მთავარი,სიახლეები

საპროტესტო აქციის დარბევა და დაკავებები – რა ხდება თბილისში

19.11.2024
საპროტესტო აქციის დარბევა და დაკავებები – რა ხდება თბილისში

19 ნოემბერს, დილით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.

დაშლამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, რომ აქციის დაშლას აპირებდნენ და მომიტინგეებს 15-წუთიან ვადას აძლევდნენ ქუჩის გასათავისუფლებლად.

აქციის დაშლის შემდეგ მომიტინგეებმა მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს, თუმცა პოლიცია მათ თან გაჰყვა და აქციის დარბევა და დაკავებები გააგრძელა.

დარბევის დროს დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე. „ნეტგაზეთის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბარამიძე იმ დროს დააკავეს, როცა ის მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავებას იღებდა. სერგი ბარამიძე ამბობს, რომ პოლიციამ მას სცემა, ოპერატორს აღენიშნება დაზიანებები თავსა და თვალის არეში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დილის მონაცემებით, აქციაზე დაკავებულია სულ ცოტა 12 ადამიანი და ადვოკატები მათი ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.

19 ნოემბერი, თბილისი – პოლიცია აკავებს აქციის მშვიდობიან მონაწილეს. ფოტო: „ნეტგაზეთი“

დარბევის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „შეკრების მონაწილეებს საკმარისად მიეცათ დრო, რათა გამოეხატათ საკუთარი აზრი და დაეფიქსირებინათ პროტესტი“.

აქციის დარბევას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. უწყებაში ამბობენ, რომ მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აქციის მონაწილეთა დაკავება, აქცია იყო მშვიდობიანი და შეესაბამებოდა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს.

19 ნოემბერი, თბილისი. აქციის მონაწილე პოლიციელების წინ. ფოტო: ნეტგაზეთი

  • რა ხდება 

საქართველოში საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ოპოზიცია, რომელმაც არჩევნების შედეგად გადალახა 5-პროცენტიანი ბარიერი, აცხადებს, რომ არჩევნები მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

ამავე დროს, ავტორიტეტული არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევნები უთანასწორო და ძალადობრივ გარემოში ჩატარდა და დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა – მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისში, 17 ნოემბერს ოპოზიციამ უწყვეტი აქცია დაიწყო თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ.

ასევე, 14 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილმა დაიწყო საპროტესტო აქცია. სტუდენტები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას, ამ პროცესში აკადემიური სფეროს, უნივერსიტეტის ჩართულობას და ითხოვენ ხელახალ, ვადამდელ არჩევნებს.

თბილისი, 19 ნოემბერი – აქციის მონაწილე თეთრ დროშაზე შავი წერტილით, რაც არჩევნების გაყალბებისა და ფარულობის დარღვევის სიმბოლო გახდა. ფოტო: „ნეტგაზეთი“

მასალა განახლდება. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: