მთავარი,სიახლეები

„მთავარი პატიმარი საქართველოა” – როგორია უწყვეტი პროტესტი გორში

14.05.2025
„მთავარი პატიმარი საქართველოა” – როგორია უწყვეტი პროტესტი გორში

„ბათუმელებმა“ უკვე გიამბოთ უწყვეტ, პროევროპულ პროტესტზე ჩხოროწყუში,ზუგდიდში, ახალციხეში, გურჯაანსა და მარტვილში. ამჯერად გიამბობთ, როგორია პროტესტი გორში.

დღეს, 14 მაისს, საქართველოში უწყვეტი პროტესტის 168-ე დღეა, ხოლო გორში 95-ე დღეა, რაც უწყვეტად აპროტესტებენ საქართველოს პროევროპული კურსის ცვლილებას, ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

გორში პროტესტის მთავარი ადგილი გორის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაა.

„უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე ომი ჩვენ დავიწყეთ [2008-ში], თურმე ბოდიში გვაქვს მოსახდელი, თურმე ანწუხელიძე „უაზროდ განწირული სიცოცხლეა“…

ჩვენ, გორში მცხოვრები ადამიანები, ვცხოვრობთ ქალაქში, რომელსაც დღემდე ეტყობა ტყვიების კვალი კედლებზე. ჩვენ ომგამოვლილი ბავშვები ვართ, ყველაზე კარგად ვიცით, რუსული აგრესიის კვალი, ვიცით, რას ნიშნავს ბავშვობა წაგართვას ომმა. ამიტომ, ვიცავთ და ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის.

ქვეყანაში, რომელსაც 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს, არ შეიძლება პროტესტი ისმოდეს მხოლოდ ერთი ქალაქიდან. პოლიტპატიმრები იბრძოდნენ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, ქუთაისში, სხვა ქალაქებში. ვთვლი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია, გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, როგორც ქვეყნის, ისე პოლიტპატიმრების მიმართ”, – ამბობს რუსა ბუზიაშვილი, სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტი გორიდან.

რუსა 23 წლისაა და აქტიურად მონაწილეობს როგორც გორის, ასევე თბილისის საპროტესტო აქციებში. მისი თქმით, არ აქვს უფლება დაიღალოს და ასე ფიქრობს გორის პროტესტის თითოეული მონაწილე:

„ჩვენ ტელევიზორებიდან გვიყურებენ რეჟიმის პატიმრები, რომლებიც ჩვენი ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლის გამო ოთხ კედელში გამოამწყვდია სისტემამ. ქუჩაში ვიდგებით, სანამ არ მივაღწევთ შედეგს, არ გათავისუფლდება ყველა სინდისის პატიმარი და არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები.

არ შეიძლება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვისთვის ადამიანები იყვნენ ციხეში. რეალურად, ყველა სინდისის პატიმარი აკეთებდა იმას, რაც უნდა გააკეთოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რადგან კონსტიტუციით აქვთ ვალდებულება აღებული, იცავდა საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას”.

რუსა იხსენებს, რომ გორში, როგორც მთელ ქვეყანაში, აქტიური პროტესტი 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს.

„კვირაში რამდენჯერმე გვქონდა მასშტაბური აქცია გორში სხვადასხვა პერფორმანსით. პარალელურად, გორის აქციებიდან ან იმ დღეებში, როდესაც გორში არ გვქონდა აქცია ჩანიშნული, დავდიოდით თბილისში, რადგან იმ პერიოდში აქტიურად გვარბევდნენ რუსთაველზე და იქ ვჭირდებოდით ჩვენს თანამებრძოლებს.

მოგვიანებით, როდესაც დღემ მოიმატა და საშუალება მოგვეცა ორ ფრონტზე დაგვეწყო ბრძოლა, გორშიც და რუსთაველზეც, დავიწყეთ ყოველდღიური აქციები. 90 დღეზე მეტია არ ჩაგვიგდია არც ერთი დღე და უწყვეტად ვაპროტესტებთ გორში.

ყოველ დღე, 18:00 საათზე, ვიკრიბებით გორის საკრებულოსთან, იქ, სადაც რუსული ბომბები ცვიოდა, იქ, სადაც რუსული ტყვიების კვალია. ზოგჯერ, კვირაში რამდენჯერმე, გორის აქციის შემდეგ მივდივართ თბილისში, რუსთაველზე”.

რუსა ბუზიაშვილი

რუსა ამბობს, რომ ნაომარ გორში, იქ, სადაც ყველაზე კარგად იციან ომის საფრთხე, ხალხიც განსაკუთრებითაა შეშინებული:

„სულ რამდენიმე კილომეტრში მცოცავი ოკუპაცია, მავთულხლართები და რუსის ჯარია, ამიტომ ბევრად მეტი მუშაობა გვიწევს, როგორც უშუალოდ გორში, ასევე საოკუპაციო ხაზს მიმდებარე სოფლებშიც.

პრინციპი ერთია – ქარით, სიცივით, წვიმით, ყინვით გამორჩეულ გორში აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ დასჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი მთავარი სათქმელი ყოველთვის ისაა, რომ ერთი კაცის პროტესტიც პროტესტია.

ერთი კაციც რომ დავრჩეთ აქციაზე, აქცია ჩატარდება.

ქვეყნის სიყვარულის გარდა, ერთმანეთის სიყვარულიც გვამოძრავებს. აქციაზე ვდგავართ ქვეყნისა და ერთმანეთისთვის, არ დავუშვებთ არცერთი ადამიანის მარტო მიტოვებას ამ ბრძოლაში.

შეიძლება ვიღაცისთვის ცოტა ვართ, მაგრამ ძლიერები და ერთიანები ვართ”, – მტკიცე პოზიცია აქვს რუსა ბუზიაშვილს.

რუსა წუხს, რომ ბევრი ადამიანი იზიარებს და მხარს უჭერს მათ პროტესტს, თუმცა ეს ადამიანები არ ჩანან საჯაროდ და შესაბამისად, მათი პოზიციები არ ჟღერდება ხმამაღლა.

„ჩვენთვის ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან რეალობის წინაშე, იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, ვრჩებით მარტო, 15, 20, 30 ადამიანი.

ყველაზე მეტად ორი ფაქტორი მაწუხებს – პირველი ისაა რომ, მე, 23 წლის ასაკში, გორის აქციების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გორი საუნივერსიტეტო ქალაქია, სამწუხაროდ, გორის უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი კომფორტის ზონას ვერ ტოვებს. მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობის ნაწილი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მსხვერპლია”.

როგორც რუსასგან ვიგებთ, გორში პოლიცია ყოველდღიური საპროტესტო აქციების მიმართ აგრესიული არ არის:

„ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ პოლიციელ ფოტოგრაფთა კლუბი გვითვალთვალებს. 90 დღის განმავლობაში მათი ერთადერთი საქმე ისაა, რომ ფოტოები და ვიდეოები გადაგვიღონ. ხან ჩუმად, ხან კი ცხადად“.

რუსა ბუზიაშვილის მთავარი სათქმელი კი „ბათუმელებთან“ საუბრის დასასრულს ეს არის:

„თავისუფლება მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს. ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“

ფოტო გორის საპროტესტო აქციიდან. ფოტო: კახაბერ ქარელიძე

გორის საპროტესტო აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილეა თეონა ბზიშვილი, რომელსაც გორის პროტესტის ხსენებისას პირველ რიგში პუტინის ფიტულის დაწვა გაახსენდა ადგილობრივების პროტესტისა და რუსეთისადმი წინააღმდეგობის ნიშნად.

„ძირითადად პროტესტი შენობის გარეთაა, როგორც რუსთაველზე. გორში გვქონდა შემთხვევა, რომ მე და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე შევედით საკრებულოს სხდომაზე და იქაც გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი. საკრებულოს თავმჯდომარე ყვიროდა – „გაათრიეთ აქედან“, „მოაშორეთ აქედან“…

დე ფაქტო ხელისუფლებას მუდმივად და ყველა ადგილიდან უნდა ახსენებდე, რომ არის დე ფაქტო, არ არის ლეგიტიმური და მიუთითებდე, რომ წავიდეს.

პროტესტი ხმა უნდა ისმოდეს ყველგან. ცეცხლის კერებივითაა, თუ ცეცხლი ერთგან მინელდება, ბოლო, მთავარ კერასაც მიადგები და იქაც ჩაქრება. აქციები ყველგან უნდა იყოს. ესაა ერის ხმა, რუსთაველის ხმა ხომ არ არის?!“

თეონას თქმით, გორის პროტესტი ყოველთვის ეხმიანება დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს საპროტესტო ბანერებზე დატანილი თემატური წარწერებით – ეს ეხება ბავშვების დაღუპვას, ფონდების დახურვას თუ სხვა პრობლემებს.

თეონა იხსენებს, რომ თავიდან ხშირად უერთდებოდნენ პროტესტს თბილისში, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო პროტესტის დეცენტრალიზაცია:

„თბილისში აქციების დამრბევი ძალა ძირითადად არის გორის გდდ და განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული, ბელორუსული მოდელით გადამზადებული ტიპები, ვისზეც ვლაპარაკობთ, არიან გორიდან. განსაკუთრებით გვინდოდა გორის აქციები გამოსულიყო, რომ ამათი გარკვეულწილად მობილიზება ადგილზე ყოფილიყო და თბილისში წასვლის საშუალება აღარ ჰქონოდათ.

მაგალითისთვის, ერთხელ მოსამართლეებს რომ გავუმართეთ აქცია, ვიდრე არ ჩამოიყვანეს გორიდან გგდ, მანამდე მოსამართლეები ვერ გამოიყვანეს შენობიდან. სწორედ მათ შემკავებელ ძალად გვინდა, რომ გადავიქცეთ, თუმცა [აქციის] მასშტაბი, სამწუხაროდ, ვერ გავზარდეთ”, – გვიყვება თეონა.

თეონა პროტესტის განსხვავებულ ფორმასაც მიმართავს და სხვებსაც მოუწოდებს ამისკენ:

„რამდენიმე დღე, სანამ აქციას შევუერთდებოდი, ჩემი საპროტესტო ბანერით დავდექი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მარტო. აქციის მონაწილეებსაც ვეუბნები, რომ ეს ფორმა, მგონი, უფრო ეფექტურია, იმიტომ, რომ თითქოს დისკომფორტსაც აღარ ვუქმნით, ხელს აღარ ვუშლით [გორის საკრებულოს წინ შეკრებით] და აქციის როლი სწორედ რომ დისკომფორტის შექმნა უნდა იყოს. ვდგები გზაჯვარედინზე და ძირითადად ბანერზე ვწერ შეკითხვას. მახსოვს, ერთხელ მეწერა – „შენც თვლი, რომ რუსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ?” ვინც გაივლიდა და კითხულობდა, დიდი ნაწილი ჩერდებოდა და პოლემიკაში შემოდიოდა”.

თეონას თქმით, ყოველთვის გამოხატავს პროტესტს უსამართლობაზე და იბრძვის ადამიანის უფლების დასაცავად, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებები აღელვებს.

თეონა ბზიშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა განსაკუთრებით ქალთმოძულეა და წარმოუდგენლად დიდი დრო დასჭირდება ქვეყანაში პოლიციის რეპუტაციის რეაბილიტაციასაც. პოლიციის, რომელიც გამოდის და ქალებს გვეუბნება – „რას გავხარ, შენი ადგილი იცოდე“ და ა.შ., დაუსრულებლად.

პოლიციელზე საერთოდ როგორ შეიძლება ილაპარაკო, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლება გყავს და პირდაპირ ისინი ესხმიან თავს ქალ ჟურნალისტებს განსაკუთრებით, ამცირებენ, აკნინებენ, უთითებენ სად უნდა იყვნენ – “პარლამენტში კი არა, სამზარეულოში”, ასეთი პირდაპირი მითითებებიც ყოფილა – „წადი საჭმელი გააკეთე, ქალო, აქ რა გინდა“.

ძალიან დიდი ბრძოლის შედეგია ის, რომ ქალები იყვნენ სოციალიზებულები და სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ შუამდეც არ გვყავს მიყვანილი. არაერთი ქალი ხდება ფემიციდის მსხვერპლი და ამის ფონზე, როცა ფემიციდს უნდა ებრძოდე, ქალებს გაძლიერებაში მიეხმარო, ვიღაც მაღლიდან გითითებს, რომ შენი ადგილი აქ კი არა, აი, აქ არის.

კაცებმა საერთოდ ხმა რომ არ ამოიღონ და ყველასთვის მისაღები იყოს „ქართული ოცნების” პრორუსული პოლიტიკა, ჩემი აზრით, ქალები არ უნდა გავჩერდეთ არასდროს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას და სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს და უქმის.

ამის მაგალითია მზია ამაღლობელი.

და როგორი კაცი არ უნდა გვყავდეს საქართველოში, ამის პირდაპირი ნიმუშია ირაკლი დგებუაძე”, – ამბობს თეონა ბზიშვილი.

თეონა ჩვენთან საუბრისას უბრუნდება იმას, თუ რატომაა მნიშვნელოვანი პროტესტი იყოს შენსავე ქალაქში თუ რაიონში:

„მე ორი შვილი მყავს, ბავშვების დატოვების პრობლემა მაქვს მუდმივად და მინდა, რომ ჩემი პროტესტის ხმა მაინც ისმოდეს, მჭირდება ლოკაცია, რომელიც ჩემთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, რათა გავაჟღერო ჩემი სათქმელი და ამის გაკეთება რუსთაველზე, სამწუხაროდ, აღარ ხელმეწიფება.

ყოველდღე რომ არ შევუერთდე პროტესტს, არ შემიძლია. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები და მეორე – ყველაფერს ვებღაუჭები, რომ ქვეყნიდან არ წავიდე.

„მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!“ – როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა. როგორც კი გავჩერდებით, როგორც კი სიმართლისთვის ბრძოლა გაჩერდება, ამ ქვეყნის მოღობვა გარდაუვალი იქნება, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ და მე განსაკუთრებული იმედი მაქვს თავისუფლებაში დაბადებული თაობის.

მე 31 წლის ვარ და ჩვენი იმედი მაქვს, ვინც აქ ბავშვები გავაჩინეთ. მართლა ღმერთს ვეხვეწები, ღმერთო, აი, ამ ბავშვებისთვის მიგვატანინე თავისუფალი ქვეყანა და მერე არაფრის აღარ მეშინია. ესენი აღარ დაკარგავენ და ვეღარ დაკარგავენ სამშობლოს…

დღეს მთავარი პატიმარია საქართველო და საქართველოს პროდასავლური კურსი.

სანამ ადამიანებს არ ვასწავლით მადლიერებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არიან ჩვენი მეგობრები, სანამ ადამიანებს არ ვასწავლით, მტერი და მოყვარე როგორ განასხვაონ ერთმანეთისგან, სანამ ამ ადამიანებს რაღაც აბსურდისგან მტრის ხატის შექმნას არ მოვაშლევინებთ, მანამდე ბრძოლა არ უნდა გაჩერდეს“ – ამბობს თეონა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: