სიახლეები

„ოცნებამ“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

14.12.2024
„ოცნებამ“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია. არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობდა, შესაბამისად, პარლამენტს, ისე როგორც უკვე პრეზიდენტს, ქვეყანაში ოპოზიცია და მოსახლეობა არალეგიტიმურად მიიჩნევს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასავლეთის არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, გარდა უნგრეთისა.

ქართულ საზოგადოებას მიხეილ ყაველაშვილმა თავი დაამახსოვრა გინებით. რუსულმა პრესამ კი მის შესახებ დაწერა, რომ რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტი ხდება.

მიხეილ ყაველაშვილს არც უმაღლესი განათლება აქვს.

როგორც ყაველაშვილის წარდგენისას ივანიშვილმა თქვა, „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა“.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი არავითარ ქონებას არ ფლობს, გარდა ავტოფარეხისა.

ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ სიიდან. მეათე მოწვევის პარლამენტში ის „ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის თქმის“ მიზეზით გამოყოფილი, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი გახდა და ერთ-ერთ ის დეპუტატი იყო, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა. ყაველაშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტშიც მოხვდა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ საერთო სიით.


წელს პირველად, პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენი 109 წევრი კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერის პროპორციული კვოტების შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ.

შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გამოკლებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ კოლეგიაში 156 წევრი (პარლამენტიდან — 89, საკრებულოებიდან — 54 და აჭარის უმაღლესი საბჭოდან — 13) დეპუტატი ეყოლება.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში ვერ მოახერხებს 200 ხმის მობილიზებას, მეორე ტურში პრეზიდენტის არჩევას კოლეგიის 151 წევრითაც შეძლებს, რაც გარანტირებული აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებით, საჭიროების შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური იმავე დღეს ჩატარდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: