მთავარი,სიახლეები

ალექსი ახვლედიანი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

08.07.2025
ალექსი ახვლედიანი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

გამოძიება ალექსი ახვლედიანს კუთვნილი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რომელი იარაღითაც, შსს-ს ვერსიით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.

პროკურატურამ ახვლედიანს ბრალდება უკვე წარუდგინა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ალექსი ახვლედიანი მისმა ადვოკატმა, ლალი აფციაურმა მოინახულა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„ბრალთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია: ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში.

ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ (მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით), ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ  შუშით შემინულია და იკეტება კარი. 

ეს ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში. ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები, ალბათ გასაჯაროვდება და ნახავთ თქვენი თვალით.

კამერები აქვს ამოღებული  გამოძიებას, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად, რეალურად, იმას, რასაც მე თქვენ გიყვებით,“ – თქვა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლალი აფციაურის თქმით, ახვლედიანი იარაღს სპეციალურ ქეისში ინახავდა.

„ვიმეორებ კიდევ ერთხელ, იარაღს ინახავდა სპეციალურ ქეისში, რომელსაც ატარებდა თან. არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში. არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო [ფანჩატურში], წასული იყო… შესაძლებელია იქამდე იყვნენ სტუმრები, მე არ ვიცი. იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ იმყოფებოდა არავინ და ამას ნახავთ კამერებში,“ – თქვა ლალი აფციაურმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჩანს თუ არა კადრებში თორნიკე რიჟვაძე, ლალი აფციაურმა თქვა: „დიახ, ეს ყველაფერი ჩანს“.

ალექსი ახვლედიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

ამავე თემაზე:

ალექსი ახვლედიანის პატიმრობას პროკურატურა სავარაუდოდ არ ითხოვს – მას ბრალი წარუდგინეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: