საქართველოს მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ 1 ლარად საკუთრებაში 194 457 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2025 წლის 4 თებერვლის განკარგულებით გადასცა.
აღნიშნული ნაკვეთი იმ ხელოვნური ნახევარკუნძულის ნაწილია, რომელსაც „ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში აშენებს. 1 ლარად გადაცემული ტერიტორია ცალკე საკადასტრო ერთეულად საჯარო რეესტრში ჯერ რეგისტრირებული არ არის.
მთლიანობაში „ამბასადორზე“ აღნიშნული პროექტისთვის ზღვაში 1 443 223 კვადრატული მეტრი ფართობია გადაცემული აღნაგობის უფლებით.

„ამბასადორზე“ 1 ლარად გადაცემული ტერიტორია [წითელი ფერით] და ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის გამოყოფილი დანარჩენი ტერიტორია ზღვაში [მოლურჯო ფერით] / წყარო: მთავრობის განკარგულება
მთავრობის განკარგულებით კომპანიამ საპრივატიზებო თანხა – 1 ლარი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.
ასევე, „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ნაკვეთი საკუთრებაში იმ პირობით გადაეცა, რომ ის შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც კომპანიას სახელმწიფო ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის დროს, 2021 წელს განუსაზღვრეს.
ამასთან, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ „2025 წლის 30 სექტემბრამდე წარმოსადგენი საბანკო გარანტია მისი წარმოდგენისას ასევე უნდა უზრუნველყოფდეს ზემოთ აღნიშნული პირობების შესრულებასაც [მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას]“.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საბანკო გარანტია „ამბასადორს“ ადრე უნდა წარმოედგინა, თუმცა მთავრობამ ეს ვადა გადაუვადა.
ვრცლად: „ამბასადორს“ 3-მილიონიანი საბანკო გარანტიის წარმოდგენა მთავრობამ 18 თვით გადაუვადა

ზღვაში ხელოვნურად მოწყობილი მიწის ნაკვეთი, რომელიც მთავრობამ „ამბასადორს“ 1 ლარად საკუთრებაში გადასცა / ბათუმი, 17.02.2025
კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებაში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს. ამ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები თავის დროზე „ბათუმელებმა“ მთავრობიდან და ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა, თუმცა საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს.
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.
ვრცლად: კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს
ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის საჯარო განხილვაა დაგეგმილი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით: სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილია: 2025 წლის 20 მარტი, 15:00 საათი, ქალაქ ბათუმის მერიის შენობა [მის: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა 25]
ვრცლად: ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის მერიაში გაიმართება

ბათუმის ხედი ბარცხანიდან / მარჯვნივ ხელოვნური ნახევარკუნძულის ტერიტორია / 17.02.2025
სგშ-ს დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „განაშენიანების შემდგომ ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ნახევრით [70 000-ით] გაიზრდება და დიდი დატვირთვა იქნება მოსალოდნელი ქალაქის არსებულ ინფრასტრუქტურულ ქსელზე“.
ვრცლად ამ თემაზე:
კუნძულის აშენების შემდეგ ბათუმის მოსახლეობა 70 000-ით გაიზრდება – რას სთხოვს სააგენტო „ამბასადორს“






