პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს. გადაწყვეტილების გამოცხადებისას ის სხდომათა დარბაზში მარტო, ადვოკატების გარეშე იმყოფებოდა, რადგან მისივე თხოვნით მისმა ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა ჯაფარიძის თხოვნა მისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ და პროცესი დაცვის გარეშე გააგრძელა. ამის შემდეგ მან განიხილა პროკურორების, მარი მეშველიანისა და ნათია თათიაშვილის შუამდგომლობა ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.
მას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს.
ზურა გირჩი ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო დააპატიმრეს. მან უარი თქვა, როგორც გირაოს გადახდაზე, ასევე, რეჟიმთან თანამშრომლობაზე.
“ჩემი აღქმა ამ ყველაფრის მიმართ არის ის, რომ რეჟიმი გაიძულებს დაემორჩილო. რეჟიმს შეუძლია მოიგონოს ნებისმიერი სისულელე და გაიძულოს, დაემორჩილო, დაგემუქროს, რომ დაგაპატიმრებს ან სხვა რაღაცას გააკეთებს.
მოაწყვეს რაღაც ცირკი და ახლა გეუბნებიან, რომ ამ ცირკში უნდა მიიღო მონაწილეობა და თუ არ დამემორჩილები, დაგსჯი. ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ თუ შენ ასეთ რამეში მორჩილებას ავლენ, მერე აღარ გაქვს საკმარისი მორალური უფლება ადამიანებს უთხრა, გავაგრძელოთ ერთად ბრძოლა.
ჩემთვის პრინციპული საკითხია, არ დაემორჩილო ტყუილში და ამით მაგალითი მისცე თუნდაც სხვებს,” – უთხრა ზურაბ ჯაფარიძემ “ბათუმელებს” დაპატიმრებამდე 2 დღით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში.






