებდნენ და პოლიციელის შენობაში შესვლა ან იქიდან გამოსვლა არავის შეუზღუდავს.
თორნიკე გოგეშვილმა ასევე სცადა სიმართლედ გაესაღებინა მზია ამაღლობელის დაკავების გაყალბებული საქმე: მაგალითად, უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს შსს-ს შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრის გამო, გამოძიების ვერსიით კი, მზია ამაღლობელი დააკავეს თითქოს იმიტომ, რომ ის შეურაცხყოფას აყენებდა და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს.
„ეს ტყუილია“- რამდენიმემ მოქალაქემ ერთდროულად წამოიძახა სასამართლოს დარბაზში. მოსამართლემ სამ მოქალაქეს დაატოვებინა სხდომის დარბაზი.
„სიყალბეზეა აგებული ეს სასამართლო, ეს სასამართლოს ტირანიაა, სასამართლოს დიქტატურაა“- მიაძახა მოსამართლეს მოქალაქე ზურაბ ირემაძემ, ვიდრე მას მანდატურები მიუახლოვდებოდნენ.
„უხმაუროდ“- საპროტესტო შეძახილებში ჩაიკარგა მოსამართლის მოთხოვნა.
პროკურორი თორნიკე გოგეშვილი იმ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს შეეხო, რომლებიც ადვოკატებმა წინა პროცესებზე სიცრუეში ამხილეს, მაგალითად, ირაკლი დგებუაძის მოადგილე გიორგი ბჟალავამ მოსამართლეს უთხრა, რომ მან დააკავა მზია ამაღლობელი, დაკავების დროს გადაღებული ვიდეო კადრების ანალიზით კი დგინდება, რომ მზია ამაღლობელს სხვა პირი აკავებს. ადვოკატ მაია მწარიაშვილის ვერსიით, რეალური დამკავებელი გადამალეს, რადგან კადრებში ისიც ჩანს, როგორ ცდილობს მზია ამაღლობელის დამკავებელი პირი ირაკლი დგებუაძის შეჩერებას – ის მზია ამაღლობელის საცემად მიიწევს.
ამ საქმეში წარმოდგენილ მასალებშია კადრი, სადაც თავად ირაკლი დგებუაძე ადასტურებს, რომ მოქალაქეები ნამდვილად ასკ-ის 150-ე მუხლის მიხედვით დააკავეს, ანუ სტიკერების გაკვრის გამო, მიუხედავად იმისა, რომ 150-ე მუხლი პირის დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს.
თორნიკე გოგეშვილმა აქაც კანონის და სამართლის დაცვას სიცრუე ამ ფორმით ამჯობინა:
„ის სამართალდარღვევის შინაარსზე საუბრობს…“- თქვა პროკურორმა პოლიციის მაღალჩინოსნის შესახებ.
„გოჩა ვანაძე ახლაც აქ დგას, სასამართლოსთან“- ხმამაღლა მიმართა მოსამართლეს ჟურნალისტმა ეკა ბერიძემ და დატოვა სხდომა – მან ამ ფორმით დღეს, სასამართლოსთან, საჯარო სივრცეში, ტროტუარზე დაწესებული საპოლიციო ღონისძიება გააპროტესტა: პოლიციელებმა მოქალაქეებს სასამართლოსთან ტროტუარზე გავლის საშუალება არ მისცეს.
რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პოლიციამ? – ირაკლი დგებუაძის მოადგილემ, გოჩა ვანაძემ მოქალაქეების შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
დასკვნით სიტყვაში თორნიკე გოგეშვილი შეეხო მზია ამაღლობელის მიერ წინა სხდომაზე გაჟღერებულ მოცემულობას: არცერთ გამომძიებელს მზია ამაღლობელი არ უნახავს, ისე აწარმოეს გამოძიება.
პროკურატურა ვალდებულია მრავალმხრივი და ობიექტური გამოძიება ჩაატაროს.
„პირველივე დღიდან მიზანი იყო მიგვეღო ჩვენება, დეტალური ინფორმაცია, თუმცა პატიმრობის შეფარდებიდან მალევე მან გამოაცხადა შიმშილობა,“- აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
პროკურორი შეეხო უზენაესი სასამართლოსაც პრაქტიკასაც, რომლის მიხედვითაც სილის გაწვნა არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად.
მაგალითად, ბათუმში პოლიციელს თავში ჩაარტყეს მინის ბოთლი, პოლიციელს სისხლჩაქცევები ჰქონდა. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს არ იყო პოლიციელზე თავდასხმად.
„სწორად უნდა წავიკითხოთ ეს გადაწყვეტილებები… საუბარია მოტივზე“- აღნიშნა თორნიკე გოგეშვილმა, თუმცა ვერ ახსნა, რა სამართლებრივი ლოგიკით შეიძლება შეფასდეს სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმად მაშინ, როცა პოლიციელისთვის მინის ბოთლის ჩარტყმა არ შეაფასა უზენაესმა სასამართლომ თავდასხმად.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიუხედავად, პროკურორ თორნიკე გოგეშვილი ამბობს, რომ ქმედების თავდასხმად შეფასებისთვის არაა აუცილებელი „ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჯანმრთელობის ხელყოფისკენ იყოს მიმართული“.
„რამდენად განიცადა ტკივილი (ირაკლი დგებუაძემ), სიწითლე ჰქონდა თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“- დასძინა პროკურორმა.
დასკვნითი სიტყვის ბოლოს თორნიკე გოგეშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმება არ მოუთხოვია.
საპროცესო შეთანხმების პირობაა – დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით – ბრალის აღიარება.
„მინდა დავაფიქსირო მზადყოფნა, სურვილის შემთხვევაში ამ საკითხს განვიხილავთ აქტიურად,“- აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
შემდეგ სხდომაზე სასამართლო მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლეს შეუძლია განაჩენი გამოაცხადოს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
_________________________
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა პირველ აგვისტოს დასრულდება.
ამ თემაზე:
„ავხედე. მივხვდი, რომ უნდა დამარტყას. გაჩერდა და სახეში შემაფურთხა“ – მზია ამაღლობელი დგებუაძეზე






