მთავარი,სიახლეები

“რესტორანში ვმუშაობ და მინისტრზე მაღალი ხელფასი მაქვს, გვინდა ცვლილება? მივიდეთ არჩევნებზე“ – ემიგრანტი

26.07.2024
“რესტორანში ვმუშაობ და მინისტრზე მაღალი ხელფასი მაქვს, გვინდა ცვლილება? მივიდეთ არჩევნებზე“ – ემიგრანტი

მანანა მახარაძე 7 წელია ემიგრაციაშია. პირველი ხუთი წელი თურქეთში გაატარა, ბოლო ორი წელი კი შვეიცარიაში ცხოვრობს, ქალაქ ბადენთან ახლოს, პატარა სოფლის ტიპის დასახლებაში.

რესტორანში მუშაობს, მზარეულის დამხმარედ. მისი ხელფასი საქართველოში არსებულ შრომის ანაზღაურებას რომ შევადაროთ, თვითმმართველი ქალაქების მერების და მინისტრების ხელფასზე მეტია.

მანანა ამბობს, რომ მისთვის ეს არის ევროპა – ღირსეული შრომის ანაზღაურება, დაცული უფლებები და თანასწორობის განცდა.

„შვეიცარია ძალიან მომწონს. მშვიდი, მოწესრიგებული და დისციპლინური ქვეყანაა. არავინ არავის საქმეში არ ერევა. მწვანე ქვეყანას ვეძახი. სულ ველ-მინდვრებია. ყანა, ბოსტნები, ვენახი, საქართველოს ძალიან ჰგავს. აქაურობასთან შეგუება საერთოდ არ გამჭირვებია.

7 წელია, რაც ემიგრანტი ვარ, აქედან ორი წელია შვეიცარიაში ვცხოვრობ. არც შევადარებ აქ ყოფნას და მუშაობას არაფერს. კომფორტულად ვარ, თუმცა ამ კომფორტს თან სდევს მონატრება ჩემი შვილების, ჩემი ხალხის, ჩემი ოჯახის.

რაც ყველაზე მეტად მომწონს ევროპის ამ ქვეყანაში ისაა, რომ შრომა ფასდება. ზედმიწევნით კულტურული, მოწესრიგებული ხალხია შვეიცარიელები,“ – ამბობს მანანა მახარაძე.

მანანას თქმით, როცა ქვეყანაში სამუშაო პირობები და ანაზღაურება მოწესრიგებულია, მოქალაქე თავს დაცულად და სრულფასოვნად გრძნობს, რადგან ხვდება, რომ მისი შრომა ფასდება. ხვდება, რომ საკუთარი შრომით შეუძლია ღირსეულად იცხოვროს.

„თუ მუშაობ საათობრივად, ანაზღაურებას იღებ ასევე საათობრივად. ზედმეტს არავინ არაფერს არ გავალებს.

არ მესმის იმ ხალხის, ვინც იძახის ევროპაში გარყვნილებააო. ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავ, რაც მესმის ჩვენი ქვეყნიდან ევროპის შესახებ. ევროპიდან ფული გვინდა, მაგრამ ევროპა არ გვინდა?

მე თუ რამეს მივაღწიე, ჩვენი ქვეყნიდან რომ წავედი, აქ, ევროპაში შრომით მივაღწიე. იმიტომ, რომ აქ შრომა ფასდება. ამიტომ მომწონს ევროპა.

საქართველოში მქონდა სამსახური, ხულოში საკრებულოში ვმუშაობდი, გამგეობაშიც ვმუშაობდი, ბევრი სამუშაო ადგილი გამოვიცვალე, მაგრამ ანაზღაურება იყო იმდენად დაბალი, შედარებაც კი შეუძლებელია. არ ვიცი რას უნდა შევადარო, ვერ შევადარებ. ეგ შეუძლებელია. 12 წელი ვმუშაობდი საკრებულოში და ბოლოს მქონდა 600 ლარი ყველაზე მაღალი ხელფასი. ახლა რამდენია არ ვიცი ანაზღაურება, მაგრამ მაინც არ შეიძლება შედარება. ჩემი აქაური ხელფასი ახლა მანდ მინისტრის ხელფასზე მაღალიც კია.

შვეიცარია კი, ძვირადღირებული ქვეყანაა, მაგრამ ანაზღაურებაც შესაბამისია. დაცულობის შეგრძნებაც მაღალია. ერთი მაგალითი მახსენდება. რესტორანში, სადაც ვმუშაობ, ერთ-ერთი დასაქმებული ავად გახდა. როგორც ჩემმა მენეჯერმა ამიხსნა, როდესაც დასაქმებული ავად ხდება, იმას ხელფასი ჩვეულებრივ ეძლევა. გარდა ამისა, უფინანსდება საავადმყოფოს ხარჯები – ოპერაცია დასჭირდება, წამლები თუ სხვა, ყველაფერი აქვს უფასო,“ – ამბობს მანანა.

მანანა მახარაძის თქმით, ევროპა არ შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ცალკე, განყენებული ტერმინი. ევროპა ნიშნავს მაღალ პენსიას, ჯანდაცვაზე სრულ ხელმისაწვდომობას, მაღალ შრომით ანაზღაურებას და რაც მთავარია, უსაფრთხო, მშვიდ და დაცულ ქვეყანაში ცხოვრებას.

„შვეიცარიაში 3 ათასი ფრანკიდან იწყება პენსია. ერთ მოხუც ქალს ვიცნობ, რომელსაც არასდროს არსად უმუშავია. მისი პენსია არის 3000 ფრანკი. ვინც მუშაობდა და გადასახადებს იხდიდა, მათი პენსია გაცილებით მაღალია.

რესტორნაში, სადაც მზარეულის დამხმარედ ვმუშაობ, კლიენტები გვყავს პენსიონერები. როცა ვკითხე ჩემს უფროსს, უფრო მეტი პენსიონერი რატომ შემოდის, ვიდრე ახალგაზრდა-მეთქი, აქ ყველაზე მდიდრები პენსიონრები არიანო, მითხრა. პენსიონერებს აქვთ იმდენად მაღალი პენსია, არავის მოვლა არ სჭირდებათ, იქეთ მიხედავენ სხვებსო.

რომ ვუყურებ აქ მოხუცები დაცულები და მოვლილები არიან. სულ ვხედავ ფიტნეს კლუბში დადიან, რომლის თანხასაც სახელმწიფო იხდის. იქიდან მერე მოდიან ჩვენთან რესტორანში და საჭმელს ჭამენ.

საავადმყოფო უფასო აქვთ. ყველანაირად უწყობს ხელს სახელმწიფო, რომ უკეთ იყვნენ და უკეთაც გამოიყურებიან,“ – ამბობს მანანა.

მანანას თქმით, ახლა შვეიცარიაში იმისთვის შრომობს, რომ „ღიმილიანი სიბერე ჰქონდეს საქართველოში“.

„ჩემი ორივე შვილი მუშაობს საქართველოში. დაამთავრეს უნივერსიტეტები და მუშაობენ. აქ მკითხეს, სად მუშაობენ და რამდენი აქვთ ხელფასიო. ეცინებათ, რომ ვამბობ. არ სჯერათ, რომ ამდენად დაბალი ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს ახალგაზრდას. ისე არ სჯერათ ამათ ჩვენი მდგომარეობა, როგორც ჩვენ მათი მდგომარეობა არ გვჯერა. რადგან აქ სახელმწიფო ქმნის პირობებს ღირსეული ცხოვრებისთვის. ახალგაზრდებისთვისაც, საშუალო ასაკის ხალხისა და მოხუცებისთვისაც.

მინდა აქ მუშაობით ჩემი სიბერისთვის რაღაცა შევქმნა. მე თვითონ ვიქმნი პირობებს, რომ როცა საქართველოში ჩამოვალ, სიბერე მაინც მქონდეს ღიმილიანი. ჩემი ოჯახის იმედი მაქვს, მაგრამ მინდა მე თვითონ შევუქმნა ჩემს თავს ეგეთი პირობები“.

მანანა მახარაძის თქმით, მისთვის და არამარტო მისთვის, ემიგრაციაში მყოფთა დიდი ნაწილისთვის, მტკივნეული თემაა რუსული კანონი, რომელსაც 3 ივნისს მოაწერა ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში.

რუსული კანონი პრობლემას ქმნის იმის გამოც, რომ ემიგრანტები, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, ნამუშევარ თანხას საქართველოში აგზავნიან და ცდილობენ ევროპაში შრომით შეიქმნან საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების პირობები. რუსული კანონის პირობებში, კი ყველაფერი საფრთხის ქვეშ დადგა – მათ შორის ქვეყნის ევროპული მომავალი.

„ყველაზე მეტად იცი კიდევ რა მომწონს ევროპაში? თავისუფლება. უსაზღვრო თავისუფლების შეგრძნება. ამიტომ განსაკუთრებით მტკივნეული თემაა ჩემთვის რუსული კანონი.

რუსული კანონი ვისთვის იქნება მისაღები, ჩემთვის რომ იყოს? არანაირად არ არის მისაღები. ძალიან ვწუხვარ, ძალიან მტკივა და იმედია ყველაფერი შეიცვლება. ცოტა დარჩა არჩევნებამდე. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს ხალხზე. იმედია ევროპისკენ ვივლით, სწორი გზით ვივლით და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა.

ოღონდ ერთად უნდა ვიყოთ. აი, როგორც ფეხბურთის დროს გავერთიანდით, როგორ ვიყავით ერთად, გამოჩნდა ერთად რა შეგვიძლია. ეგრე თუ გავერთიანდებით ოქტომბერში არჩევნებზე, თუ არ იქნება მოსყიდვა, ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ რომ შეგვიძლია, ეგრე ვის შეუძლია?

სადაც კი მიმუშავია, ყველგან არის მოთხოვნა ქართველზე. იცით რატომ? ქართველი რომ აკეთებს, იმას არცერთი ერი არ აკეთებს. ვირულად ვშრომობთ. ზოგჯერ ვაკეთებთ იმას, რაც გვევალება და რაც არ გვევალება. ჩვენ რომ შეგვიძლია იმას, ვერც ევროპა შეძლებს და ვერც აზია.

როცა ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ერთიანობა და მაგ დროს გავერთიანდებით ყველა, ევროპასაც გავუსწრებთ და აზიასაც.

ევროპისკენ მინდა-მეთქი როცა ვამბობთ, ვგულისხმობთ, რომ ჩვენი შვილების სიკეთე გვინდა. ჩვენი ახლობლების. ჩემი ასაკის ხალხი ნახევარზე მეტი ევროპაშია წასული და მიმოფანტული. საქართველოში ჩვენი შვილები დარჩნენ, აქ წამოვედით იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს კარგი მომავალი ჰქონდეთ.

სწორედ მათი მომავლისთვის უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, თორემ მარტო ჩემთვის კი ვარ წამოსული და კი ვმუშაობ. ჩვენი შვილებისთვის უნდა გავაკეთოთ,“ – ამბობს მანანა.

მანანა შვეიცარიაში მყოფ სხვა ემიგრანტ ქალებთან ერთად გეგმავს 26 ოქტომბრის არჩევნებზე წასვლას, რადგან ფიქრობს, რომ ახლა ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია.

„საკრებულოდან განაწყენებული და გულნატკენი წამოვედი. შემცირებაში მომაყოლეს და ისე გამომიშვეს. ამიტომ საერთოდ პოლიტიკა აღარ მაინტერესებდა წლები. ჩემ მსგავსად იყო ალბათ ბევრი. და რა მივიღეთ ამ ჩვენი „არ დაინტერესებით“?

მივიღეთ ის, რომ მთავრობაში გვყავს ხალხი, რომლებიც უმრავლესობას არ გვინდა, მაგრამ ისინი არიან მაინც.

ამიტომ ყველა უნდა დავირაზმოთ და მივიდეთ არჩევნებზე, რადგან მე რომ არ მივალ, შენ რომ არ მიხვალ, ვიღაცა რომ არ მივა, ჯამში 4 კაცი მივა, მაგრამ ისეთი იქნება ის 4, ვისაც აწყობს „ოცნების“ დარჩენა. შესაბამისად, ისევ ის დარჩება ხელისუფლებაში, ვინც არ გვინდა.

სწორედ ამიტომ უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე.

შვეიცარიაშიც არის საარჩევნო უბანი, აქ ქართველი გოგოები ცხოვრობენ და გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებზე მისვლა. მეც ვგეგმავ. ყველაზე მეტად ჩვენ გვტკივა ემიგრანტებს, ამიტომ მივალთ იქ, სადაც საჭიროა,“ – ამბობს მანანა.

მანანას თქმით, ის ხშირად კონტაქტობს ახლობლებთან. ადრე თუ ერიდებოდა პოლიტიკაზე საუბარს, ახლა ასე აღარ იქცევა.

„იყო დრო, როდესაც ვუფრთხილდებოდი – ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ამხანაგი, ვინმეს არ ვაწყენინო, რამეში ხელი არ შევუშალო. მაგრამ მერე იცვლება ყველაფერი, როცა ოჯახს ტოვებ, ქვეყნიდან გადიხარ, მძიმე სამუშაოს ასრულებ, მოიხედავ და ის ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეგობარი შენს გვერდით არაა. ამიტომ ყველამ ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ და ის ვაკეთოთ, რაც სწორად მიგვაჩნია.

სრული თავისუფლება მივანიჭე ჩემს თავს, ასე არიან ჩემი შვილებიც. აქციებიდან ერთი პლაკატი შეიძლება დაგამახსოვრდათ –  „დედაჩემის ჩუსტი მოგხვდება მე თუ რამეს დამიშავებო“. ჩემს შვილს ეკუთვნოდა.

მე ვმუშაობ, შრომას არ ვთაკილობ. არაფრის მეშინია. ჩემი ქვეყნისთვის რაც გასაკეთებელი იქნება გავაკეთებ. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ 12 წელი გავიდა. საკმარისია ეს დრო იმისთვის, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს. იმედია შეიცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ,“ – ამბობს მანანა.

მანანა მახარაძეს ვთხოვეთ აღეწერა, რას ნიშნავს მისთვის ევროპა და რატომ ირჩევს ევროპას. მისი ვერსია ასეთია:

„პირველ რიგში თავისუფლებაა ევროპა. არასდროს არსად არ მიგრძვნია ისეთი თავისუფლება, როგორიც აქ. თურქეთშიც ხომ ვმუშაობდი, არც შევადარებ.

თანასწორობის განცდა გაქვს, აქ ზემოდან არავინ გიყურებს. ჩემი უფროსი ახლა წასულია, მე ჩამაბარეს რესტორანი. ბარიდან სულ შემოდიან და მეკითხებიან, რამეში ხომ არ უნდათ დახმარება. აქაური ცხოვრების მაქაურობასთან შედარებაც კი წარმოუდგენელია“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: