მთავარი,სიახლეები

„შიდა სასოფლო გზები სრულიად პარალიზებულია“ – რა ხდება ლანჩხუთის სოფლებში

24.02.2025
„შიდა სასოფლო გზები სრულიად პარალიზებულია“ – რა ხდება ლანჩხუთის სოფლებში

დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლების უმრავლესობა იზოლირებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზები და ვეღარ მოძრაობს ტრანსპორტი.

„სასწაული ამბავი ხდება. არც სასწრაფოა, ვერც სამაშველო [მოძრაობს]. ვერაფერი ვერ გადაადგილდება. ამ მომენტში ეს მოცემულობაა.

ცენტრალური მაგისტრალი გაწმინდეს მხოლოდ, ნაწილობრივ, მხოლოდ ერთი ზოლი – ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზა. მხოლოდ აქ შეუძლია გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტს. შიდა სასოფლო გზები სრულიად პარალიზებულია“, – ამბობს მამუკა ანანიძე ლანჩხუთის სოფელ ნინოშვილიდან. მოქალაქის თქმით, თოვლის სიმაღლე აქ მეტრ-ნახევარზე მეტია.

მოქალაქის თქმით, აზრი არ აქვს ცხელ ხაზზე დარეკვას დახმარების მიღების იმედად – „112-ში დარეკავ და გამისამართებენ მთავრობასთან. მთავრობასთან დარეკავ და პირიქით. ასე უნდა რეკო, სანამ ტელეფონი არ დაგიჯდება. ეს გამოცდილება მაქვს მე თვითონ. ჯერ დავურეკე ადგილობრივ მთავრობას და 112-ში დარეკეო. რომ დავრეკე [გზების] გაწმენდა ჩვენ არ გვევალებაო და ასეთი ამბავია, დარეკვასაც აზრი არ აქვს“.

მამუკა ანანიძე ამბობს, რომ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან მოქალაქეები მეზობელ სოფლებში. „მაღალ სოფლებში, მაგალითად ჩოჩხათში, ძალიან მძიმე სიტუაციაა. ფეხითაც ვერ გადაადგილდებიან აქ ადამიანები“.

„ბათუმელები“ სოფელ სუფსაშიც ესაუბრა მოქალაქეებს. ადგილობრივების თქმით, სუფსაში თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით ერთი მეტრია და სოფელი, ფაქტობრივად ჩაკეტილია, რადგან შიდა სასოფლო გზები გაწმენდილი არ არის. მიმდებარე მაღალ სოფლებში თოვლის საფარი კიდევ უფრო მაღალია.

„გაზი არის, შუქი პერიოდულად ქრება“ – გვითხრეს სუფსაში.

ლანჩხუთი, სოფელი ახალსოფელი. გზა მუნიციპალიტეტის „დაბალ“ სოფლებშიც გაუწმენდავია. 24.02.2025.

ნალექმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის ცენტრშიც – „ლანჩხუთის ცენტრში რაც ხდება ამ მომენტში ის არის, რომ აფთიაქებშიც კი ვერ შედის ხალხი. გაუწმენდავია ტერიტორია, ელემენტარულად მარილიც კი ვერ მოაყარეს [ქუჩებში]… 20 თებერვლიდან დაიწყო თოვა და დღემდე გაუჩერებლად თოვს. საერთოდ არ არის მომზადებული მერია“, – გვეუბნება გივი ცინცაძე, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი.

ლანჩხუთის ცენტრალური ქუჩა. 24.02.2025.

ლანჩხუთის ცენტრალური ქუჩა. 24.02.2025.

ცინცაძის თქმით, არის სოფლები, მაგალითად აცანა და მამათი, რომელთა ცენტრალური გზაც კი გაუწმენდავია და აქ საერთოდ არ შესულა მძიმე ტექნიკა სამუშაოდ.

„თავისთავად პრობლემურია სასწრაფო დახმარების გადაადგილება“, – ამბობს გივი ცინცაძე ჩვენთან საუბრისას. მისი თქმით, სოფლების დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ჭირს ერთმანეთთან კომუნიკაციაც.

„ბათუმელებმა“ სცადა ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს დაკავშირებოდა იმის გასაგებად, თუ რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ლამცხუთი, სოფელი აცანა. 24.02.2025.

ბოლო ინფორმაცია ნალექთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ 7 საათის წინ გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. მერიის თქმით, 25 ერთეული ტექნიკაა მობილიზებულია, თუმცა „რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება ტექნიკის დროული გადაადგილება“.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: