სიახლეები

„ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ“ | უსახლკაროების მორიგი შეჭრა

25.10.2024
„ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ“ | უსახლკაროების მორიგი შეჭრა

„მე მარტოხელა დედა ვარ, დასაქმებული ვარ და ჩემი ხელფასი 800 ლარია, ბინის ქირაში 550 ლარს ვიხდი. ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ, შვილს ვზრდი და დედასაც ვუვლი, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია,“ – გადმოგვძახა ძველი სახლის ფანჯრიდან შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთ უსახლკარო ქალია, რომელიც წუხელ, ღამით 25 ადამიანთან ერთად ბათუმში, ბონის დასახლებაში, ბაზრობის გვერდით მდებარე სახელმწიფო შენობაში შეიჭრა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით უსახლკაროებმა, რომლებსაც მანამდე მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია და არაფერი შესთავაზა, მიტოვებული სამი შენობა დაიკავეს – ბუკნარში, ბარცხანასა და ბონის დასახლებაში. ძველი შენობები სახელმწიფო ბალანსზეა, მათ შორისაა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი შენობა, რომელიც ახლა სახელმწიფოს ეკუთვნის.

ამ შენობის პირველი სართულის რამდენიმე ოთახს იყენებს ერთ-ერთი დაცვის კომპანიის სამსახური.

უსახლკაროები ამბობენ, რომ ორი წელი ბათუმის მერიასთან იდგნენ და არათუ რამე შესთავაზეს, მათი პრობლემები არც კი შეუსწავლიათ. ამიტომაც, გადაწყვიტეს სახელმწიფო, მიტოვებული შენობა დაკავება.

„თუ მკვდრებს გაგვიტანენ, გაგვიტანონ, წაგვიკიდონ ცეცხლი, ან დაგვაკმაყოფილონ უკეთესი შენობით“, „საქართველოში ქართველებს არ გვაქვს იმის უფლება, ერთი ოთახი მოგვცენ?“ „ხვალ არჩევნებია, წინ, ევროპისკენ“, „გაჭირვება ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს, უნდა შეიცვალოს“ – გადმოგვძახეს მიტოვებული შენობიდან. უსახლკაროებთან უშუალო შეხვედრის საშუალება დაცვის პოლიციელებმა შეგვიზღუდეს.

უსახლკაროები ბონში სახელმწიფოს ბალანსზე კუთვნილ შენობაში წუხელ ღამით შეიჭრნენ

„არჩევნებში მონაწილეობა გვინდა, მაგრამ აქედან რომ გავიდეთ, უკან აღარ შემოგვიშვებენ. შემოგვიტანონ ყუთები და მივცემთ ხმას. თუ ყუთის მოტანა შეუძლებელია, ჩვენი ხმა გაყალბდება?

წუხელ შემოვედით. ჯერ წყალიც გვაქვს საკმარისად და საჭმელიც. აქ შუქიც არაა, წყალი მოდის პირველ სართულზე, მაგრამ არ ვიცით, თუ დაილევა.

სახელმწიფოდან არავინ მოსულა, ამ ხელისუფლებას გაჭირვებული ხალხი არ აინტერესებს. ხელისუფლებამ მარტო რუსები შემოყარა ქვეყანაში, ქირა გაგვიძვირდა, რით ვიარსებოთ? ჩვენ პატიოსნურად გვინდოდა, ვიარეთ აქციიდან აქციაზე, მაგრამ მოგვისმინა ვინმემ? მთავრობის სახლთან რამდენჯერ მივედით?

ხვალ, არჩევნებზე საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხალხმა, სწორი არჩევანი ისაა, რომ ამდენი რუსეთი არაა საჭირო“, – გვითხრა შორენა კონცელიძემ.

უსახლკაროების ამ ნაწილის საპროტესტო აქციების ორგანიზებას ბოლო რამდენიმე თვე პარტია „ქართველთა ერთობა“ ახდენს. „არცერთი პარტია არ გვაინტერესებს ჩვენ“ – გვითხრეს უსახლკაროებმა და გამორიცხეს ის, რომ პარტიამ შეარჩია შენობები, რომელიც ბოლო დღეებში უსახლკაროებმა დაიკავეს.

შენობა ბათუმის აგრარულ ბაზართან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და უსახლკაროები შევიდნენ

ამ თემაზე:

 

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: