3 მაისს, შაბათს, ბათუმში, 17:00 საათზე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ველო და ავტომარში გაიმართება. ინფორმაცია ფეისბუქზე ვრცელდება.
თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], ბათუმში 2025 წლის 11 იანვარს, პოლიციის სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ამჟამად შს სამინისტროს დროებითი განთავსების საემიგრაციო იზოლატორში იმყოფება. მას საქართველოდან გაძევება ემუქრება.
ის წლების განმავლობაში ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობას, დაკავების შემდეგ კი – ჰუმანიტარულ და ლტოლვილის სტატუსს, თუმცა მისი მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
„თემურს აძევებენ ქვეყნიდან, ჩვენ კი ვდუმთ? ნუ მივატოვებთ სიმართლეს, მოდით დავდგეთ ერთად, ახლაა ამის დრო“- ნათქვამია განცხადებაში.
ველო მსვლელობა და ავტომარში ბათუმში 3 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლოდან დაიწყება, 17 საათზე.
საპროტესტო მსვლელობა ასევე დაგეგმილია კვირას, 4 მაისსაც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკვე 156-ე დღეა მოსახლეობის დიდი ნაწილი აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მიერ. პროტესტის მონაწილეები ასევე მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თბილისის გარდა საპროტესტო აქციები ყოველდღიურად მიმდინარეობს ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
ამავე თემაზე:
კაცი საქართველოს დროშით ბათუმის აქციებიდან – „ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ ხინოდან“






