მთავარი,სიახლეები

„პოლიციელებმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება, იზოლატორში გამაშიშვლეს“ – ელენე ხოშტარია

29.03.2025
„პოლიციელებმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება, იზოლატორში გამაშიშვლეს“ – ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც 28 მარტს თბილისში გამართულ აქციაზე დააკავეს, პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს.

როგორც ელენე ხოშტარია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში წერს, მას პოლიციელებმა ჯერ სახეში მიაყენეს დაზიანება, შემდეგ კი იზოლატორში გააშიშვლეს.

ელენე ხოშტარიას წერილი მის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ყოველთვის ვერიდები ჩემი პირადი ემოციების ან შემთხვევების საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. განსაკუთრებით, როდესაც უამრავი ახალგაზრდაა რეჟიმის და წამების მსხვერპლი.

ამასთანავე, ამჯერად გადავწყვიტე, გაგიზიაროთ, ჩემი დაკავების დროს ჩადენილი დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მე თუ ასე მომექცნენ, უამრავ ადამიანს კიდევ უფრო უარესად შეიძლება მოეპყრონ. ეს არც სიახლეა და არც გასაკვირი, თუმცა, ასეთ შემთხვევებში, საჯაროდ საუბარი სოლიდარობა და ერთმანეთის დაცვა არის ბრძოლის იარაღი.

მოკლედ, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში (რამიშვილზე „შუშებიანში“), პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე ვუთხარი უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შემიკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება. არ შეგარცხვინეთ მეგობრებო, „ოლე, ოლას“ სიმღერით მაგრად ვაწვალე და ვერც ვერაფერი დამაკლეს.

კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შემიკრეს ხელები. ორ პოლიციელს ვეჭირე (ნინო ჩხარტიშვილს, სალომე ლაშხიას და კიდევ ერთს) მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს. ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი.

აქაც მაგრად ვაწვალე, მაგრამ წარმოვიდგინე ყველა ის დაუცველი და გამოუცდელი ადამიანი, ვინც ამათ ხელში ვარდება. ზოგს ამაზე საუბრის ეშინია, ზოგს რცხვენია. ცხადია, სენსიტიურია ამ დეტალებზე საუბარი. თუმცა, აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, ჩემს თავზე გესაუბრებით, მაგრამ ჩავთვალე, რომ საქმეს ასე სჭირდება და ჩემს პირად დისკომფორტს გადავაბიჯე.

კარგად ვარ, მე რა მიჭირს, რამდენი უდანაშაულო ადამიანია გამომწყვდეული ციხეში თვეებია,“ – წერს ელენე ხოშტარია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: